როგორ აქცია 22 წლის აბრამი თუშეთის სიყვარულმა სოციალურ მეწარმედ
დეკემბერი 7, 2022

როგორ აქცია 22 წლის აბრამი თუშეთის სიყვარულმა სოციალურ მეწარმედ


კახეთში, სოფელ ზემო ალვანში, ძველ თუშურ სახლში ახლად დაფქული ყავის სასიამოვნო სუნი ტრიალებს. დედა-შვილი, თამარი და აბრამი, საღამოს სტუმრებს — ბელგიელ ტურისტებს ელოდებიან.

ეზოში ძველი თუშური ფარდაგია გაფენილი. ვიღაცას მასზე თეთრი ძაფით „ოფელია და კალანე“ ამოუქარგავს.

„ოფელია ბებიაჩემი იყო, მამის დედა, კალანე კი პაპაჩემის ძმის ცოლი. ოფელია და კალანე ძმების ცოლები იყვნენ და ეს ფარდაგი მათ მოქსოვეს“, — გვეუბნება აბრამი.

ეს სახლი აბრამის დიდმა პაპამ ააშენა:

„როდესაც ბოლშევიკები მოვიდნენ, მათ ჩემი პაპა და ბებია გააკულაკეს და საკუთრება ჩამოართვეს. ჩამორთმეული სახლი სოფლის სამმართველოდ გადააკეთეს. ბებომ მითხრა, რომ 10 წლის შემდეგ, როდესაც ისინი დაბრუნდნენ, ყველა ოთახში სტალინის და ლენინის პორტრეტები ეკიდა. ბაბუაჩემმა თქვა, სანამ ისინი კიდია, სახლში არ შევალო“.

აბრამი მთელი ბავშვობა ბოლშევიკების და მათ მიერ დატრიალებული არეულობის ამბებს უსმენდა. ოფელია, რომელიც თუშეთის მთიან სოფელ დართლოში დაიბადა და ველზე პირველად 14 წლის ასაკში ჩამოვიდა, ასევე ძალიან ბევრს უყვებოდა აბრამს თუშეთზე.

ამან გაუღვიძა აბრამს განსაკუთრებული ინტერესი თუშეთის ისტორიის მიმართ და შეაყვარა ეს მხარე. 12 წლის აბრამმა სახლში მუზეუმის მოწყობა გადაწყვიტა. ეს ამბავი პირველად ბებიას უთხრა. ოფელიას შვილიშვილის იდეა ძალიან მოეწონა.

ბებიამ და შვილიშვილმა, ოჯახის სხვა წევრების დახმარებით, სახლის უკან, ერთი ოთახი გაათავისუფლეს. მუზეუმში გამოსაფენად ნივთები სოფლებში, ზემო და ქვემო ალვანში შეაგროვეს. ბებიამ მუზეუმისთვის თავისი მზითევი, ძველი თუშური ვერცხლეულიც გადმოალაგა  –  ქალის მოსართავები, კაცის საღილეები, საქამრეები და ცხენების აღკაზმულობა.

„როდესაც ბოლშევიკები შემოვიდნენ, ეს სამკაულები კედელში დაუმალავთ და ასე გადაარჩინეს“,  –  გვიყვება აბრამი. 

10 წლის შემდეგ კი, როდესაც იდიძეების საგვარეულო პირველი საოჯახო მუზეუმი უკვე გახსნილი იყო, საქართველოში ტურიზმის განვითარებაც დაიწყო. ამ დროისათვის მუზეუმი რამდენიმე წლის გახსნილი იყო და რეგიონში ტურები თანდათან უფრო პოპულარული ხდებოდა. აბრამის მუზეუმს სტუმრები არ აკლდა, მათ შორის უცხოელი ტურისტებიც იყვნენ.

სკოლის დამთავრების შემდეგ აბრამმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტზე ჩააბარა და საცხოვრებლად თბილისში გადავიდა.

მალევე, ქვეყანაში კორონავირუსის პანდემია დაიწყო. უნივერსიტეტი დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა, მეორე კურსის სტუდენტი აბრამი კი ზემო ალვანში დაბრუნდა.

„სოფელში ვიჯექი და ვფიქრობდი, რა გამეკეთებინა, როდესაც შემთხვევით ინტერნეტში კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) საკონკურსო გრანტებს წავაწყდი სოციალური მეწარმეებისთვის“.

2020 წლის გაზაფხულზე CENN-მა, ევროკავშირის მხარდაჭერით, EU4Youth პროგრამის ფარგლებში კავკასიაში სოციალური ინოვაციების საგრანტო კონკურსი – „სოციალური მეწარმეობის ეკოსისტემის განვითარება (SEED) მწვანე ზრდისათვის“ გამოაცხადა.

განაცხადის შეტანიდან ცოტა ხნის შემდეგ აბრამს დაურეკეს და შეატყობინეს, რომ მეორე ეტაპზე გადავიდა და ბაკურიანში ტრენინგზე უნდა წასულიყო.

ბაკურიანში პროექტის მონაწილეებმა სხვადასხვა სფეროში მენტორებთან ერთად მუშაობის საფუძვლები აითვისეს. მათ ასევე ისწავლეს, როგორ ექციათ იდეა ბიზნესად და როგორ დაეწერათ ბიზნესგეგმა.

„ტრენინგამდე ციფრებიდან ძალიან შორს ვიყავი. პირველად მეგონა, ვერ შევძლებდი — ვერ გავიგე ბიზნესგეგმა, ბიუჯეტი და პროგრამა ‘ექსელი’. მეგონა, აქედან არაფერი გამოვიდოდა“, — იხსენებს აბრამი.

ბაკურიანიდან დაბრუნების შემდეგ მან ბიზნესგეგმა შეადგინა და იმაზე დაიწყო ფიქრი, თუ რა იქნებოდა პროექტის სოციალურად მნიშვნელოვანი მხარე. აბრამი ორი მიმართულებით მუშაობდა: მას საკუთარი სახლის საოჯახო სასტუმროდ გადაკეთება და ზემო ალვანში მცხოვრები ახალგაზრდა გიდების ტრენინგი სურდა.

იდიძეებს ზემო ალვანში ორსართულიანი სახლი ჰქონდათ, მაგრამ მას რემონტი ესაჭიროებოდა. თამარი, აბრამის დედა ამბობს, რომ EU4Youth პროგრამის ფინანსური მხარდაჭერის გარეშე ისინი ჩანაფიქრს ვერ განახორციელებდნენ.

„მიღებული ფულით ჩვენი სახლის მეორე სართული სრულად გავარემონტეთ, გავაკეთეთ სააბაზანო, ვიყიდეთ სამზარეულოს აღჭურვილობა და სახლი საოჯახო სასტუმროდ გადაიქცა“, — გვეუბნება თამარი.

აბრამის ძირითადი მიზანი სოფლის ახალგაზრდების გიდებად მომზადება იყო. ის ამბობს, რომ ბევრი — მათ შორის გიდები — მასავით კარგად არ იცნობდა თუშეთის ისტორიას და, რა თქმა უნდა, ინგლისურიც არავინ იცოდა. არადა, მას შემდეგ, რაც ბოლო წლებში თუშეთი ტურისტულ რუკაზე გამოჩნდა, მისი, როგორც ტურისტული ადგილის, პოპულარობა განსაკუთრებით გაიზარდა. შედეგად, შესაბამის სეზონზე აქ ბევრი უცხოელი ტურისტი ჩამოდის.

აბრამმა გადაწყვიტა, გიდებისთვის ინგლისური და თუშეთის ისტორია ესწავლებინა:

„თუშეთის მშვენიერება მის ისტორიაშია. ასე რომ, მიზნად დავისახე, ჩემს პროექტში მონაწილე ახალგაზრდა გიდები თუშეთის სიყვარულით ’დამეავადებინა’. ჩვენ, თუშებს, თუშეთი სხვანაირად გვიყვარს, მის გარეშე სიცოცხლე არ შეგვიძლია. თუნდაც თუშეთში არ ვიყოთ, ჩვენი გული მაინც იქ არის“.

გარდა ამისა, აბრამმა და მისმა მეგობარმა შექმნეს გიდების ტრენინგის სპეციალური მოდული, მოიძიეს მასალები, გამოაცხადეს მსურველთა მიღება და პირველი ჯგუფის ტრენინგი დაიწყეს.

ივნისში აბრამმა და თამარმა პირველი სტუმრები, ჩეხეთის რესპუბლიკიდან ჩამოსული ტურისტები მიიღეს. მათი სასტუმრო „ალონი“ 10 ადამიანზეა გათვლილი.

მეორე სართულზე, სასტუმროს ჰოლში, აწყვია ნაქსოვი თუშური წინდები და წიგნები ქართულ და ინგლისურ ენებზე. იქვე ძველი ფირსაკრავი დგას. თუშეთში მოგზაურობამდე ტურისტები ამ რეგიონის მომხიბვლელობას სასტუმროს კომფორტული გარემოდან ეცნობიან. სტუმრების მომსახურება თამარის საქმეა. აბრამი გიდების ტრენინგს ხელმძღვანელობს.

პირველი ხუთი გიდი უკვე მომზადებულია. პანდემიის გამო ტრენინგი დისტანციურად ჩატარდა. აბრამმა მომავალ გიდებს თუშეთის ისტორია და თუშეთის ცხოვრების წესი გააცნო. მისი მეგობარი კი მათ ინგლისურს ასწავლიდა. ახლა ხუთივე ზემო ალვანელი ახალგაზრდა მუშაობს და პირველ ტურებს უძღვება.

მომავალ წელს აბრამი კიდევ ხუთი გიდის მომზადებას გეგმავს. მისი აზრით, ეს როგორც თუშეთის, ისე ზემო ალვანისათვის იქნება სასარგებლო.

აბრამს ბევრი სხვა გეგმაც აქვს — და ყველაფერი თუშეთსა და მის ისტორიას უკავშირდება. მას უნდა, წვლილი შეიტანოს წოვათუშური ენის გადარჩენაში. ჩეჩნურის მონათესავე ამ ენას დამწერლობა არ აქვს და მასზე ზემო ალვანში წოვათუშები ლაპარაკობენ. ეს ინიციატივა პროექტის სოციალურ და საგანმანათლებლო მნიშვნელობას გააძლიერებს.

აბრამს სურს, მისი ბიზნესი სტაბილური იყოს და სასტუმრომ ყველა სეზონზე იმუშაოს:

„მინდა, ჩვენი სასტუმრო მთელი წლის განმავლობაში მუშაობდეს. ამიტომ მომავალში ღვინის ტურიზმზე მუშაობას ვგეგმავ. სახლში სარდაფს გავაკეთებთ და ღვინის წარმოებას დავიწყებთ“.

ავტორი: ნინო ნარიმანიშვილი

ფოტო: JAMnews

სტატია გამოქვეყნებულია Jam-news.net-ზე



ყველაზე წაკითხული



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,