საზოგადოებრივი აზრის ყოველწლიური კვლევის 2026 წლის შედეგებით, ქართველთა მნიშვნელოვანი უმრავლესობა (71%) კვლავ ემხრობა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას, ხოლო კიდევ უფრო დიდ ნაწილს (79%) სჯერა, რომ ევროკავშირის წევრობა მეტ სარგებელს მოიტანს, ვიდრე ზიანს.
კვლევა 2026 წლის იანვარ-თებერვალში მთელი ქვეყნის მასშტაბით შერჩეულ 1 000-ზე მეტ რესპონდენტთან პირისპირ ინტერვიუების საშუალებით ჩატარდა. EU NEIGHBOURS EAST პროგრამა საქართველოსა და აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონის დანარჩენ ხუთ ქვეყანაში საზოგადოებრივი აზრის კვლევას 2016 წლიდან მოყოლებული ყოველწლიურად ატარებს.
ევროკავშირი ქართველებისთვის კვლავ რჩება ყველაზე სანდო საერთაშორისო აქტორად. კერძოდ, მას გამოკითხულთა 67% ენდობა. თუმცა იკლო იმ ადამიანთა რიცხვმა, რომელთაც მიაჩნიათ, რომ ქვეყანას ევროკავშირთან კარგი ურთიერთობები აქვს (ეს მაჩვენებელი 2025 წელს 63%-ს შეადგენდა, წელს კი 60%-ზე ჩამოვიდა).
მაშინ, როცა გამოკითხულთა უმრავლესობა მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას, 49%-ს სჯერა, რომ საქართველო წევრობისკენ სწორი მიმართულებით არ მიიწევს. 56% კი ამბობს, რომ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და მედიასთან დაკავშირებული ბოლოდროინდელი კანონები უარყოფითად აისახება გაწევრიანების პროცესზე. იმავე დროს, 87% თანხმდება, რომ საქართველომ ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე წინსვლისთვის მეტი უნდა გააკეთოს.
საქართველოსადმი ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერის შესახებ მოქალაქეთა ინფორმირებულობა კვლავ მაღალ ნიშნულზე, 70%-ზე რჩება და გამოკითხულთა თითქმის ნახევარი (48%) ამბობს, რომ ეს მხარდაჭერა ეფექტიანია. მოქალაქეების აზრით, ევროკავშირმა უფრო დიდი როლი უნდა შეასრულოს განათლებისა და უწყვეტი განათლების (38%), ეკონომიკური განვითარებისა და ვაჭრობის (34%) და ჯანდაცვის (33%) მიმართულებებით.
მაშინ, როცა ევროკავშირთან დაკავშირებულ სარგებელზე დადებითი აღქმა კვლავ მაღალია (76% ევროკავშირთან სიახლოვეს ახალ შესაძლებლობებთან აკავშირებს, ხოლო 75% ამბობს, რომ გაწევრიანება ქვეყნის უსაფრთხოებას გააძლიერებს), გამოკითხულთა ყურადსაღები ნაწილი შეშფოთებასაც გამოთქვამს (43% ამბობს, რომ ევროკავშირი საკუთარ ღირებულებებს ახვევს თავს და 51%-ს სჯერა, რომ ევროკავშირს ფარული ინტერესები აქვს).
გამოკითხვამ ასევე ცხადყო, რომ ევროკავშირის შესახებ ინფორმირებულობა შემცირებულია. კერძოდ, მხოლოდ 40% აღნიშნავს, რომ ბოლო პერიოდში გასცნობია ევროკავშირთან დაკავშირებულ ინფორმაციას (ეს მაჩვენებელი 2025 წელთან შედარებით 14 პროცენტული პუნქტითაა დაკლებული). გამოკითხულებმა ასევე გამოთქვეს შეშფოთება დეზინფორმაციაზე, რომელსაც 86% ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხის შემცველად მიიჩნევს.
დამატებითი ინფორმაცია





სხვა საინფორმაციო კამპანიები:
გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?
ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.
ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,