“ქალები ბიზნესში”: ქართულმა კომპანიამ მოგება 7.5%-ით გაზარდა

“ქალები ბიზნესში”: ქართულმა კომპანიამ მოგება 7.5%-ით გაზარდა

მარტი 5, 2019

“ტექინჟინერინგ ჯგუფი” ერთ-ერთი კომპანიაა საქართველოში, რომელმაც პროექტის  “ქალები ბიზნესის” ფარგლებში დახმარება მიიღო. ამ პროექტს ახორციელებს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) ევროკავშირისა და სხვა დონორების მხარდაჭერით.

ირინე გლოველი, რომელიც ამ მხარდაჭერამდე ცოტა ხნით ადრე, 2017 წელს გახდა კომპანიის დირექტორი, ამბობს რომ ქალებისთვის ბიზნესში წარმატება რთულია, თუმცა არა შეუძლებელი:

 “საქართველოში ქალებისთვის მმართველ პოზიციაზე თავის დამკვიდრება გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული, თუმცა პროფესიონალიზმითა და სწორად მიმართული ძალისხმევით ყველაფერია შესაძლებელი. ჩემს შემთხვევაში საკმაოდ სპეციფიკურ სფეროში პირველ ეტაპზე შევეცადე ყველა საკითხი დეტალურად შემესწავლა. თითოეულ ობიექტზე ფინანსური საკითხიდან დაწყებული რთული საინჟინრო გადაწყვეტილებების ჩათვლით ყველა მიმართულებით ვერკვეოდი. რამაც საბოლოო ჯამში შედეგი გამოიღო და დღეს კომპანიის დირექტორი ვარ”.

“ტექინჟინერინგ ჯგუფის” საქმიანობის სფერო საქართველოში ესკალატორებისა და ლიფტების მიწოდება და მონტაჟია. ირინე გლოველის თქმით, კომპანია ჯამში 40 ადამიანს ასაქმებს. მათ თბილისის გარდა ოფისი ბათუმშიც აქვთ. კომპანია არა მხოლოდ ამონტაჟებს, არამედ შემდგომ ტექნიკურ მომსახურეობასაც უწევს კლიენტებს.

  • 02 tech engineering groups director irine gloveli
    Irina Gloveli, director of the company
  • 09 director of techengineeringgroup irine gloveli checks the elevator shaft engineered by her team
    Irina Gloveli checks elevator shaft engineered by her company
  • 19 elevator engine
    Irina Gloveli checks work performed by her company
  • 11 the chief engineer of tech engineering group discusses the project with companys director irine gloveli and engineer otar naskidashvili .jpg
    Irina Gloveli checks work performed by her company

გლოველის თქმით, EBRD-ის პროგრამა საბუღალტრო მიმართულებით დაეხმარა, რაც ფინანსური აღრიცხვის მოწესრიგებას და ერთიან სისტემაში მოქცევას გულისხმობდა.

“გრანტი მივიღეთ რომ გაგვეკეთებინა 2013-2016 წლების ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების შემოწმება პროგრამა ORIS-ში. ამასთანავე კონსულტაცია და რეკომენდაციები მივიღეთ ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების წარმოებისათვის საფინანსო აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად,” – ამბობს ირინე გლოველი.

EBRD-მა პროგრამის მთლიანი ღირებულების 60% დააფინანსა, რაც დაახლოებით 18 000 ლარია. როგორც ის ამბობს იმ პერიოდში კომპანიას ამ თანხის გადახდის საშუალება არ ჰქონდა.

“რაც უფრო მოწესრიგებულია, სტანდარტიზებულია ჩვენი მთლიანი საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების სისტემა, პარტნიორებისათვის მეტად სანდო და მარტივია ურთიერთობა,”- ამბობს ირინე გლოველი.

მისი თქმითვე, პროგრამის წარმომადგენელი “ტექინჟინერინგ ჯგუფის” ფინანსისტებისა და მენეჯერების ჯგუფთან დაახლოებით ორი თვის განმავლობაში მუშაობდა.

კომპანიის დირექტორის თქმით, EBRD-გან მიღებული დაფინანსებით, რითაც ფინანსური აღრიცხვის მოწესრიგება შეძლეს, კომპანიის მოგება 7.5%-ით გაიზარდა. გარდა ამისა, 2017 წლის შემდეგ, კომპანიის კორპორატიული კლიენტების რაოდენობა 10%-თ არის გაზრდილი.

ირინე გლოველი იმ ქალებს, რომელებსაც პროექტის “ქალები ბიზნესის” ფარგლებში დაფინანსების მიღება უნდათ, ურჩევს, რომ განაცხადის შევსებამდე კარგად განსაზღვრონ კომპანიის საჭიროებები.

“მიუხედავად იმისა, რომ EBRD-ის წარმომადგენლები კონსულტაციის სახით დაეხმარებიან და ურჩევენ რა მიმართულებით სჭირდებათ თანხა, სასურველია, აპლიკაციის საშუალებით უფრო ზუსტად განისაზღვროს ყველაზე მეტად რა მიმართულებით ესაჭიროება კომპანიას ფინანსური მხარდაჭერა”.

  • 03 sales executive anton shavtvaishvili and sales manager alexi gagoshidze discuss ongoing projects with tech engineering groups director irine gloveli
    Irina Gloveli discussed ongoing projects with her colleagues
  • 04 tech engineering groups director irine gloveli and companys sales executive anton shavtvalishvili
    Irina Gloveli discusses a project with colleague

Business Lens რაზეც ირინე გლოველი საუბრობს EBRD-ის პროექტის ფარგლებში შექმნილი აპლიკაციაა , რომელიც კითხვარის დახმარებით, გამოავლენს, თუ როგორ იმართება თქვენი ბიზნესი შვიდ ძირითად ასპექტში: ფინანსური მენეჯმენტი და ეფექტურობა, ბაზრის ცოდნა, მარკეტინგი და გაყიდვები, ადამიანური რესურსები, სტრატეგია და ორგანიზაცია, რისკების მართვა და ოპერირება.

კითხვარის შევსების შემდეგ, Business Lens შექმნის ანგარიშს, სადაც ნაჩვენები იქნება თქვენი შედეგები და ის ხარვეზები, რაც კომპანიას ამ კომპონენტებში შეიძლება ჰქონდეს.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პროგრამა „ქალები ბიზნესში“ 20-ზე მეტ ქვეყანაში ხორციელდება. პროგრამა თანამშრომლობს იმ მცირე და საშუალო ზომის საწარმოებთან, რომლებსაც ქალები ხელმძღვანელობენ, ამით EBRD მხარს უჭერს ქალთა ჩართულობას ბიზნესში. საქართველოში პროგრამის თანადამფინანსებლები არიან ევროკავშირი მისი EU4 ბიზნეს ინიციატივის ფარგლებში, შევედეთი, ადრეული ტრანზიციის ქვეყნებისა და მცირე ბიზნესის გავლენის ფონდები.

მარიამ ვარადაშვილი

Article published by Netgazeti.ge in Georgian.



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის B&S ევროპის კონსორციუმი.

ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით.
© European Union,