როგორ გავხადოთ კომპანია მეტად ეკომეგობრული?

ივნისი 3, 2021

  • რატომ უნდა გახდეს ჩემი კომპანია მეტად ეკომეგობრული?
  • რატომ უნდა დავნერგო რესურსეფექტური და სუფთა წარმოების მეთოდები?
  • როგორ ამცირებს რესურსეფექტური და სუფთა წარმოება ხარჯებს?
  • როგორ დავნერგო რესურსეფექტური და სუფთა წარმოების მეთოდები?
  • რა სახის მხარდაჭერის მიღება შეუძლიათ კომპანიებს?
  • როგორ შემიძლია „მწვანე“ ტექნოლოგიების საქართველოში გამოყენება?
ბარათი %1 %2-დან

რატომ უნდა გახდეს ჩემი კომპანია მეტად ეკომეგობრული?

წარმოებისადმი ეკომეგობრული მიდგომა იმის ნიშნია, რომ კომპანია თავის საქმიანობას პასუხისმგებლობით ეკიდება. მას, ამასთან, ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი პრაქტიკული სარგებელიც მოაქვს. უპირველეს ყოვლისა, ის წარმოების საერთო ხარჯებს  ამცირებს, ლოგისტიკას და ენერგომოხმარებას კი მეტად ეფექტიანს ხდის.

გარდა ამისა, ის კომპანიებს საშუალებას აძლევს, წარმოება გარემოზე მინიმალური ზემოქმედებით გააფართოონ. ეკოლოგიური სტანდარტებისა და ბაზრის მოთხოვნების დაცვა კი მომხმარებლებთან და პარტნიორებთან კარგი ურთიერთობების ჩამოყალიბებასაც უწყობს ხელს.

მთლიანობაში, ყველა ეს სარგებელი კომპანიებს არა მხოლოდ ეროვნულ, არამედ საერთაშორისო ბაზრებზეც მეტად კონკურენტუნარიანს ხდის.

მაგალითად, ევროკავშირის მხარდაჭერის შედეგად აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების 357 მცირე და საშუალო საწარმოსა და ორგანიზაციისთვის რესურსეფექტური და  სუფთა წარმოების 2000-მდე ღონისძიება გატარდა. მიღებულ ზომათა  უკუგების პერიოდი 5 წელზე ნაკლებია. ეს კომპანიებს წლიურად 10 მილიონამდე ევროს დაზოგვაში დაეხმარება. ასევე შეიძლება დაიზოგოს:

​​​​​​• 158 გიგავატ/საათი ენერგია — ეს ენერგიის ის რაოდენობაა, რამდენსაც  ევროკავშირის   43,000 საშუალო ზომის (2-3-წევრიანი) ოჯახი მოიხმარს ყოველწლიურად;

• 1,394,490 კუბური მეტრი წყალი — ეს წყლის ის რაოდენობაა, რამდენსაც ევროკავშირის 12,563 საშუალო ზომის ოჯახი მოიხმარს ყოველწლიურად;

• 44,210 ტონა ნედლეული

ეს ღონისძიებები ასევე ხელს უწყობს CO2-ის ემისიის წელიწადში 81,115 ტონით შემცირებას (რაც, დაახლოებით, 17,644 საშუალო ზომის ავტომანქანის გამონაბოლქვის ტოლფასია) და  მყარი ნარჩენების 22,694 ტონით შემცირებას (რაც, დაახლოებით, ევროკავშირის 4,364 მოქალაქის მიერ წარმოებული ნარჩენების ტოლფასია).

ამგვარად, რესურსეფექტიანობა აჩქარებს ტექნოლოგიურ ინოვაციებს, ქმნის მწვანე სამუშაო ადგილებს, აწვდის მომხმარებლებს მეტად ეკომეგობრულ პროდუქტებს, ხსნის ახალ საექსპორტო ბაზრებს და აჩენს ბიზნესის ახალ პერსპექტივებს ადგილობრივი კომპანიებისთვის.

COVID-19-ის პანდემიამ ბევრი ბიზნესი დააზარალა. რამდენიმე სექტორის საქმიანობა შეჩერდა კიდეც, რამაც უპრეცედენტო მასშტაბის გავლენა მოახდინა ეკონომიკაზე. ამ კონტექსტში უმიზნო დანახარჯები ბიზნესისთვის ერთიორად სახიფათოა. სწორედ ამიტომ ხარჯების შემცირებისა და ხარისხის გაუმჯობესების მიზნით შრომითი პროცესების, ნედლეულის, ენერგიის და წყლის დანახარჯის ოპტიმიზაცია მრეწველობის სხვადასხვა დარგის სწრაფად აღდგენისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. რესურსეფექტური და სუფთა წარმოება ამ პროცესის განუყრელი ნაწილია, რადგან ის წარმოებიდან მაქსიმალური სარგებლის მიღების გზად შეზღუდული რესურსების გააზრებულად გამოყენებას სახავს. პროცესების უკეთესი კონტროლი, გაუმჯობესებული სამუშაო პირობები, ქიმიკატების უსაფრთხო მართვა, უახლესი ტექნოლოგიების დანერგვა, ენერგოეფექტიანობა, ნარჩენების შემცირება და ხელახალი გამოყენება, ეკომეგობრული პროდუქტების ინოვაციური გზებით შექმნა და სხვა მსგავსი პროცესები რესურსეფექტური და სუფთა წარმოების ის სტრატეგიებია, რომლებიც ბიზნესებს ძალების აღდგენაში ეხმარება.

ეფექტიანი და სუფთა წარმოების პრაქტიკა, ტექნოლოგიები და ინდუსტრიული სიმბიოზი (როცა ერთი საწარმოს ნარჩენები მეორის რესურსი ხდება) ეკომეგობრული საქმიანობისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯებია. სწორედ ამ მიმართულებით მუშაობს პროგრამა EU4Environment, რომლის მიერ განხორციელებული ეკოინდუსტრიული პარკების საპილოტე პროექტის შესახებ ინფორმაციის ხილვა აქ შეგიძლიათ.

რატომ უნდა დავნერგო რესურსეფექტური და სუფთა წარმოების მეთოდები?

რესურსეფექტური და სუფთა წარმოების მეთოდოლოგია მრავალგვარი მიზნით გამოიყენება: მისი მეშვეობით შესაძლებელია თავად პროდუქტის განახლება ან თუნდაც  წარმოების პროცესების მართვის და ტექნოლოგიის გაუმჯობესება. ყველა ეს ნაბიჯი ურთიერთდაკავშირებულია: მთლიანი პროცესი კომპანიებს საშუალებას აძლევს, ნარჩენები გადაამუშაონ და რესურსები ხელმეორედ გამოიყენონ.

რესურსეფექტური და სუფთა წარმოების საფუძველზე შესრულებული ანალიზი საწარმოს ეხმარება, განსაზღვროს ის ნაბიჯები, რომლებიც მისი საქმიანობის მდგრად განვითარებას შეუწყობს ხელს. ამაში შედის:

  • ნედლეულის და ენერგიის წყაროების საგულდაგულოდ შერჩევა (განახლებადი ენერგიისთვის პრიორიტეტის მინიჭებით);
  • საწარმოო პროცესების გაუმჯობესება პასუხისმგებლობიანი მართვის, ეფექტიანი ოპერაციების და ინოვაციური და ეკოლოგიურად სუფთა ტექნოლოგიების საშუალებით;
  • ტოქსიკური და სახიფათო მასალათა მოსპობა ან შემცირება;
  • ნარჩენების, ჩამდინარე წყლების და ემისიის შემცირება;
  • ნარჩენების შეფასება და მათი გამოყენების მიზნით კომპანიებს შორის თანამშრომლობა.

გამოცდილებით მტკიცდება, რომ რესურსეფექტური და  სუფთა წარმოების მეთოდების 60%-ზე მეტის დანერგვა საჭიროებს მცირე ხარჯებს ან უკუგების შედარებით მოკლე პერიოდს (რამდენიმე თვიდან სამ წლამდე). ამ მეთოდთა დახმარებით კომპანიები დამატებითი ხარჯების გარეშე ახერხებენ მოგების სწრაფად მიღებას და დანაზოგის დაგროვებას.

ეკონომიკური სარგებლის გარდა, ამ პრაქტიკის შედეგები კომპანიების საქმიანობის ეკოლოგიურ და სოციალურ მაჩვენებლებს ზრდის, რაც, თავის მხრივ, ბაზარზე მათ იმიჯს აუმჯობესებს. მისი მეშვეობით კომპანიებს ეროვნული და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მიერ შეთავაზებულ იმ მწვანეკრედიტებზე წვდომაც უადვილდებათ, რომლებსაც მაღალხარჯიანი სამეწარმეო მეთოდების დასანერგად გასცემენ. ამასთან, რესურსეფექტური და სუფთა წარმოება კომპანიებს იმ ფინანსურ მექანიზმებთან აკავშირებს, რომელთა მიზანიც სათბური აირების ემისიის შემცირებაა. ეს კი, თავის მხრივ, საწარმოებს ენერგოეფექტიანობის გაუმჯობესების და განახლებად ენერგიაზე გადასვლის შესაძლებლობას აძლევს.

როგორ ამცირებს რესურსეფექტური და სუფთა წარმოება ხარჯებს?

რესურსეფექტური და სუფთა წარმოება საერთაშორისოდაა აღიარებული რესურსების ოპტიმიზაციის საშუალებად  ყველა ტიპის საქმიანობისას:

  • საწარმოო პროცესებში რესურსეფექტური და სუფთა წარმოების გამოყენება, ერთი მხრივ, ნედლეულის, წყლის და ენერგიის დაზოგვას უდრის. მეორე მხრივ კი, მისი მეშვეობით ისპობა ტოქსიკური და სახიფათო მასალები, ხოლო ემისია და ნარჩენები უშუალოდ მათი წარმოქმნის ადგილას მცირდება.
  • პროდუქტის დამზადებისას რესურსეფექტური და სუფთა წარმოება იმ რესურსებზე მოთხოვნას აანალიზებს, რომლებიც ღირებულებათა ჯაჭვის შექმნისას და ნაწარმის სასიცოცხლო ციკლის განმავლობაშია საჭირო. ის ხელს უწყობს ეკოდიზაინის იმ პრინციპების დამკვიდრებას, რომლებიც ზრდის პროდუქტის გამოყენების ხანგრძლივობას და აუმჯობესებს მის გამძლეობას და/ან განახლების უნარს. ეს კი, თავის მხრივ, პროდუქტის გარემოზე უარყოფით გავლენას ამცირებს.
  • მომსახურების სექტორში  რესურსეფექტური და სუფთა წარმოება ნერგავს მართვის იმ პრაქტიკასა და ტექნოლოგიებს, რომლებიც შენობებსა და სატრანსპორტო საშუალებებში ენერგიაზე მოთხოვნას ამცირებს. ამის შედეგად, კომპანია შესყიდვებს მეტი პასუხისმგებლობით წარმართავს, ნარჩენებს მინიმუმამდე ამცირებს და გადამუშავების პროგრამებს ნერგავს. მართვის, ტექნოლოგიის და ლოგისტიკის ამ მეთოდებით გაუმჯობესება ის გზაა, რომელიც  კომპანიას ეკომეგობრულ საქმიანობაში რთავს და უნარჩენო წარმოების პრაქტიკას ამკვიდრებინებს.

აგალითად, იმის დადგენით, თუ საიდან და რატომ წარმოიქმნება ნარჩენები, საკონდიტრო კომპანიამ ვაფლის წარმოების ხაზში იმ დანაკარგების და ხარვეზების განსაზღვრა შეძლო, რომლებიც წუნდებული პროდუქციის 15%-იან დონეს განაპირობებდა. კომპანიამ პროდუქტის რეცეპტურა და ოპერაციების კონტროლი გააუმჯობესა და ახალი აპარატურა დაამონტაჟა. ამის შედეგად კი არა მარტო ვაფლი გახდა უფრო გემრიელი, არამედ წუნდებული პროდუქციის წილიც 5%-მდე შემცირდა.

როგორ დავნერგო რესურსეფექტური და სუფთა წარმოების მეთოდები?

რესურსეფექტური და  სუფთა წარმოება ამ სქემით ხორციელდება: „დაგეგმე — გააკეთე — შეამოწმე — იმოქმედე“.

„დაგეგმე“ ვალდებულების აღება: ყველაფერი კომპანიის მიერ იმ ვალდებულების აღებით იწყება, რომ ის მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდება პროდუქტის შემუშავებას, შესყიდვას, წარმოებას, გაყიდვას და მომსახურებას. ამის შემდეგ ყალიბდება რესურსეფექტურ და სუფთა წარმოებაზე მომუშავე გუნდი, რომელიც შეფასების პროცესსხელმძღვანელს. ის ეფექტიანობიხარვეზებს და დანაკარგებ მიზეზებს განსაზღვრავს  და პრიორიტეტებს გამოავლენს.

გააკეთე“ შეფასება: ამ ეტაპზე იმ რესურსების ნაკადების აუდიტი ტარდება, რომლებიც ხარჯის და ეკოლოგიური ზემოქმედების კუთხით ყველაზე დიდი მნიშვნელობისაა. ეკოლოგიურ პრინციპებზე დაფუძნებული გეგმარება კომპანიას ეხმარება, განსაზღვროს რესურსეფექტური და სუფთა წარმოების ოპტიმალური ვარიანტები (მასალების შერჩევა, კომპანიის შიდა მეურნეობის სათანადო მართვა, გაუმჯობესებული კონტროლი, შესაბამისი ტექნოლოგია, შიდა გადამუშავება, გარე გადამუშავება). შემდეგ კი დგინდება ტექნიკური, ეკონომიკური და ეკოლოგიური კუთხით რესურსეფექტური და სუფთა წარმოების რა მეთოდების განხორციელებაა შესაძლებელი. ამ ყველაფრის გათვალისწინებით მუშავდება სამოქმედო გეგმა, რომელიც კომპანიამ უნდა შეასრულოს.

„შეამოწმე“ — მონიტორინგი: რესურსეფექტური და სუფთა წარმოების საფუძველზე შექმნილი მონიტორინგის სისტემა ეფექტიანობის და იმ სხვა მაჩვენებლებს აკონტროლებს, რომლებიც შეფასების ეტაპზე განისაზღვრა. ამ გზით რესურსების გამოყენების პროცესიც გამჭვირვალედ წარიმართება და ნარჩენების ნამდვილი ღირებულებაც ფასდება. ეს კომპანიას ახალ-ახალი შესაძლებლობების აღმოჩენის საშუალებას აძლევს. 

„იმოქმედე“ — მართვის სისტემასთან მდგრადი ინტეგრაცია: ეს უკანასკნელი ეტაპი სამოქმედო გეგმის, შეფასების პროცედურის და კომუნიკაციის სტრატეგიის მომზადებას გულისხმობს. ეს კი, თავის მხრივ, რესურსეფექტური და სუფთა წარმოების მეთოდების პრაქტიკაში განხორციელებას უზრუნველყოფს, თანაც ისე, რომ პროცესში კომპანიის სხვადასხვა განყოფილება იყოს ჩართული.

რა სახის მხარდაჭერის მიღება შეუძლიათ კომპანიებს?

ევროკავშირი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს ეკოლოგიურად უფრო დაბალანსებულ, ეფექტიან და მდგრად ეკონომიკაზე გადასვლის პროცესში ეხმარება. ამასთან, ევროკავშირი გარემო პირობებისა და მოქალაქეთა ეკოლოგიური კეთილდღეობის გაუმჯობესებაზეც ზრუნავს, რაც ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერით მიიღწევა.

რესურსეფექტური და სუფთა წარმოება პროგრამის, EU4Environment, ერთ-ერთი პრიორიტეტული სფეროა. პროგრამის ფარგლებში და გაეროს სამრეწველო განვითარების ორგანიზაციის (UNIDO) ტექნიკური მხარდაჭერით, ეროვნული პარტნიორები საქართველოსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის დანარჩენ ხუთ ქვეყანაში მოქმედ კომპანიებს რესურსეფექტური და სუფთა წარმოების მეთოდების დანერგვაში ეხმარებიან. ეროვნული პარტნიორები საწარმოებს სთავაზობენ საკონსულტაციო სერვისებს, ატარებენ რესურსეფექტური და სუფთა წარმოების აუდიტებს და მართავენ ექსპერტების ტრენინგებს. გარდა ამისა, ისინი კომპანიებს „მწვანე“ დაფინანსების მოპოვებაშიც ეხმარებიან.

ევროკავშირი, ამასთან, „მწვანე“ ინვესტიციებისთვის დაფინანსებას ისეთ ფინანსურ ინსტიტუტებთან ერთად უზრუნველყოფს, როგორიცაა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, ევროპის საინვესტიციო ბანკი და გერმანიის განვითარების ბანკი. ეს მხარდაჭერა EU4Business-ის, მწვანე ზრდის ფონდის და EU4Climate-ის ფარგლებში მოქმედი FINTECC-ის ინიციატივით ხორციელდება. 2020 წელს ევროკავშირმა 100 მილიონ ევრომდე ოდენობის გარანტია გასცა, რათა მხარი დაეჭირა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დაახლოებით 300 მილიონი ევროს ოდენობის ინვესტიციებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებისგან გაღებული დამატებითი, 500 მილიონ ევროზე მეტი ოდენობის სესხებისთვის. სხვა პრობლემების გადაჭრასთან ერთად, ეს მხარდაჭერა მიმართული იქნება COVID-19-ით გამოწვეული კრიზისიდან „მწვანე“ ინვესტიციების საშუალებით გამოსვლისკენ — მათ შორის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებშიც.

დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია საწარმოებისთვის განკუთვნილი გზამკვლევიდან რესურსეფექტური და სუფთა წარმოებისთვის დაფინანსების მოპოვების შესახებ.

როგორ შემიძლია „მწვანე“ ტექნოლოგიების საქართველოში გამოყენება?

საქართველოში მიმდინარე საპროექტო საქმიანობისა და მცირე და საშუალო საწარმოებისთვის ხელმისაწვდომი რესურსების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, დაუკავშირდით ენერგოეფექტურობის ცენტრს – ინიციატივის, EU4Environment, ეროვნულ პარტნიორს საქართველოში (https://recp.ge). კახეთის და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში არსებული რესურსეფექტური და სუფთა წარმოების (RECP) კლუბები მცირე და საშუალო საწარმოებს პრაქტიკული მხარდაჭერით, საქმიანობის შეფასებით და მენტორინგით უზრუნველყოფენ. ისინი, ამასთან, უნარჩენო ეკონომიკის განვითარებისადმი მიძღვნილ ღონისძიებებსაც მართავენ.

გარდა ამისა, ცენტრი მხარს უჭერს რესურსეფექტური და სუფთა წარმოების ისეთ აქტივობებს, როგორიცაა ტრენინგები და ღონისძიებები, სადემონსტრაციო პროექტების განხორციელება, თემატური პუბლიკაციების მომზადება და მრავალი სხვა. ის  რესურსეფექტური და სუფთა წარმოების პროექტების ეროვნულ დონეზე ეფექტიან განხორციელებას ინიციატივის, EU4Environment საქმიანობის ფარგლებში უჭერს მხარს. ამ მიზნით ცენტრი კომპანიებს მთავრობის, ბიზნესის სექტორის და სამოქალაქო საზოგადოების დაინტერესებულ წევრებთან უწევს შუამავლობას.

იმის დეტალურად გასაგებად, თუ როგორ შეუძლიათ მცირე და საშუალო საწარმოებს რესურსეფექტურ და სუფთა წარმოებაში ინვესტირებით რესურსების და თანხების დაზოგვა, წაიკითხეთ ქართული კომპანიის, EcOil, ისტორია. კომპანიამ რესურსეფექტური და  სუფთა წარმოების  მეთოდების გამოყენებით დაგროვებული დანაზოგით მხოლოდ ერთ წელიწადში შეძლო ინვესტიციის გამოსყიდვა.  

მცირე ბიზნესისთვის „მწვანე“ დაფინანსების მოპოვების გზების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღება ასევე შეგიძლიათ სიტყვა-პასუხის ფორმატში მომზადებული დოკუმენტიდან, რა სარგებლობა შეიძლება მოუტანოს მწვანე ინვესტიციებმა მცირე ბიზნესის განვითარებას საქართველოში?

ჩასვით
The recommended iFrame size is 100% width and 750px height


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,