COVID-19-თან გასამკლავებელი მხარდაჭერა: როგორ ეხმარება ევროკავშირი პანდემიასთან ბრძოლას

დეკემბერი 6, 2021

  • უწყობს ხელს ევროკავშირი ვაქცინაციის პროცესს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში?
  • ვაქცინაციის გარდა, კიდევ რით ეხმარება ევროკავშირი რეგიონს COVID-19-ით გამოწვეული პრობლემების გადაჭრაში?
  • რა ხდება ეროვნულ დონეზე? უზრუნველყოფს თუ არა ევროკავშირი უშუალოდ პარტნიორ სახელმწიფოებს პირდაპირი დახმარებით?
ბარათი %1 %2-დან

უწყობს ხელს ევროკავშირი ვაქცინაციის პროცესს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში?

დიახ, ევროკავშირი ვაქცინაციის პროცესს ვაქცინების დოზების მიწოდებით და მათი ადმინისტრირებისთვის საჭირო ეროვნული ინფრასტრუქტურების მხარდაჭერით უწყობს ხელს.

ვაქცინები სახელმწიფოებს COVAX პლატფორმის ან ევროკავშირის სამოქალაქო დაცვის მექანიზმის საშუალებით მიეწოდებათ. 2021 წლის ნოემბრის შუა რიცხვებამდე ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებმა COVAX პლატფორმის ან უშუალოდ ევროკავშირის სამოქალაქო დაცვის მექანიზმის საშუალებით ვაქცინის 10 მილიონზე მეტი დოზა მიიღეს.

ევროკავშირი ერთ-ერთი უდიდესი მხარდამჭერია COVAX პლატფორმის, რომელიც უპრეცედენტო გლობალური თანამშრომლობაა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების შექმნის, წარმოების და თანაბარი ხელმისაწვდომობის დასაჩქარებლად. ევროკავშირის ევროპის გუნდი (რომელიც ევროკავშირის, მისი წევრი სახელმწიფოების და ევროპის ფინანსური ინსტიტუტების რესურსებს აერთიანებს), COVAX პლატფორმას მხარს 3 მილიარდამდე ევროთი უჭერს, საიდანაც 1 მილიარდ ევროს ევროკავშირის ბიუჯეტიდან გადარიცხული თანხა შეადგენს. ეს არის ძირითადი მხარდაჭერა, რომლის საშუალებითაც  COVAX პლატფორმა დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე 92 ქვეყნისთვის ვაქცინების მინიმუმ 1.8 მილიარდი დოზის მიწოდებას უზრუნველყოფს. გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) საშუალებით, ნოემბრის შუა რიცხვებამდე COVAX პლატფორმამ მსოფლიოს 144 ქვეყანაში ვაქცინების 520 მილიონ დოზაზე მეტი გაგზავნა. ამ ქვეყნების რიცხვშია აზერბაიჯანი, მოლდოვა, საქართველო, სომხეთი და უკრაინაც, რომლებმაც აღნიშნული მექანიზმის მეშვეობით ერთობლივად 6 მილიონზე მეტი დოზა მიიღეს.

ვაქცინების გავრცელებისთვის შექმნილი ევროკავშირის ახალი, 35 მილიონი ევროს ღირებულების ღონისძიება, რომელსაც პოლონეთი უწყობს ხელს, ვაქცინის მარაგების გაზრდას ისახავს მიზნად. ეს ინიციატივა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მიერ აღმოსავლეთ პარტნიორობისთვის გადაცემული ვაქცინების ხარჯებს აანაზღაურებს.

მაგრამ თავად ვაქცინების მიწოდება დახმარების მხოლოდ ნახევარია. ასეთივე მნიშვნელობა აქვს ვაქცინაციისთვის საჭირო ინფრასტრუქტურას. 2021 წლის თებერვლიდან მოყოლებული, ევროკავშირი და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (ჯანმო) უდიდეს ერთობლივ ძალისხმევას წევენ იმისთვის, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსივე ქვეყნის მოსახლეობა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებით აიცრას. ამ ინიციატივის ბიუჯეტმა სამი წლის განმავლობაში 40 მილიონი ევრო შეადგინა. ეს გახლავთ ევროკავშირის და ჯანმოს უდიდესი ერთობლივი ღონისძიება, რომელიც ჯანმოს ევროპის რეგიონის მასშტაბით დღემდე განხორციელებულა.

ამ პროგრამის საშუალებით, ევროკავშირი და ჯანმო ქვეყნებს ვაქცინების ეფექტიანად მიღებისა და გამოყენებისთვის საჭირო ეროვნული ინფრასტრუქტურის მომზადებაში ეხმარებიან. პროგრამის ფარგლებში ევროკავშირის მხარდაჭერა მოიცავს ჯანდაცვის სფეროს მენეჯერების და ვაქცინაციის კამპანიაში მონაწილე სამედიცინო პერსონალის ტრენინგს, ვაქცინების/მარაგების მიწოდებისა და მართვის ძირითად ლოგისტიკურ მხარდაჭერას, ვაქცინაციასთან დაკავშირებული მონაცემების და უსაფრთხოების მონიტორინგს, კომუნიკაციას და საზოგადოების ჩართულობას და ციფრული COVID-სერტიფიკატების შექმნის პროცესში სახელმწიფოთა დახმარებას.

ამ მხარდაჭერის შედეგად, ევროკავშირს დღეისათვის უკვე აღიარებული აქვს უკრაინის, სომხეთის, საქართველოს და მოლდოვის რესპუბლიკის ციფრული COVID-სერტიფიკატები. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ქვეყნების მოქალაქეებს ევროკავშირში შესვლა და ეროვნული COVID-სერტიფიკატების გამოყენება ზუსტად ისე შეუძლიათ, როგორ ევროკავშირის მოქალაქეებს. ასევე, მიმდინარეობს მუშაობა აზერბაიჯანთან, რათა მის მიერ გაცემულმა სერტიფიკატებმაც დააკმაყოფილოს ევროკავშირის მოთხოვნები.

ღელავთ ვაქცინაციასთან დაკავშირებით? ვაქცინებისა და COVID-19-ის შესახებ ყველა თქვენს კითხვაზე პასუხებს აქ მიიღებთ.

ვაქცინაციის გარდა, კიდევ რით ეხმარება ევროკავშირი რეგიონს COVID-19-ით გამოწვეული პრობლემების გადაჭრაში?

ევროკავშირი პანდემიის დაწყების დღიდან COVID-19-თან დაკავშირებული მხარდაჭერის წინა ხაზზე იმყოფება. გადაუდებელი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად ან ჯანდაცვის ეროვნული სისტემების დახმარების და სოციალური თუ ეკონომიკური აღდგენის მიზნით დღემდე გაწეულმა დახმარებამ 2.5 მილიარდ ევროზე მეტი შეადგინა.

ვაქცინების მიწოდების გარდა, ევროკავშირი და ჯანმო აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსივე ქვეყანასთან ჯანდაცვის სექტორის დასახმარებლად თანამშრომლობენ. ამას ისინი ინიციატივის, „სოლიდარობა ჯანმრთელობისთვის“, საშუალებით აკეთებენ, რაც ჯანდაცვის სისტემების სამედიცინო აპარატურით და ინდივიდუალური აღჭურვილობით უზრუნველყოფას გულისხმობს. ამ პროექტის ფარგლებში ქვეყნებს მიეწოდათ პერსონალური დაცვის საშუალებების 11 მილიონ ერთეულზე მეტი, 12,000 ლაბორატორიული ნაკრები, 1,500-ზე მეტი სასუნთქი აპარატი, ჟანგბადის კონცენტრატორი და პულსოქსიმეტრი და PCR ტესტის 20,000-ზე მეტი ნაკრები.

ევროკავშირმა საზოგადოების სოციალურად ყველაზე დაუცველი ჯგუფების დასახმარებლად 11 მილიონ ევროზე მეტი ინვესტიციების სახით გამოყო. სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციებს 60,000 ევრომდე ოდენობის გრანტები აღმოსავლეთ პარტნიორობის სოლიდარობის პროგრამით გადაეცათ. ეს თანხა ისეთ გადაუდებელ საჭიროებებს ხმარდება, როგორიცაა ადგილობრივ სკოლებში დისტანციური სწავლების ორგანიზება, სამუშაო ადგილების გარეშე დარჩენილი ქალების დახმარება ან ხანდაზმულთა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკვებით მომარაგება. მეორე პროგრამა, COVID-19: სამოქალაქო საზოგადოების მოქნილობა და მდგრადობა, ასევე სამოქალაქო საზოგადოებასთან და დამოუკიდებელ მედიასთან მუშაობს. ინიციატივა ეხმარება მათ, განაგრძონ საზოგადოების წევრების — განსაკუთრებით კი, სოციალურად ყველაზე დაუცველი ჯგუფების — დაცვით და მხარდაჭერით უზრუნველყოფა და პანდემიის შესახებ ზუსტი ინფორმაციით მომარაგება.

გარდა ამისა, ევროკავშირი ამ უპრეცედენტოდ რთულ პერიოდში ბიზნესსაც ეხმარება. ის მჭიდროდ თანამშრომლობს ფინანსურ ორგანიზაციებთან ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში და მთელ მსოფლიოში, რათა გვერდში დაუდგეს რეგიონში მოქმედ მცირე ბიზნესს, თვითდასაქმებულებს და სხვებს. ამ უკანასკნელებს აღნიშნული თანამშრომლობის მეშვეობით გამარტივებულად შეუძლიათ სესხების ადგილობრივ ვალუტაში მიღება და გრანტების მოსაპოვებლად განაცხადების შეტანა. ეს დახმარება მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის ახალი პროგრამის და „ევროკავშირი ბიზნესისთვის“ (EU4Business) ინიციატივის ფარგლებში ხორციელდება. ეწვიეთ COVID-19-თან გასამკლავებელი მხარდაჭერისთვის მიძღვნილ გვერდს ინიციატივის, EU4Business ვებსაიტზე და გაეცანით ბიზნესის დასახმარებლად განხორციელებულ ღონისძიებებს აზერბაიჯანში, ბელარუსში, მოლდოვაში, საქართველოში, სომხეთსა და უკრაინაში.

აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში ფინანსური ლიკვიდურობის უზრუნველსაყოფად მდგრადი განვითარების ევროპული ფონდის მიერ 500 მილიონი ევრო გამოიყო, ხოლო ბიზნესი კრედიტებით, ძირითადად, ევროპულმა ფინანსურმა ინსტიტუტებმა — კერძოდ, ევროპის საინვესტიციო ბანკმა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა მოამარაგეს. გარდა ამისა, მათ მილიონობით ევრო გამოყვეს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სისტემების, ეკონომიკური გამძლეობის, ციფრული ტრანსფორმაციის, განახლებადი ენერგიის და მწვანე ინვესტიციების მხარდასაჭერად, რაც გულისხმობს როგორც გადაუდებელ დახმარებას, ასევე მდგრადი აღდგენის მიზნით განხორციელებულ შედარებით გრძელვადიან ინვესტიციებს.

რა ხდება ეროვნულ დონეზე? უზრუნველყოფს თუ არა ევროკავშირი უშუალოდ პარტნიორ სახელმწიფოებს პირდაპირი დახმარებით?

დიახ, უზრუნველყოფს. მთლიანი რეგიონისთვის განკუთვნილი პროგრამების კოორდინირებული დახმარების პარალელურად, ევროკავშირმა აამოქმედა COVID-19-თან გასამკლავებელი მხარდაჭერის პაკეტებიც, რომლებიც თითოეული ქვეყნის კონკრეტულ მოთხოვნებზეა მორგებული.

აზერბაიჯანში ევროკავშირის მიერ COVID-19-ზე რეაგირების პაკეტის მოცულობა თითქმის 32 მილიონი ევროა. მხარდაჭერა შეეხო აზერბაიჯანის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემას — მათ შორის, 20 საავადმყოფოს და პირველადი ჯანდაცვის 5 დაწესებულებას. შეივსო პაციენტების მკურნალობისთვის აუცილებელი სამედიცინო მარაგები. ამასთან, ევროკავშირის დახმარებით, ტრენინგები ჩაუტარდათ ჯანდაცვის 3,000-მდე მუშაკს, ლაბორატორიის 98 ტექნიკოსს, სამედიცინო ფაკულტეტების 1,400 სტუდენტს და ჯანდაცვის სხვა პროფესიონალებს.

ბელარუსს ევროკავშირის და ჯანმოს თანამშრომლობით მიეწოდა აუცილებელი აღჭურვილობა — მათ შორის, 2.4 მილიონი ქირურგიული ნიღაბი, 1.2 მილიონი სამედიცინო ხელთათმანი, 1 მილიონი რესპირატორი, COVID-19-ის 20,000 სწრაფი ტესტი და სხვა. გარდა ამისა, ევროკავშირი ბელარუსს უსაფრთხო და ეფექტიანი ვაქცინაციის პროცესისთვის მზადყოფნაში ეხმარება.

მოლდოვის რესპუბლიკას ევროკავშირმა COVID-19-თან გასამკლავებლად გრანტების სახით 127 მილიონ ევროზე მეტი გამოუყო. თანხა მოხმარდა მოლდოვაში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ჯგუფების და ხანდაზმულების დახმარებას, გადაუდებლად საჭირო სამედიცინო მარაგებსა თუ პერსონალური დაცვის საშუალებებს და ინოვაციური მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერას. გარდა ამისა, ევროკავშირმა დაიწყო პროგრამები, რომლებიც მოლდოვას პანდემიასთან ბრძოლას ჯანდაცვის სისტემის გამძლეობის გაუმჯობესების, დამატებითი აღჭურვილობის მიწოდების და ვაქცინაციის პროცესის მხარდაჭერის გზით გაუმარტივებს.

საქართველოში COVID-19-ზე რეაგირების ევროკავშირის პაკეტმა გრანტების სახით 183 მილიონ ევროზე მეტი შეადგინა, რაც პანდემიის საწინააღმდეგო კონკრეტულ მხარდაჭერას მოხმარდა. ამ გრანტებმა საქართველოს მთავრობას შეაძლებინა, შეენარჩუნებინა 400,000-ზე მეტი სამუშაო ადგილი და მიზნობრივი დახმარებით უზრუნველყო 78,000-ზე მეტი სოციალურად დაუცველი ოჯახი და 45,000 შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი. საქართველოში პანდემიის წინა ხაზზე მომუშავე პერსონალმა და ლაბორატორიებმა მიიღეს სამედიცინო მარაგების 2 მილიონამდე ერთეული — მათ შორის, ხელოვნური სუნთქვის აპარატები და პერსონალური დაცვის აღჭურვილობა.

სომხეთში ევროკავშირის თითქმის 100 მილიონი ევროს ოდენობის პაკეტი მოხმარდა მთავრობის საბიუჯეტო მხარდაჭერას და სოციალურ დახმარებას, რომელიც სოციალურად დაუცველ 3,000-ზე მეტ შინამეურნეობას შეეხო. ამასთან, ასობით ბავშვს დისტანციურ სწავლებაში ჩასართავად პლანშეტური კომპიუტერი გადაეცა, 1,000-ზე მეტ მცირე საწარმოს ციფრული ტრანსფორმაციის პროცესში შეეწყო ხელი, საავადმყოფოები და ლაბორატორიები ძირითადი სამედიცინო აღჭურვილობით მომარაგდა, ხოლო სამედიცინო პერსონალს პაციენტების მკურნალობის საკითხებში ტრენინგები ჩაუტარდათ.

უკრაინისთვის ევროკავშირის მიერ გამოყოფილი 190 მილიონ ევროზე მეტი გადაუდებელი რეაგირების გაუმჯობესებას მოხმარდა. ამისათვის, ჯანდაცვის სისტემას სამედიცინო აღჭურვილობა და პერსონალური დაცვის საშუალებები მიეწოდა, პერსონალს კი ტრენინგები ჩაუტარდა. ამასთან, გადაუდებელი დახმარება გაეწია მოსახლეობის სოციალურად დაუცველ ჯგუფებს, მხარი დაეჭირა მცირე ბიზნესს და ხელი შეეწყო დეზინფორმაციასთან ბრძოლას.

ჩასვით
The recommended iFrame size is 100% width and 750px height


ყველაზე წაკითხული


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,