მზად, დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის!
სექტემბერი 23, 2019

მზად, დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის!


დიანა ბაქრაძე 19 წლის სტუდენტია თელავიდან. იგი მინდობით აღზრდის სახელმწიფო პროგრამაში 11 წელი იმყოფებოდა. მინდობით აღზრდა 18 წლამდე არასრულწლოვანის ოჯახურ გარემოში გარკვეული დროით აღზრდას უზრუნველყოფს.

როგორც თავად გვიყვება, ერთ დღეს, მას დაუკავშირდა სოციალური მუშაკი და „საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი აფხაზეთის“ პროექტში ჩართვა შესთავაზა: – „ამ პროექტში 17 წლის ასაკში ჩავერთე. ჩემმა სოციალურმა მუშაკმა შემატყობინა, რომ არსებობდა ორგანიზაცია, რომელიც საინტერესო პროექტს ახორციელებდა და ბავშვებს საკომუნიკაციო თუ სხვა მათთვის საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავებასა და განვითარებაში ეხმარებოდა. მეც დავთანხმდი, რადგან მაშინ არც თუ ისე გამოვირჩეოდი კომუნიკაბელურობით და თითქოს, რაღაც უფრო მეტი მჭირდებოდა იმისთვის, რომ ცხოვრებაში ჩემი მიმართულებები გამჩენოდა. მოლოდინი ნამდვილად გამიმართლდა, რადგან პროექტის მიმდინარეობის პერიოდიდანვე ვგრძნობდი, როგორ ვძლიერდებოდი, ვხდებოდი თავდაჯერებული და ადვილად ვამყარებდი ურთიერთობას ადამიანებთან“.

  • Diana Bakradze

პროექტს, რომელზეც დიანა საუბრობს, „საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი აფხაზეთი“ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით 28 თვის განმავლობაში ახორციელებდა.  საპილოტე პროექტი – „საქართველოს მოწყვლადი მოზარდების ხელშეწყობა გახდნენ პროდუქტიული, სრულფასოვანი მოქალაქეები სწავლების, ტრენინგებისა და დასაქმების გზით“ სამ რეგიონს  კახეთი, შიდა ქართლი, მცხეთა-მთიანეთი, თბილისი – მოიცავდა. ორგანიზაციის მიერ დაგეგმილ აქტივობებში სახელმწიფო ზრუნვის პროგრამებში ჩართული 14-დან 25-წლამდე 144 მოზარდი მონაწილეობდა.

პროექტის მნიშვნელობის შესახებ საუბრისას, ორგანიზაციის კომუნიკაციის მენეჯერი სოფიკო ლაგვილავა აღნიშნავს, რომ – „სახელმწიფოს ზრუნვის ქვეშ მყოფი ბავშვები, რომლებიც მცირე საოჯახო სახლებსა და მინდობით აღზრდის პროგრამებში არიან ჩართულები, 18 წლის შესრულების შემდეგ სახელმწიფოს მზრუნველობის მიღმა რჩებიან.  მათზე სახელმწიფო წყვეტს ზრუნვას. ამიტომ, აუცილებელია, არასრულწლოვნებმა სწორედ ამ პერიოდში შეიძინონ ყველა ის უნარ-ჩვევა, რაც 18 წლის შემდგომ დამოუკიდებლად ცხოვრებაში დაეხმარებათ. ჩვენ მიერ განხორციელებულ პროექტში დაგეგმილი აქტივობები, ტრენინგები და სტაჟირებები, სწორედ ამ მიზნისკენ იყო მიმართული. მოზარდები, რომლებსაც თავიდან უჭირდათ კომუნიკაცია, საუბარი, დიალოგში ჩართვა, საკუთარი აზრის გამოხატვა, საწინააღმდეგო პოზიციის დაფიქსირება, ახალი ადამიანების გაცნობა, – შეიცვალნენ. ამაღლდა მათი თვითშეფასება, შეიძინეს ახალი მეგობრები, გააქტიურდნენ და გაუმჯობესდა მათი განვითარებაზე ორიენტირებულობის ხარისხი“.

პროექტის ფარგლებში გავლილი ტრენინგებისა და სტაჟირების შემდეგ, დიანა ბაქრაძე ერთ-ერთ კერძო საწარმოში დასაქმდა კიდეც. იგი ერთი წლის განმავლობაში მუშაობდა – „პროექტის ფარგლებში გავიარეთ სხვადასხვა ტრენინგი, ეს იყო კომუნიკაცია, უნარ-ჩვევების განვითარება, ხელსაქმე. შემდეგ გვქონდა სტაჟირების გავლის შესაძლებლობა, მე სტაჟირების კურსი ავირჩიე ყველის ქარხანაში, სადაც ყველის დაფასოება და თბილისის მასშტაბით მაღაზიებისთვის შეკვეთების გამზადება მევალებოდა. შემდეგ ამავე ადგილას დავსაქმდი და ერთი წლის განავლობაში ვმუშაობდი. ამ პროექტმა საფუძველი მომცა იმისთვის, რომ ჩავრთულიყავი საზოგადოებრივ ცხოვრებაში, დავინტერესებულიყავი სხვადასხვა აქტივობით და კი არ დავლოდებოდი იმას, ვინ რას შემომთავაზებდა, არამედ თავად მემოქმედა“.

ანა ვარამაშვილი ამავე პროექტის 19 წლის მონაწილეა. ამჟამად ისიც სტუდენტია და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის „მეცნიერებისა და ხელოვნების“ ფაკულტეტზე ქართული ფილოლოგიისა და ფსიქოლოგიის მიმართულებით სწავლობს. პროექტში 2018 წლის გაზაფხულიდან ანაც სოციალური მუშაკის დახმარებით ჩაერთო. მასწავლებლობა ბავშვობიდან უნდოდა, ამიტომ პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები და ტრენინგებიც სწორედ ამ მიმართულებით გაიარა.

„ყველაზე მნიშვნელოვანი რაც ამ პროექტისგან მივიღე არის ის, რომ მომეცა შესაძლებლობა, სტაჟირება გამევლო რედაქტორის პოზიციაზე. რედაქტირებას ვუკეთებდი სხვადასხვა ნაწარმოებს – ნოველებს, მოთხრობებს. გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში, ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალისტთან გავდიოდი სტაჟირებას იმ მეთოდების შესასწავლად, რასა მასწავლებლები საგაკვეთილო პროცესებში იყენებენ. აბიტურიენტებისთვის განკუთვნილ მასალას ვამუშავებდი არა როგორც მოსწავლე, არამედ, როგორც რეპეტიტორი. ვსწავლობდი ტექნიკას, როგორ უნდა მიმეწოდებინა ინფორმაცია სწორად. ამ ყველაფერმა გაზარდა ჩემი თეორიული და პრაქტიკული ცოდნა და განავითარა ჩემი კრიტიკული აზროვნება. აღნიშნულმა პროექტმა დიდი გავლენა იქონია ჩემს პრაქტიკულ და წიგნიერ განვითარებაზე, რადგან სამომავლოდ, შეძენილი უნარ-ჩვევების ჩემს საქმიანობაში გამოყენება ძალიან დამეხმარება“ – გვიყვება ანა.

  • Sophiko Lagvilava

გარდა მიღებული პრაქტიკული ცოდნისა, ანა ვარამაშვილი სოციალური უნარების ტრენინგების მნიშვნელობაზეც საუბრობს და ამბობს, რომ აღნიშნულმა ტრენინგმა შესაძლებლობა მისცა, შეემეცნა და ჩაღრმავებოდა თანატოლების ფსიქოლოგიურ მდგომარეობას, აეხსნა როგორც თავისი, ისე თანატოლების ქცევა კომუნიკაციისას, რაც ახლა ჯანსაღი ურთიერთობების დამყარებაში ეხმარება – „ჩვენ გავიგეთ, თუ რამდენად საჭიროა თითოეული მოზარდის აქტიური კომუნიკაცია და კავშირი საზოგადოებასთან, უცნობ და ნაცნობ ადამიანებთან, ასევე რა გავლენა აქვს ჩვენს ჩართულობას, რა დადებით და უარყოფით მხარეებს მოიცავს და სხვა რიგი საკითხები, რაც მიადვილებს განსხვავებულ ადამიანებთან კონტაქტში ადვილად შესვლას . ეს პროექტი უამრავ მოზარდს, ჩემი ჩათვლით, დაგვეხმარა, აღმოგვეჩინა საკუთარი თავები, მიზნები და დამოუკიდებლად გვეზრუნა თვითრელიზებისთვის“.

  • Ana Varamashvili

„საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი აფხაზეთის“ კომუნიკაციების მენეჯერი სოფიკო ლაგვილავა პროექტის შედეგებზე საუბრისას აღნიშნავს, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შედეგია მოზარდების დასაქმება – „მოზარდები, რომლებსაც არ ჰქონდათ სოციალური უნარები, რომლებმაც არ იცოდნენ, რისი კეთება სურდათ, ან თუნდაც, რა გამოსდიოდათ კარგად და მათი დასაქმების შანსი არც ისე დიდი იყო დღეს დასაქმებულები არიან; აქვთ ყოველთვიური სტაბილური შემოსავალი; სწავლობენ ხელფასის განკარგვას საკუთარი საჭიროებების მიხედვით. ასევე, მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნაც, რომ მათ ჰყავთ სამეგობრო წრე მეწარმის და მისი თანამშრომლების სახით, ჩართულები არიან აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრებაში, უშვებენ შეცდომებს მუშაობის პროცესში და სწავლობს როგორ მიიღოს შენიშვნები, გამოასწორონ თავიანთი ქცევა. ამ მოზარდებს, დღეს შეუძლიათ, ერთმანეთისაგან ცუდისა და კარგის გარჩევა, ყოველდღიურად აკვირდებიან საზოგადოებას, ოჯახებს, აფასებენ არსებულ ვითარებას, ოჯახის წევრთა თანადგომას და ამ ყველაფრისგან იქმნიან მათთვის მისაღებ ოჯახის მოდელებს“.

თამარ კურატიშვილი

Article published in Georgian by Newpress.ge



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,