არტსალონ „კრეატორიუმის“ facebook-ის გვერდს როცა ეცნობით, ამ პატარა ჩანაწერს იპოვით: „ჩვენ ვართ კრეატიული ხელოვანები, რომლებიც მოგიხატავთ ყველაფერს, რასაც თქვენი თვალი ხედავს!“
„კრეატორიუმის“ მთავარი მეგობრები ვან გოგი და ფიროსმანი არიან. მთავარი ფერი ლურჯია – სიმშვიდის ფერი. შემოქმედებით პროცესს pink floyd-ის blue sky გასდევს ფონად, ვინსენტ ვან გოგი და ნიკო ფიროსმანი მათი შემოქმედების კონცეპტუალური ხაზია. ასე იქმნება კრეატივი „კრეატორიუმში“. მათი მთავარი ამბავიც ერთ კოსმიურ ყუთში ეტევა. ყველაფერი თავისუფალი ახალგაზრდული იდეით გორში დაიწყო. შემოქმედებითი სამეწარმეო საქმიანობის ინოვაციური პლატფორმა – „კრეატორიუმის“ დამფუძნებლები მარიამ წიქარიძე და ნინო მაზმიშვილი არიან. ახალგაზრდა მეგობრებმა სამეწარმეო სკოლაში მიღებული ცოდნა წარმატებით გამოიყენეს და ახლა უკვე საკუთარი ბიზნესის გაფართოებას ცდილობენ. იდეების რეალიზება მათთვის უკვე ბიზნესსაქმიანობად იქცა.
სამეწარმეო სკოლა თანამედროვე იდეებისთვის
არტსალონი „კრეატორიუმი“ მცირე სამეწარმეო ბიზნესსაქმიანობას ეწევა. მისი დამფუძნებლები სამეწარმეო სკოლის კურსის გავლის შემდეგ თავდაჯერებულად შეუდგნენ საკუთარი მეგობრული იდეის მასშტაბურ რეალიზებას. სამეწარმეო სკოლის მიზანიც სწორედ ეს არის, ხელი შეუწყოს ახალგაზრდების თვითდასაქმებას და დაეხმაროს მათ სამეწარმეო უნარჩვევების გამომუშავებასა და ბიზნესგარემოში საკუთარი ადგილის დამკვიდრებაში. პროექტი ახალგაზრდების განათლებასა და დასაქმებას ემსახურება და დღემდე არაერთ ადამიანს დაეხმარა საკუთარი საქმიანობის წამოწყებაში.
ბოლო ათწლეულში სულ უფრო ხშირია შემთხვევები, როცა ინოვაციური, ორიგინალური იდეებისათვის შექმნილი სტარტაპები სწრაფად ვითარდება. სამეწარმეო სკოლაში მიღებული კვალიფიციური ცოდნა ახალგაზრდას ეხმარება, თუ როგორ უნდა გარდაქმნას იდეა ბიზნეს–პროექტად. სწავლების პროცესში ის უკვე პრაქტიკულ გზებს ხედავს, როგორ აქციოს თუნდაც თავისი დიდი ხნის ბავშვობის ოცნება ან ჰობი ბიზნეს–შესაძლებლობად.
ასე იქცა სამეწარმეო სკოლიდან ორი მეგობრის იდეა ბიზნეს–საქმიანობად.
საჭირო დროს საჭირო ადგილას…
„ეს პროექტი ჩვენს სფეროსა და ზოგადად, ბიზნეს–საქმიანობის მართვაზე კარგად არის მორგებული, რაც ძალიან დაგვეხმარა ცნობიერების ამაღლებასა და ქმედითი ნაბიჯების გადადგმაში. სამეწარმეო სკოლამ საკმაოდ ბევრი რამ გვასწავლა და ბიზნესის სფეროში სწორად ორიენტირებაში დაგვეხმარა. ამ ეტაპზე მხოლოდ ბანკის სესხით ვსარგებლობთ, მაგრამ არ ვწყვეტთ დაფინანსების გზების ძიებას. ამაში სამეწარმეო სკოლაც აქტიურად გვიჭერს მხარს“.
მარიამი სამი მცირეწლოვანი შვილის ახალგაზრდა დედაა, ნინო კი საზღვრისპირა სოფელ დიციდანაა. დიდი ხნის განმავლობაში მათ მიერ დამზადებული ხელნაკეთი ნივთები და აქსესუარები პოპულარობით მხოლოდ სამეგობრო წრეში სარგებლობდა. დღეს უკვე საკუთარ ოფისში გიმასპინძლებენ და კომპლექსურ შემოქმედებით სერვისებს შემოგთავაზებენ. ქმნიან სხვადასხვა ხელნაკეთ სუვენირს, მოხატულ ჩანთებს, გრავირებულ სურათებს, სასაჩუქრე ყუთებს, ალბომებს, პორტრეტებს. ხატავენ გარე ფასადსა და სამოსზე, მუშაობენ თიხაზე.
სამეწარმეო სკოლამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ნინოსა და მარიამის ცხოვრებაში. ახალგაზრდებს სამომავლოდ საქმიანობის გაფართოებისა და განვითარების მიზანი აქვთ, რის მიღწევასაც პროექტის დახმარებით გეგმავენ. ახალგაზრდა მეწარმეებმა უკვე ისარგებლეს მენტორის მომსახურებით, მათ ქორწილებისა და სხვადასხვა სადღესასწაულო ღონისძიების ორგანიზებასთან დაკავშირებული კვალიფიციური კონსულტაციები დიზაინერული კომპანია „კოჩინელას“ ხელმძღვანელ ია საგინაშვილისაგან მიიღეს.
თანამედროვე და თავისუფალი ქართველი ახალგაზრდების − ნინოსა და მარიამის ამბავი ერთ–ერთია მრავალთაგან და მაგალითია სხვებისთვის.
„არ უნდა მოუსმინოთ სხვების უარყოფით შეფასებებს, ყველაფერი უნდა გააკეთოთ საკუთარი მიზნებისთვის. მაქსიმალურად უნდა დაიხარჯოთ. ჩვენ ფაქტობრივად ყველაფერი ნულიდან დავიწყეთ. გარშემო მყოფების სკეპტიციზმმა არ გვათქმევინა საკუთარ იდეაზე უარი და ყველაფერი უფრო კარგად წარიმართა, ვიდრე ჩვენ წარმოგვედგინა და უკეთესები წინ გველის. დღეს „კრეატორიუმში“ დაგხვდებათ კრეატივი და ბევრი პოზიტივი.
ჩვენ დაგეხმარებით ინტერიერის მოწყობაში ჩვენივე ნაკეთობებით, რომლებიც ექსკლუზიურად თქვენთვის შეიქმნება. ასევე, დაგეხმარებით წვეულებების, თქვენთვის მნიშვნელოვანი დღეების ორგანიზებასა და გალამაზებაში. ჩვენ შეგვიძლია თქვენი ნებისმიერი ფანტაზია რეალობად ვაქციოთ. აქ ჩვენ, ყველას სრული თავისუფლება და ხელოვნების დიდი სიყვარული გვაერთიანებს. შემოქმედებითი მეწარმეობის მიზნით შექმნილი „კრეატორიუმი“, კრეატიულ მომსახურებასთან ერთად, არტ-თერაპიისა და გამოყენებითი ხელოვნების წრეებსაც აერთიანებს, სადაც მსურველებს ხელოვნებასთან ზიარება ასაკის შეუზღუდავად შეუძლიათ“.
ახლა გოგონებს მხოლოდ პოსტ„კორონა“ პერიოდი და ხალხის ნდობა სჭირდებათ. ნდობის საპასუხოდ კი განსაკუთრებული დღეების დაუვიწყარ მოგონებებად ქცევას ჰპირდებიან. „კრეატორიუმის“ პოსტები სავსეა პოზიტივით.
სტატია შექმნილია პროექტის „ევროკავშირი ახალგაზრდებისთვის − ახალგაზრდების განათლების, დასაქმებისა და ჩართულობის ხელშეწყობა საქართველოსა და უკრაინის კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში“ ფარგლებში.
პროექტი იძულებით გადაადგილებული და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ახალგაზრდების საარსებო წყაროების გაძლიერებასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი აქტიური მონაწილეობის ხელშეწყობას, ასევე, განათლების, დასაქმებისა და სამეწარმეო საქმიანობებში მათი ჩართვის ხელმისაწვდომობის გაზრდას ისახავს მიზნად.
ეს სტატია მომზადებული და გამოქვეყნებულია „Entrepreneur Georgia“-ს მიერ ქართულ ენაზე.
გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?
ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის B&S ევროპის კონსორციუმი.
ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,