ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში: მხარდაჭერა ქართულ მედიას
აპრილი 21, 2020

ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში: მხარდაჭერა ქართულ მედიას


საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა 2012 წლიდან ავლენს კონკურსის – „ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში“ გამარჯვებულებს. კონკრსის მიზანს ადგილობრივ მედიაში მომუშავე ჟურნალისტებში პროფესიონალიზმისა და ეთიკური ნორმების დამკვიდრების ხელშეწყობა წარმოადგენს.

ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში ყველა მედიასაშუალების ჟურნალისტს აძლევს შესაძლებლობას, წარადგინონ საკონკურსო ნამუშევრები, იქნება ეს ონლაინ თუ ბეჭდური სტატია, სატელევიზიო სიუჟეტი თუ ფოტორეპორტაჟი.

2018 წელს კონკურსის გამარჯვებული ნინო ბაიდაურის ფოტოისტორია – „დედა, რას ნიშნავს ზანგი“ გახდა. გამარჯვებული პუბლიკაციის სათაური ციტატაა ინტერვიუდან, რომელიც შერეული წყვილის ყოველდღიური ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს:

  • EU Prize in Journalism 2018 ceremony in Tbilisi
  • EU Prize in Journalism 2018 ceremony in Tbilisi
  • Nino Baidauri

„ინტერვიუში დედა მიყვება მათ ყოველდღიურ ცხოვრებაზე, იმ ბარიერებზე და უსიამოვნო თუ სასიამოვნო შემთხვევებზე, რასაც ყოველდღიურობაში აწყდებიან მეზობლებთან, ტრანსპორტში, სხვა ადამიანებთან ურთიერთობისას… მათი ბავშვი კი, რომელიც არ არის საქმის კურსში, რა ხდება ქვეყანაში და უბრალოდ, ყურს მოკრავს ხოლმე გამოთქმებს, ისმენს უფროსების საუბარს, რამდენჯერმე დაუსვამს კითხვა მშობლისთვის – „დედა, რას ნიშნავს ზანგი“? სწორედ ბავშვის ეს ფრაზა ამოვიღე და დავარქვი ფოტოს სახელად“ – ამბობს ჟურნალისტი ნინო ბაიდაური და გვიყვება, თუ რატომ დაინტერესდა ამ თემატიკით:

„ზოგადად, ადამიანის უფლებები ჩემი მთავარი ინტერესის სფეროა, ფოტოგრაფიის ფარგლებში თუ ფოტოგრაფიის ფარგლებს მიღმა, შესაბამისად, ეს უცხო თემა ჩემთვის არ ყოფილა. ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის TDI-ის პროექტში „მრავალფეროვნების სახეები“, აქტიურად ვიყავი ჩართული ფოტოისტორიების მომზადების კუთხით. ამ პროექტის ფარგლებში რამდენიმე ფოტოისტორია მოვამზადეთ. ერთ-ერთი ეხებოდა შავკანიანი ადამიანების ცხოვრებას საქართველოში, სადაც კონკრეტული ერთი ფოტოისტორია ფოკუსირებული იყო შერეულ წყვილზე. როდესაც ფოტოისტორიაზე ვმუშაობდი, ახალი მომხდარი იყო ერთ-ერთი უსიამოვნო ინციდენტი, რომელიც მედიაში საკმაოდ ფართოდ გაშუქდა. ადგილობრივ მოსახლეობასა და ნიგერიელებს შორის მოხდა შეხლა-შემოხლა. იმ პერიოდს დაემთხვა ამ ფოტოისტორიის მომზადება, შემდეგ უკვე კონკურსის გამოცხადებაც ევროკავშირის მიერ – „ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში“. ქვეყანაში შექმნილი ფონიდან გამომდინარე, რთული აღარ ყოფილა, კონკრეტული ფოტოს შერჩევა კონკურსში მონაწილეობისთვის“.

როგორც ნინო აღნიშნავს, ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში მისთვის როგორც დოკუმენტალისტი ფოტოგრაფისთვის, დიდი მოტივაცია აღმოჩნდა:

„ეს პრიზი არის ძალიან პრესტიჟული. ჩემს თვალში ეს არის ერთგვარი პლატფორმა, დიდი გასაქანი, პრინციპში, ფოტოდოკუმენტალისტებს არ გვაქვს სხვადსხვა კონკურსების სიმრავლის ფუფუნება. ეს პრიზი მხოლოდ იმიტომ არ არის მნიშვნელოვანი, რომ ერთია, არამედ იმიტომ რომ ძალიან პრესტიჟულია. ვფიქრობ, ევროკავშირის პრიზის მოგება ჟურნალისტიკაში არის მნიშვნელოვანი აღიარება და რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მოტივაცია იყო ჩემთვისაც. ყველას ვურჩევ, რომ მიიღოს მონაწილეობა მსგავსი ტიპის კონკურსებში. პირადი სტიმულისა და პირადი მოტივაციისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი აღიარება. ასევე მნიშვნელოვანია მსგავსი კონკურსები ქვეყნისთვის და რეგიონისთვის იმ თემების აქტუალიზაციის თვალსაზრისით, რა თემებზეც ამახვილეს ყურადღებას ევროკავშირის კონკურსები“.

  • Nino Baidauri
  • Nino Baidauri

თამრიკო მიქაძე, რომელიც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პრესისა და ინფორმაციის სამსახურის თანამშრომელია, კონკურსის მნიშვნელობაზე საუბრისას აღნიშნავს, რომ  ევროკავშირი წლებია, ხელს უწყობს საქართველოში მედიის გაძლიერებას:

„მხოლოდ ამ პრიზის დაწესებით არ შემოიფარგლება ევროკავშირის საქმიანობა მედიასფეროში. ჯერ კიდევ როდესაც საქართველოში გაჩნდა სხვა ტელევიზიები და ერთი ცენტრალური ტელევიზიის გარდა უკვე გაჩნდა რეგიონული ტელევიზიები, ევროკავშირმა დიდი წვლილი შეიტანა მედიის განვითარებაში, როგორც ერის ინსტიტუციის. ევროკავშირისგან საკმაოდ დიდი დახმარება მიიღო რეგიონულმა მედიამ და ზოგადად, მედიამ, როგორც ბიზნესმა. თუმცა, იყო რაღაც თემები კონკრეტულად ჟურნალისტურ ეთიკურ სტანდარტთან დაკავშირებით, რომელიც საჭიროებდა კიდევ უფრო მეტ განმტკიცებას და ამ მიზნით, 2012 წლიდან, ევროკავშირმა დააწესა პრიზი ჟურნალისტებისთვის“, – ამბობს თამრიკო მიქაძე.

საუკეთესო დოკუმენტური ფოტო, რომელიც ასახავს ევროკავშირის ღირებულებებ – ეს ერთ-ერთი საკონკურსო ნომინაციაა, რომლის მნიშვნელობაზეც ფოტოდოკუმენტალისტი ნინო ბაიდაური ჩვენთან საუბრობს:

„ადამიანის უფლებების თემა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ტოპ და პირველადი მნიშვნელობის თემაა ქვეყანაში. რაღაცნაირად, მივედით განვითარების იმ საფეხურამდე, რომ ჩვენი ყოველდღიურობა ელექტროენერგიით და სხვა საყოფაცხოვრებო საკითხებით აღარ არის მოცული; ცოტა უფრო მაღალი საფეხურის მოთხოვნილებები გაგვიჩნდა… ჩვენ, როგორც ფოტოგრაფებს და არა მარტო ფოტოგრაფებს, თუმცა, ამ შემთხვევაში ფოტოგრაფებზე ვისაუბრებ, – ერთი ის, რომ პირადი ინტერესია, პირადი მისწრაფებების რეალიზაციის თვალსაზრისით და ამასთან ერთად, თან ერთგვარი მედიატორის როლს თამაშობ და უზრუნველყოფ ინფორმაციის გამტარობას. დახურულ საკითხებს შემდეგ მოაქვს ათასი სტერეოტიპი და სტიგმა, შენ კი, ინფორმაციას აწოდებ ადამიანებს, ვისთვისაც მანამდე ეს ინფორმაცია იყო უცხო, დახურული და ცხადია, ეს კარგია და მნიშვნელოვანია ქვეყნისთვისაც“.

თუ როგორია კონკურსში მონაწილეობის პირობები და რა პრინციპით ხდება საკონკურსო ნამუშევრების შერჩევა, ამასთან დაკავშირებით თამრიკო მიქაძე აღნიშნავს, რომ პირველ რიგში, ეს არის თავად ჟურნალისტის განაცხადი, როგორც პროფესიონალის და ეთიკური სტანდარტების დამცველის აზრი საკუთარ ნაშრომზე, რაც კონკურსის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრინციპად მიაჩნია:

  • EU Prize for Journalism

„მთავარი პრინციპია, რომ კონკურსში მონაწილეობა არის ნებაყოფლობითი. ჩვენი მიზანი არ არის, შევამოწმოთ მთელი ქართული მედია და ჩვენ თვითონ შევარჩიოთ საუკეთესო. ვფიქრობ, ეს იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ჟურნალისტი თუ თვითონ თვლის, რომ მისი ნაშრომი არის საკონკურსოდ ფასეული, ეს არის კარგი და ხელს უწყობს ჟურნალისტის, როგორც თავად ინდივიდის, როგორც პროფესიონალისა და ეთიკური სტანდარტების დამცველის ჩამოყალიბებას“.

კონკურსის „ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში“ საპრიზო კატეგორიების რაოდენობა წლების განმავლობაში გაიზარდა. 2019 წელს ჟურნალისტებმა 6 საპრიზო ნომინაციაზე წარადგინეს განაცხადები და ასევე, ბოლო წლებია, არსებობს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ დაწესებული სპეციალური პრიზი სამშვიდობო ჟურნალისტიკაში, რომელიც ხელს უწყობს ნდობის აღდგენას.

დამატებითი ინფორმაციისთვის კონკურსის შესახებ გთხოვთ ეწვიოთ ოფიციალურ ვებგვერდს http://www.euprizejournalism.eu/

წლევანდელი გამარჯვებულების სია ასე გამოიყურება:

ნინო თარხნიშვილი: საუკეთესო სტატია ბეჭდურ და ონლაინ მედიაში – https://bit.ly/2RdOhzD

ბესო გვენეტაძე: საუკეთესო სიუჟეტი სამაუწყებლო და ონლაინ მედიაში – https://bit.ly/3auNfac

გიორგი მგელაძე: საუკეთესო საგამოძიებო ნაშრომი ბეჭდურ, ონლაინ და სამაუწყებლო მედიაში – https://bit.ly/30EaCcQ

ჯიმშერ რეხვიაშვილი: საუკეთესო ბლოგი ონლაინ ან ბეჭდურ მედიაში, მოსაზრება თემაზე ბეჭდურ, სამაუწყებლო და ონლაინ მედიაში- https://bit.ly/2Rxn89U

ლაშა ცერცვაძე: ყველაზე ინოვაციური და ორიგინალური ნაშრომი ბეჭდურ, სამაუწყებლო და ონლაინ მედიაში – https://bit.ly/30MQHso

დათო ქორიძე: საუკეთესო დოკუმენტური ფოტო, რომელიც ასახავს ევროკავშირის ღირებულებებს – https://bit.ly/2NLVl4v

 მამუკა კუპარაძე: ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სპეციალური პრიზი სამშვიდობო ჟურნალისტიკაში – https://bit.ly/30EdIO5

სტატია მომზადებულია მოცემული პოდკასტის მიხედვით

ავტორი: თამარ კურატიშვილი