ელ-ხელმოწერა: მთავარი ნაბიჯი, ციფრული მომავლის მიმართულებით
ნოემბერი 18, 2021

ელ-ხელმოწერა: მთავარი ნაბიჯი, ციფრული მომავლის მიმართულებით


წარმოიდგინეთ, რომ მცირე ბიზნესის მფლობელი ხართ და დოკუმენტების ხელმოსაწერად კვირაში რამდენიმე საათი გჭირდებათ. უფრო ადვილი არ იქნებოდა, თუ გეცოდინებოდათ, რომ შეგიძლიათ დოკუმენტების ელექტრონულად ხელმოწერა ნებისმიერ დროს და მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან ელექტრონული იდენტიფიკაციის საშუალებით, რომლის იურიდიული ძალის აღიარებას სხვა მხარეები მარტივად შეძლებდნენ?

ჩვენს თანამედროვე 21-ე საუკუნეში, როდესაც ყველაფერი – ვაჭრობიდან დაწყებული და საჯარო სერვისებით დამთავრებული – ციფრულ ფორმატში გადავიდა, უდიდესი მნიშვნელობა შეიძინა ნდობის გამოყენებამ ონლაინ სივრცეში. ინფორმაციის რომელ წყაროს, რომელ დოკუმენტებს შეიძლება ვენდოთ? როგორ უნდა დავადასტუროთ ჩვენი ნდობა? კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა (ელ-ხელმოწერა) – ეს არის გადაწყვეტა, რომელიც ადამიანებს დოკუმენტებზე დისტანციურად ხელმოწერის საშუალებას აძლევს. მას იცნობს ჩვენი კანონმდებლობა და მას ანიჭებს მატერიალური ხელმოწერის თანაბარ იურიდიულ ძალას. კვალიფიციური ელ-ხელმოწერა იძლევა ინფორმაციას დოკუმენტის მთლიანობისა და წარმომავლობის სისწორეზე. ერთი მხრივ, კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა, უზრუნველყოფს მაღალ უსაფრთხოებას, დაცულობას და მეორე მხრივ, ის ასოცირდება დროითი რესურსების დაზოგვასთან და  მეტ მოქნილობასთან.

ელ-ხელმოწერა და სხვა ელექტრონული სანდო სერვისები საერთაშორისო ციფრული ეკონომიკის განვითარების საფუძველს წარმოადგენს. ევროკავშირში დღეს მოქმედი რეგულაცია „ელექტრონული იდენტიფიკაციის, შიდა ბაზარზე ელექტრონულ ტრანზაქციებთან დაკავშირებული სანდო მომსახურებებისა და 1999/93/EC დირექტივის გაუქმების შესახებ“ (eIDAS) აყალიბებს ელექტრონული იდენტიფიკაციის (eID) და ელ-ხელმოწერების ერთიან ჩარჩოს ევროკავშირის 27 წევრ სახელმწიფოში. ბუნებრივია, EaP ქვეყნებში არ მოქმედებს ის სტანდარტები, რაც ევროკავშირში, თუმცა მათ აქვთ სწრაფვა ამ სფეროს ევროპული მიდგომების გაზიარებისა. ცალკეულ ქვეყნებს, როგორც საქართველოს, დანერგილი აქვს და იყენებს კვალიფიციურ სანდო მომსახურებებს. საქართველოს საკანონმდებლო ჩარჩო შეესაბამება eIDAS-ის მოთხოვნებს.

ელექტრონული ელ-ხელმოწერის სანდოობის უზრუნველსაყოფად ქვეყნის საზღვრებს გარეთ, ევროკავშირის პროგრამამ EU4Digital ელ-ხელმოწერის საპილოტე პროექტი განახორციელა. ამ საპილოტე პროექტით ჩატარდა ელ-ხელმოწერის ტრანსსასაზღვრო ოპერაციის ტესტირება აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში შერჩეულ ქვეყნებს – მოლდოვას და უკრაინას, და ევროკავშირის ქვეყანას – ესტონეთს შორის. ტესტირების მიზანი იყო ამ გადაწყვეტის გამოცდა სახელმწიფოებს შორის და არსებული მარეგულირებელი და ტექნიკური ხარვეზების და ბარიერების განსაზღვრა. გარდა ამისა, საპილოტე პროექტი იძლევა იმის საშუალებას, რომ საფუძველი ჩაეყაროს აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის და აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნების (აზერბაიჯანი, ბელარუსი, საქართველო და სომხეთი) უფრო ფართოდ მოცვის საშუალებას, რათა მოხდეს გამოცდილების გაზიარება და მათი მზადყოფნის გაუმჯობესება სანდო მომსახურებების მომავალი ორმხრივი აღიარებისთვის როგორც ამ ქვეყნებს შორის, ისე ევროკავშირთან.

როგორ ამარტივებს ელხელმოწერა ყოველდღიურ ცხოვრებას?

ელ-ხელმოწერა ძალიან ამარტივებს საქმიანობას, რადგან იძლევა დოკუმენტების დისტანციურად ხელმოწერის საშუალებას, რითაც გამორიცხავს მოგზაურობის ან ქაღალდის დოკუმენტების გაგზავნის აუცილებლობას. გარდა ამისა, დოკუმენტზე არის დროის აღნიშვნა და ნებისმიერ დროს, როდესაც ის იცვლება, ჩნდება სათანადო ჩანაწერი ინფორმაციით დოკუმენტის კანონიერების შესახებ. მომავალში ელექტრონული ხელმოწერა მობილური ტელეფონის საშუალებითაც გახდება შესაძლებელი.

ელხელმოწერას გაცილებით მეტი სარგებლობა მოაქვს, მონაცემთა მაღალი დონის უსაფრთხოების უზრუნველყოფის გარდა. ის იძლევა დოკუმენტების გაყალბების გამორიცხვის საშულებას და რაც მთავარია, ზოგავს დროს და რესურსებს“, – ამბობს ციფრული მმართველობის სააგენტოს ციფრული მმართველობის და კიბერუსაფრთხოების სტრატეგიული მიმართულების წამყვანი მენეჯერი ეკა გორდაძე.

დოკუმენტებზე ხელმოსაწერად მოქალაქეებს და იურიდიულ პირებს მხოლოდ სპეციალური წამკითხველის შეძენა, პროგრამის ინსტალაცია და რამდენიმე ოპერაციის შესწავლა ესაჭიროებათ. ეკა გორდაძე ამბობს, რომ მნიშვნელოვანია აქტიური საკომუნიკაციო კამპანიის გაგრძელება მოქალაქეების და ბიზნესის ინფორმირების, და ცნობიერების შემდგომი ამაღლების მიზნით ელ-ხელმოწერის სარგებლობის შესახებ. ადამიანები ხშირად კამათობენ, რომ ეს არ გვიმარტივებს ცხოვრებას, რადგან ითხოვს დამატებითი მოწყობილობებს და პროგრამებს, მაგრამ მნიშვნელოვანია იმის გაცნობიერებაა, რომ კვალიფიციური ელხელმოწერის საშუალებით ჩვენი საკანონმდებლო გარემო და ურთიერთობები უსაფრთხო ხდება“, – განმარტავს გორდაძე.

რა ეტაპზე იმყოფება ამჟამად საქართველო ელხელმოწერის სახელმწიფოთა შორის აღიარების თვალსაზრისით?

ჩვენი კანონმდებლობა შექმნილია  eIDAS რეგულაციის და საუკეტესო პრაქტიკის გაზიარების შედეგად. ასევე,  მნიშვნელოვანია ელხელმოწერების [სახელმწიფოთა შორის] ორმხრივი აღიარება, რისთვისაც, ბუნებრივია, გარკვეული სამუშაოებია გასაწევი“, – ამბობს ეკა გორდაძე.

ის ასევე აღნიშნავს, რომ პროექტის პირველ ეტაპზე აღმოსავლეთ პარტნიორობის ყველა ქვეყანაში ჩატარდა შეფასება ტექნოლოგიური მზადყოფნის დონის დასადგენად ციფრული ნდობის და ელექტრონული იდენტიფიკაციის სერვისების ორმხრივი აღიარებისთვის.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დირექტორმა გიორგი ჯიჯეიშვილმა გვითხრა, რომ აღმოსავლეთ პარტნიორები მუშაობდნენ ევროკავშირის „ორმხრივი აღიარების შეთანხმების (MRA) ცნობარზე “მესამე ქვეყნების მხარდასაჭერად ორმხრივი აღიარების შეთანხმების მიმართულებით; ეს ასევე მოიცავდა სახელმძღვანელო რეკომენდაციებს თვითშეფასებისთვის და საჭირო ცვლილებების განსახორციელებლად.

პროექტის საბოლოო მიზანია გააუმჯობესოს მზადყოფნა ელ-ხელმოწერების სახელმწიფოთაშორისი ორმხრივი აღიარებისთვის. ჯიჯეიშვილი განმარტავს მიზანს, რომ როდესაც ხელს მოაწერთ საიდენტიფიკაციო ბარათის საშუალებით, ეს ხელმოწერა და მისი კანონიერება ევროკავშირის ქვეყნების მიერ იქნება აღიარებული. ეს ნაბიჯი, რომელიც თავის მნიშვნელობით ალბათ მხოლოდ ვიზალიბერალიზაციას ჩამოუვარდება, ევროკავშირთან კიდევ უფრო დაგვაახლოვებს. ამ ინიციატივის გარეშე ჩვენთვის ძალიან ძნელი იქნებოდა [ევროკავშირის მოთხოვნების შესაბამისი] ელ-ხელმოწერების დანერგვა, რადგან ეს პროცესი დამოკიდებულია არა მარტო პოლიტიკურ ნებაზე, არამედ ასევე ტექნიკურ მხარეზე. ეს პროექტი ხელს უწყობს ორივე მიმართულების სტიმულირებას“.

ნდობის და უსაფრთხოების ჩარჩო საქართველოში

ციფრული მმართველობის სააგენტოს ციფრული მმართველობის და კიბერუსაფრთხოების სტრატეგიული მიმართულების წამყვანი მენეჯერი ეკა გორდაძე ამბობს, რომ საქართველომ 2017 წელს მიიღო კანონი „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“,
რაც არეგულირებს ელ-ხელმოწერების და ელ-შტამპის გამოყენების საკითხებს. 2018 წლის გაზაფხულზე დაიწყო კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერისა და შტამპის გამოყენების მიმართულებით ცნობიერების ამაღლების ეროვნული კამპანია.

„დონორების დახმარებით მოვახერხეთ ადამიანებისთვის წამკითხველი მოწყობილობების განაწილება რეგიონებში. ინფორმაციით, ვიზუალური დამხმარე საშუალებებით, შეხვედრებით, ტრენინგებით და სხვა საშუალებებით მაქსიმუმი გავაკეთეთ ცნობიერების ასამაღლებლად რეგიონებში, და ინფორმაციის გასავრცელებლად ერთიანი ელექტრონული პორტალის (my.gov.ge) შესახებ. რაც შეეხება სამართლებრივ ნაწილს, სანდო მომსახურებისა და კიბერუსაფრთხოების მიმართულებით ევროკომისიის მიერ ორგანიზებული სამუშაო ჯგუფის (Trust & Security) შეხვედრების დროს დარგის სპეციალისტებმა ხაზი გაუსვეს, რომ საკანონმდებლო ჩარჩო – „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონი ფაქტობრივად სრულად შეესაბამება ევროპულ რეგულაციას“, – თქვა გორდაძემ.

როგორ უკავშირდება ერთმანეთს ელ-ხელმოწერები და კიბერუსაფრთხოება?

ციფრული მმართველობის სააგენტოში ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ პანდემიის დროს ციფრული ტექნოლოგიებით სარგებლობის ელვისებურმა ზრდამ კიბერჰიგიენა ყოველდღიურ ცხოვრებისეულ აუცილებლობად აქცია.

„კვალიფიციური ელ-ხელმოწერა უსაფრთხოების მაღალ სტანდარტებს აწესებს. ამდენად, ის უშუალოდ უკავშირდება კიბერუსაფრთხოებას და გაყალბების რისკს გამორიცხავსელ-ხელმოწერის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ამ სტანდარტებს და რეგულაციებს უნდა აკმაყოფილებდეს შესაბამისი [ციფრული] სერთიფიკატის გამცემი ორგანიზაცია – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო“, – აღნიშნავს ციფრული მმართველობის სააგენტოს ციფრული მმართველობისა და კიბერუსაფრთხოების სტრატეგიული მიმართულებების მენეჯერი, დიმიტრი გუგუნავა.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საინფორმაციო ტექნოლოგიების და სისტემების დეპარტამენტის დირექტორი ვლადიმერ სიჭინავა კი დასძენს, რომ მომსახურების გაწევისას ისინი ევროპული სტანდარტებით ხელმძღვანელობენ. ამ სტანდარტების დაკმაყოფილების მიზნით სააგენტოს აუდიტს დამოუკიდებელი ორგანიზაცია ატარებს.

„ჩვენ სრულად ვაკმაყოფილებთ ევროპულ სტანდარტებს. მაგალითად, ამ სტანდარტის მოთხოვნის საფუძველზე, სააგენტო გადის შეღწევადობის ტესტირებას მოდელირებული კიბერშეტევის სახით. პერსონალმა გაიარა ტრენინგი საინფორმაციო უსაფრთხოების საკითხებზე. ამის შედეგად აკრედიტებული ე-ხელმოწერა ხდება უმაღლესი დონის უსაფრთხო ტრანზაქცია ციფრულ სივრცეში“, – აღნიშნა ვლადიმერ სიჭინავამ.

პროგრამის EU4Digital ციფრული ნდობის სერვისების სფეროს საპილოტე პროექტების მიზანია იმის დამტკიცება, რომ თანამედროვე, 21-ე საუკუნის საზოგადოებაში მიმდინარე პროცესები, არსებული ინსტრუმენტები და ტექნოლოგიები შესაძლებლობას მისცემს ქვეყნებს აღიარონ ერთმანეთს ელექტრონული სანდო სერვისები, და ამგვარად ხელი შეუწყონ ციფრული ეკონომიკის შესაძლებლობების განვითარებას ერთმანეთს შორის. პროგრამა EU4Digital აპირებს ე-ხელმოწერის საპილოტე პროექტების განხორციელებას აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნებში.

ციფრულ ეკონომიკაში ნდობის და უსაფრთხოების განვითარებით, ევროკავშირი ამარტივებს ბიზნესისა და მოქალაქეებისთვის საჭირო ელექტრონულ ტრანზაქციებს, ზრდის მათ უსაფრთხოებას და სიჩქარეს, ამცირებს მათ ფასს და ხელს უწყობს ყველაზე მნიშვნელოვანი ციფრული ინფრასტრუქტურის სტაბილურობას ისეთ სფეროებში, როგორიცაა ტელეკომუნიკაცია, ენერგეტიკა, ტრანსპორტი და საბანკო სექტორი. აღნიშნულის შედეგად ეკონომიკა ძლიერდება და ხდება უფრო დინამიური, და იზრდება ნდობა მომხმარებლის მხრიდან.

მიიღეთ დამატებითი ინფორმაცია სახელმწიფოთაშორისი ე-ხელმოწერების საპილოტე პროექტების და ინიციატივის EU4Digital შესახებ.

ავტორი: იანა კოხოძე

სტატია გამოქვეყნებულია ქართულად On.ge-ზე



ყველაზე წაკითხული



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,