საქართველოში ადამიანის უფლებების უკეთ დასაცავად საგანმანათლებლო ტრენინგთა სერია ჩატარდა
აგვისტო 5, 2022

საქართველოში ადამიანის უფლებების უკეთ დასაცავად საგანმანათლებლო ტრენინგთა სერია ჩატარდა


ევროკავშირმა და გაერომ ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე საქართველოს საჯარო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების პრაქტიკული ცოდნით შესაიარაღებლად ძალები გააერთიანეს. ამ მიზნით მათ გასულ თვეში საჯარო მოხელეებისთვის, სამოქალაქო აქტივისტებისა და ჟურნალისტებისთვის ტრენინგთა სერია ჩაატარეს. 

ტრენინგებში სახელმწიფო უწყებების, მედიის, პროფესიული ასოციაციების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. შეხვედრებზე ის ინსტრუმენტები და მექანიზმები განიხილეს, რომლებიც ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვას უწყობს ხელს. 

15-16 ივლისის ტრენინგი, რომელიც ჟურნალისტებისთვის იყო განკუთვნილი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატთან პარტნიორობით ჩატარდა. ტრენინგის მონაწილეებმა განიხილეს ცრუ ინფორმაციის და დეზინფორმაციის გავლენა ეთნიკურ და ეროვნულ უმცირესობათა უფლებების დაცვაზე. მსჯელობისას განსაკუთრებით გაესვა ხაზი იმ კრიტიკულ როლს, რომელსაც ჟურნალისტები სიძულვილის ენასა თუ ყალბ ინფორმაციასთან ბრძოლის და საზოგადოების უტყუარი და სანდო ინფორმაციით უზრუნველყოფის საკითხებში თამაშობენ. 

17-18 ივლისის ტრენინგს იურიდიული დახმარების სამსახურის და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის იურისტები დაესწრნენ. მათ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის გზებზე იმსჯელეს. ტრენინგის მონაწილეებმა ასევე ისაუბრეს იმ გამოწვევებზე, რომლებიც საქართველოში  შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის მხრივ არსებობს. 

19-20 ივლისს ტრენინგი ადამიანის უფლებების სფეროში მომუშავე აქტივისტებისა და ლგბტქი+ თემის უფლებების დამცველი ორგანიზაციებისთვის გაიმართა. ტრენინგის დამსწრეებმა ისწავლეს, თუ როგორ მოამზადონ და გაეროში წარადგინონ ალტერნატიული ანგარიშები და წერილობითი მოსაზრებები და როგორ გამოიყენონ გაეროს ადამიანის უფლებების მექანიზმები ადვოკატირებისა და სტრატეგიული სამართალწარმოებისთვის.

სულ ბოლოს, 28-29 ივლისს კი საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებმა საქართველოში ჯანმრთელობის უფლების უკეთ დაცვის გზებზე იმსჯელეს. გარდა ამისა, ტრენინგის მონაწილეებმა ამ სფეროში არსებული საერთაშორისო სტანდარტების შესახებ ცოდნაც გაიღრმავეს. 

“გაეროს განვითარების პროგრამის წევრებს მტკიცედ გვჯერა, რომ ადამიანის უფლებების პატივისცემა დემოკრატიის  საფუძველია“, — განაცხადა საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ, ანნა  ჩერნიშოვამ, — „დემოკრატიული საზოგადოება, უპირველეს ყოვლისა, ფასდება იმით, თუ როგორ იცავს ის არა მარტო უმრავლესობის, არამედ უმცირესობების უფლებებსაც. ამის გათვალისწინებით, ჩვენ ვუერთდებით ევროკავშირს და ჩვენს პარტნიორებს ჟურნალისტების, იურისტების, სამოქალაქო აქტივისტების და ლგბტქი+ თემის მხარდამჭერი ორგანიზაციების დასახმარებლად, რათა მათ უკეთ გაიაზრონ და უკეთ დაიცვან ადამიანის უფლებები“.

პროგრამის, „ადამიანის უფლებები ყველასთვის“, საშუალებით, ევროკავშირი და გაერო საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის კულტურის განვითარებას უჭერენ მხარს. ამ მიზნით, ისინი ქვეყანაში ადამიანის უფლებების ღირებულებისა და პრინციპების გარშემო საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას ეხმარებიან. არაერთ ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორთან თანამშრომლობით, ევროკავშირი და გაერო იღვწიან საქართველოს მოქალაქეთა უფლებების და თავისუფლებების დაცვის უზრუნველყოფისთვის საქართველოს კონსტიტუციის, კანონმდებლობისა და ქვეყნის ისეთი საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად, როგორიცაა ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმება, მდგრადი განვითარების დღის წესრიგი და გაეროს კონვენციები. 

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

აპრილი 19, 2024

ევროკავშირი, გაერო და ავსტრია საქართველოში ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად ახალ პროექტს იწყებენ

აპრილი 18, 2024

ევროკავშირი უცხოური გავლენის შესახებ კანონს „ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან შეუთავსებელს“ უწოდებს

აპრილი 16, 2024

არა, დრო რუსეთის მხარეს არაა: ბორელი ომისა და ევროკავშირის სანქციების შედეგად რუსეთის ეკონომიკის დასუსტებას აღწერს

აპრილი 12, 2024

ევროკავშირის პოლიტიკის და უსაფრთხოების კომიტეტის წევრები საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვივნენ

აპრილი 12, 2024

ევროკავშირი და გერმანია აჭარაში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების განახლებას უჭერენ მხარს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,