საქართველოს პოლიტიკურ კომპრომისებზე წასვლა სჭირდება, აღნიშნულია ევროკავშირის წლიურ ანგარიშში
თებერვალი 12, 2021

საქართველოს პოლიტიკურ კომპრომისებზე წასვლა სჭირდება, აღნიშნულია ევროკავშირის წლიურ ანგარიშში


ევროკავშირმა საქართველოსთვის ასოცირების ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცესის შესახებ წლიური ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის მიხედვით, ქვეყანა COVID-19-ის პანდემიასთან დაკავშირებული გამოწვევების მიუხედავად განაგრძობს აღებული ვალდებულებების შესრულებას. თუმცა, დოკუმენტისვე თანახმად, აუცილებელია მეტი ძალისხმევის გამოვლენა მართლმსაჯულების რეფორმებისა და პოლიტიკური დაძაბულობის განმუხტვის საკითხებში.

წლიური ანგარიში 9 იანვარს გამოქვეყნდა და აფასებს, რამდენად წარმატებით სრულდება ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული რეფორმები. 

“ჩვენ ვაფასებთ საქართველოს უწყვეტ პროგრესს რეფორმების გატარების სფეროში და მის ერთგულებას ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების და აღმოსავლეთ პარტნიორობის მიმართ. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში არსებულმა ყველა პოლიტიკურმა პარტიამ გამონახოს საერთო ენა და იპოვოს მმდინარე პოლიტიკური სიტუაციიდან გამოსასვლელი გზა“, — განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა. 

„ეს საქართველოს  პარლამენტ საშუალებას მისცემს, მიიღოს გადამწყვეტი  ზომები პანდემიის შემდგომ ქვეყნის ფეხზე დასაყენებლად და უფრო ფართო რეფორმების განსახორციელებლად.  გარდა ამისა, ჩვენ წარმატებით ვთანამშრომლობთ ჩვენს ქართველ პარტნიორებთან ასოცირების პროცესის სამოქმედო გეგმის განახლებაზე, რომლითაც მომავალ წლებში ვიხელმძღვანელებთ”, — დაურთო მან.

ანგარიშში ნათქვამია, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ აუცილებელია, უმრავლესობამ და ოპოზიციურმა პარტიებმა პოლიტიკურ შეთანხმებას მიაღწიონ, რადგან სწორედ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი რეფორმების განხორციელება. უფრო ფართო კონტექსტში კი, კვლავ პრიორიტეტად რჩება ქართულ პოლიტიკასა და მედიაში არსებული პოლარიზაციის განმუხტვა.

ანგარიშისვე თანახმად, უმნიშვნელოვანესია, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესი შეესაბამებოდეს ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს და ეს პროცესი სრულად გამჭვირვალედ წარიმართოს.

ანგარშის დასკვნებში ასევე ხაზგასმულია, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანამ პანდემიით გამოწვეული კრიზისიდან ყოვლისმომცველი, ეკომეგობრული და მდგრადი გზით დააღწიოს თავი. ამის ერთ-ერთ წინაპირობად კი  ციფრულ ტექნოლოგიებზე გადასვლის პროცესის დაჩქარება და ციფრული წიგნიერების ამაღლებაა დასახული. 

ანგარიშში არანაკლები ყურადღებაა გამახვილებული სტრუქტურულ რეფორმებზე, რომელთა დახმარებითაც გაუმჯობესდება საქართველოს საინვესტიციო კლიმატი და სავაჭრო პოტენციალი. ეს ყველაფერი კი ქვეყნის ეკონომიკას გარე ფაქტორების ნეგატიური ზეგავლენისგან დაიცავს.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

ანგარიში საქართელოს მიერ ასოცირების ხელშეკრულების პირობათა განხორციელების შესახებ

 



ყველაზე წაკითხული


თემაზე


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,