საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭომ ბრიუსელში შეხვედრისას ორმხრივი ურთიერთობის საკითხები შეაფასა
მარტი 19, 2021

საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭომ ბრიუსელში შეხვედრისას ორმხრივი ურთიერთობის საკითხები შეაფასა


16 მარტს ევროკავშირმა და საქართველომ ასოცირების საბჭოს რიგით მე-6 სხდომა გამართეს და გასული წლის განმავლობაში საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები შეაფასეს.

შეხვედრას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი უძღვებოდა. საქართველოს დელეგაციას კი საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობდა.

შეხვედრის შედეგები ასეთია:

ასოცირების საბჭომ დადებითად შეაფასა საქართველოს პროგრესი ევროპულ გზაზე და ის ფაქტი, რომ ეს პროცესი COVID-19-ის გამოწვევების ფონზეც არ შეჩერებულა. ის ასევე მიესალმა საქართველოს მთავრობის ძალისხმევას როგორც ვირუსის შეკავების, ისე მიზნობრივი სოციალური დახმარების უზრუნველყოფის კუთხით. ამასთან, ორივე მხარემ აღიარა, რომ პანედმიასთან ბრძოლის საკითხებში ევროკავშირის დროული დახმარება ქვეყნისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო.

ევროკავშირმა და საქართველომ კიდევ ერთხელ დაადასტურეს უწყვეტი ვალდებულება, განავითარონ ქვეყნის ეკონომიკა და საბაზრო შესაძლებლობები; გააძლიერონ ინსტიტუტები და მმართველობის კეთილსინდისიერი ფორმები; ხელი შეუწყონ კავშირების გამყარებას, ენერგოეფექტიანობას და ეკომეგობრულ ღონისძიებებს; გაზარდონ მობილობა და ხალხთაშორისი კონტაქტები.

ევროკავშირმა საქართველოს ქვეყანაში არსებული პოლიტიკური პოლარიზაციის სწრაფად დარეგულირებისკენ მოუწოდა. საბჭო მიიჩნევს, რომ ყველა მხარე ვალდებულია, იმუშაოს სიტუაციის დეესკალაციაზე, რადგან სწორედ ამ გზითაა შესაძლებელი ევროკავშირის შუამავლობით წარმართული მოლაპარაკებების პროცესში საერთო ნიადაგის პოვნა.

ასოცირების საბჭომ ხაზი გაუსვა, რომ საქართველომ აუცილებლად უნდა გააგრძელოს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციისთვის საჭირო კრიტერიუმების დაკმაყოფილება. ამ მხრივ მნიშვნელოვანია იმ შემთხვევათა კიდევ უფრო შემცირება, როცა საქართველოს მოქალაქეები შენგენის ქვეყნებში თავშესაფრის მიღებას უსაფუძვლოდ ითხოვენ.

ორივე მხარე მიესალმა საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული  პირობების — მათ შორის, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) განხორციელებაში მიღწეულ პროგრესს. ევროკავშირი და საქართველო შეთანხმდნენ, რომ ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტირების პოტენციალის მქონე დამატებით პროდუქტებს განსაზღვრავენ. ევროკავშირი საქართველოს ამ საკითხში მხარდაჭერას შეპირდა.

საბჭომ მოუწოდა საქართველოს, გააგრძელოს იმ ზომების გატარება, რომელთა დახმარებითაც ქვეყანა პანდემიასთან გასამკლავებლად საჭირო მაკროფინანსური დახმარების მეორე ტრანშის მიღებას შეძლებს (75 მილიონი ევროს ოდენობის პირველი ტრანში ევროკავშირმა 2020 წელს გაიღო).

ასოცირების საბჭომ განაცხადა, რომ საქართველო სულ უფრო იმკვიდრებს რეგიონში ტრანსპორტირებისა და ლოგისტიკური ცენტრის სახელს და ხაზი გაუსვა ქვეყნის სტრატეგიულ როლს ენერგეტიკის, ტრანსპორტის და კავშირების სფეროში.

ევროკავშირმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ ის მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების საბჭო (2019 წლის 5 მარტი)

ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობები (ზოგადი ინფორმაცია)



ყველაზე წაკითხული


თემაზე

აპრილი 18, 2024

ევროკავშირი უცხოური გავლენის შესახებ კანონს „ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან შეუთავსებელს“ უწოდებს

აპრილი 16, 2024

არა, დრო რუსეთის მხარეს არაა: ბორელი ომისა და ევროკავშირის სანქციების შედეგად რუსეთის ეკონომიკის დასუსტებას აღწერს

აპრილი 12, 2024

ევროკავშირის პოლიტიკის და უსაფრთხოების კომიტეტის წევრები საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვივნენ

აპრილი 12, 2024

ევროკავშირი და გერმანია აჭარაში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების განახლებას უჭერენ მხარს

აპრილი 10, 2024

CENN სოციალურ მომსახურებათა გასაუმჯობესებლად საგრანტო კონკურსს აცხადებს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,