პოლონეთის პრეზიდენტმა საქართველოს ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის თანხლებით მოინახულა
მაისი 27, 2021

პოლონეთის პრეზიდენტმა საქართველოს ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის თანხლებით მოინახულა


26 მაისს პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი, ანდჟეი დუდა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან (EUMM) ერთად ოძისთან მდებარე სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის მონაკვეთებს ეწვია. 

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, ელჩმა მარეკ შჩიგელმა ანდჟეი დუდას სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე არსებული ვითარება გააცნო. ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზი რეგულარული მოძრაობისთვის 2019 წლის სექტემბრიდან — ანუ, დღევანდელი მდგომარეობით, 620 დღეზე მეტი ხანია, რაც დაკეტილია.

მისიის ხელმძღვანელმა „ბორდერიზაციის“ ისეთ ნეგატიურ პროცესებზე ისაუბრა, როგორიც ღობეების ან სათვალთვალო პოსტების დაყენებაა. მან აღნიშნა, რომ მსგავს ქმედებებს კონფლიქტით დაზარალებული ადგილობრივი მოსახლეობის ჰუმანიტარულ და უფლებრივ მდგომარეობაზე უარყოფითი ზეგავლენა აქვს. ეს ზეგავლენა გადაადგილების თავისუფლების, სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის, განათლების, სასოფლო-სამეურნეო მიწებზე წვდომის და ადამიანის სხვა უფლებების შეზღუდვაში გამოიხატება.

პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჟეი დუდამ მადლობა გადაუხადა მისიას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სტაბილურობასა და ნდობის აღდგენაში შეტანილი წვლილისთვის.

მისიაში ამჟამად პოლონეთის ჩვიდმეტი მოქალაქე მსახურობს, რომელთა შორისაც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი და მცხეთის რეგიონალური ოფისის უფროსის მოადგილე არიან.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

 



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,