ევროპის უნივერსიტეტების სამაგისტრო კურსებზე Erasmus+ სტიპენდიით წელს 30 ქართველი სტუდენტი ისწავლის
ივლისი 2, 2021

ევროპის უნივერსიტეტების სამაგისტრო კურსებზე Erasmus+ სტიპენდიით წელს 30 ქართველი სტუდენტი ისწავლის


იმ 2,756 გამარჯვებულს შორის, ვინც პროგრამის, Erasmus+ 2021 წლის კონკურსში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული სტიპენდიები მოიპოვა, 30 ქართველი სტუდენტიც მოხვდა. ისინი ევროკავშირის და მსოფლიოს სხვა ქვეყნების უნივერსიტეტებში საერთაშორისო სტუდენტებთან ერთად ერთობლივ სამაგისტრო პროგრამებზე ისწავლიან.

2021 წელს 167 ქვეყნიდან შესული 12,271 განაცხადიდან 120 საქართველოდან იყო შეტანილი. გარდა ამისა, აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნებიდან — სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ბელარუსიდან, მოლდოვიდან და უკრაინიდან— განაცხადი 593 კანდიდატმა შეიტანა. მათგან სტიპენდიები 124-ს მიენიჭა.

საქართველოს წარმომადგენელი სტუდენტები — 20 გოგო და 10 ბიჭი — თბილისის სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლიდან არიან. ეს სასწავლებლებია: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA), კავკასიის უნივერსიტეტი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი და თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია.

სტიპენდიატები Erasmus Mundus-ის ერთობლივი სამაგისტრო ხარისხის (EMJMDs) მოსაპოვებლად ევროპის წამყვან  უნივერსიტეტებში სწავლას მიმდინარე წლის შემოდგომაზე დაიწყებენ. ქართველი სტუდენტები შემდეგი სპეციალიზაციის კურსებზე ისწავლიან: ევროპეისტიკა სამხრეთ ევროპის ქვეყნების განხრით; ღვინის ტურიზმის ინოვაციები; მეოთხეული და პრეისტორიული პერიოდები; გლობალური ბაზრები; ადგილობრივი შემოქმედება; ქალთა და გენდერული საკითხები; ევროპული პოლიტიკა და საზოგადოება; თეორიული ქიმია და კომპიუტერული მოდელირება; ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, რუსეთის და ევრაზიის კვლევები; ანალიზური ქიმია; ჩაშენებული გამოთვლითი სისტემები; გარდაქმნა, ინოვაცია და მდგრადი გარემო; სამუშაო, ორგანიზაციული და პერსონალის ფსიქოლოგია; საერთაშორისო ჰუმანიტარული საქმიანობა; გლობალური უსაფრთხოების საერთაშორისო სამართალი; მშვიდობა და განვითარება; საჯარო პოლიტიკა; თანამედროვე გერმანული და ფრანგული ფილოსოფია; კვლევა და ინოვაცია უმაღლეს განათლებაში; ადამიანის უფლებების პოლიტიკა და პრაქტიკა; ანიმაცია; და არქეოლოგიური მასალათმცოდნეობა.

Erasmus Mundus-ის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამები უნიკალური სასწავლო კურსებია. ისინი  მინიმუმ ორი ევროპული უნივერსიტეტისგან შემდგარი კონსორციუმის მიერაა შექმნილი. ამ პროგრამით გაცემული გრანტები სრულად ფარავს სასწავლო პროგრამის, მგზავრობის, დაზღვევის, ვიზის თუ ცხოვრების ხარჯებს და სტუდენტს თვეში 1,000 ევროს ოდენობის სტიპენდიით უზრუნველყოფს. ძირითადი სასწავლო პროგრამების გარდა, სტიპენდიატები დაესწრებიან ენის კურსებს, მიიღებენ ინფორმაციას მასპინძელი ქვეყნების შესახებ და მსოფლიოს მრავალი ქვეყნის სტუდენტებთან ერთად ახალ კულტურას გაეცნობიან.

დამატებითი ინფორმაცია

Erasmus+ საქართველოს ეროვნული ოფისი

 



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,