ევროკომისია სამედიცინო საჭიროებების მქონე უკრაინელი ლტოლვილების ევროკავშირში ტრანსპორტირებისთვის სოლიდარობის მექანიზმს ქმნის
მარტი 10, 2022

ევროკომისია სამედიცინო საჭიროებების მქონე უკრაინელი ლტოლვილების ევროკავშირში ტრანსპორტირებისთვის სოლიდარობის მექანიზმს ქმნის


8 მარტს ევროკომისიამ სამედიცინო დახმარების საჭიროების მქონე უკრაინელების ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში სასწრაფო გადაყვანის მიზნით სპეციალური ევროპული სისტემა აამუშავა. 

უკრაინის მოსაზღვრე ქვეყნების ჯანდაცვის სისტემებზე არსებული წნეხის შესამსუბუქებლად, ევროპის დაავადებათა პრევენციის და კონტროლის ცენტრის ადრეული გაფრთხილების და რეაგირების სისტემის ფარგლებში სპეციალური მექანიზმი შეიქმნა. ამ ინსტრუმენტის საშუალებით, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები შეძლებენ, მოითხოვონ მხარდაჭერა იმ პაციენტების გადასაყვანად, ვისაც სამედიცინო დახმარება ესაჭიროება. 

ამ გზით ევროკავშირის მოსაზღვრე ქვეყნებში მყოფ უკრაინელებს ევროკავშირის სახელმწიფოების იმ საავადმყოფოებში გადაიყვანენ, რომლებსაც მათი საჭიროებების დაკმაყოფილება შეეძლებათ. ამასთან, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ინფორმაცია უსაფრთხოდ გაზიარდება. 

„რუსეთის ინტერვენციის ფონზე, რომელიც ანგრევს ოჯახებს და წარმოუდგენელ ტანჯვას აყენებს ადამიანებს, უკრაინიდან გამოქცეულ ათასობით ლტოლვილს სასწრაფო მკურნალობა და მზრუნველობა სჭირდება. ესენი არიან კონფლიქტით დაზარალებული და უწყვეტი მზრუნველობის საჭიროების მქონე ადამიანები — მაგალითად, კიბოთი დაავადებული პაციენტები“, — აღნიშნა ევროკომისარმა ჯანდაცვის და საკვების უსაფრთხოების საკითხებში, სტელა კირიაკიდესმა, — „ევროკავშირის ქმედითი სოლიდარობის წყალობით, ჩვენ უკვე მზად გვაქვს 10,000 საწოლი და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს სამედიცინო დახმარება პაციენტებისათვის რაც შეიძლება სწრაფად გახდეს ხელმისაწვდომი“.

„ევროკავშირის გადაუდებელი რეაგირების საკოორდინაციო ცენტრი უკრაინაში რუსეთის სასტიკი ინტერვენციის პირველივე დღიდან შეუსვენებლად მუშაობს“, — განაცხადა ევროკომისარმა კრიზისების მართვის საკითხებში, იანეზ ლენარჩიჩმა, — „ჩვენი მიზანი ევროკავშირის მასშტაბით მობილიზებული უპრეცედენტო დახმარებისთვის სათანადო კოორდინაციის გაწევაა“. მან ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირის სამოქალაქო დაცვის მექანიზმი პაციენტების გადაყვანაში დახმარების გასაწევად მზად არის.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,