ევროკავშირის გლობალური ჰუმანიტარული დახმარება 2022 წელს 1.5 მილიარდ ევროს შეადგენს

ევროკავშირის გლობალური ჰუმანიტარული დახმარება 2022 წელს 1.5 მილიარდ ევროს შეადგენს

იანვარი 19, 2022

17 იანვარს ევროკომისიამ თავისი 2022 წლის ჰუმანიტარული საქმიანობის ბიუჯეტი დაამტკიცა. 1.5 მილიარდი ევროს ოდენობის ეს დაფინანსება განსაზღვრულია კონფლიქტების, ძალადობის და ბუნებრივი კატასტროფების შედეგად ყველაზე მეტად დაზარალებული მოსახლეობისთვის მთელ მსოფლიოში.

„ჰუმანიტარული საჭიროებები  უკვე რეკორდულ დაფინანსებას მოითხოვს და ეს ტენდენცია ზრდას განაგრძობს. ამას, ძირითადად,  კონფლიქტები განაპირობებს, მაგრამ თანდათან მატულობს ისეთი გლობალური გამოწვევების როლიც, როგორიცაა კლიმატის ცვლილება და COVID-19“, — აღნიშნა ევროკომისიის წევრმა კრიზისების მართვის საკითხებში, იანეზ ლენარჩიჩმა, — „ჩვენი ჰუმანიტარული დაფინანსების საშუალებით ევროკავშირი თავის როლს შეასრულებს — ის განაგრძობს ადამიანების სიცოცხლის გადარჩენას და დაზარალებული მოსახლეობების პირველადი მოთხოვნების დაკმაყოფილებას“.

ევროკავშირის ჰუმანიტარული დახმარების საშუალებით, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპასა და ევროპულ სამეზობლოში პროექტების დასაფინანსებლად 2022 წელს 152 მილიონი ევრო გამოიყოფა. ეს თანხა მოხმარდება კრიზისების დაძლევას უკრაინაში, დასავლეთ ბალკანეთსა და კავკასიაში და, ასევე, სირიის კრიზისის გავლენის შემსუბუქებას თურქეთში.

ყველა რეგიონში დაფინანსების ათი პროცენტი გამოყოფილია განათლებაზე, რათა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა სწავლის გაგრძელება საგანგებო მდგომარეობათა დროსაც შეძლონ. 

1.5 მილიარდი ევროდან 370 მილიონი ევრო მოხმარდება გაუთვალისწინებელ კრიზისებს, არსებული კრიზისების უეცარ გამწვავებებს და სხვა ოპერაციებს.

ევროკავშირი 1992 წლიდან მოყოლებული ახორციელებს ჰუმანიტარულ დახმარებას 110-ზე მეტ ქვეყანაში, რითაც მთელ მსოფლიოში ყოველწლიურად მილიონობით ადამიანს ეხმარება. ევროკავშირის დახმარება ხორციელდება მხოლოდ პარტნიორი ჰუმანიტარული ორგანიზაციების საშუალებით, რომელთა შორის არიან გაეროს სააგენტოები, არასამთავრობო ორგანიზაციები და წითელი ჯვარი.

დამატებითი ინფორმაცია 

პრესრელიზი




გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის B&S ევროპის კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,