ევროკავშირი შავი ზღვის რეგიონის სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და მედიას გრანტებს გადასცემს 
აპრილი 29, 2021

ევროკავშირი შავი ზღვის რეგიონის სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და მედიას გრანტებს გადასცემს 


რეგიონული თანამშრომლობის შავი ზღვის ტრასტი (BST) ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ საგრანტო კონკურსს აცხადებს. კონკურსის მიზანია, დაეხმაროს სამოქალაქო საზოგადოებას მმართველობის ღია, გამჭვირვალე და ინკლუზიური სისტემის ჩამოყალიბებაში.

საგრანტო კონკურსი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული და ტრანსატლანტური ფონდის მიერ განხორციელებული პროექტის ფარგლებში ტარდება.  მისი მიზანია, მხარი დაუჭიროს შავი ზღვის ფართო რეგიონის ქვეყნებში და ევროკავშირის ახალ წევრ სახელმწიფოებში მოქმედ

სამოქალაქო საზოგადოებრივ ჯგუფებს, დამოუკიდებელ საინფორმაციო სააგენტოებსა და ჟურნალისტებს. 

გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში შავი ზღვის ტრასტი ორი სხვადასხვა მიმართულების მქონე საპროექტო წინადადებებს დაუჭერს მხარს. პირველი მიმართულება მოიცავს ორგანიზაციებს შორის რეგიონულ თანამშრომლობას, რაც შავი ზღვის რეგიონის  დემოკრატიულ განვითარებას შეუწყობს ხელს. თითოეული პროექტისთვის მთლიანი ბიუჯეტი 20,000-დან 35,000-მდე ევროს შეადგენს. საპროექტო წინადადებების წარდგენის უფლება აქვთ მინიმუმ სამი სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციისგან და/ან დამოუკიდებელი მედიისგან შემდგარ გაერთიანებებს. ისინი საქართველოში, აზერბაიჯანში, მოლდოვაში, სომხეთში და უკრაინაში უნდა იყვნენ იურიდიულად რეგისტრირებულნი და მინიმუმ სამ ქვეყანას მოიცავდნენ.

მეორე მიმართულება შავი ზღვის რეგიონსა და ევროკავშირის ახალ წევრ სახელმწიფოებში მოქმედ ორგანიზაციებს შორის გამოცდილების ორმხრივ გაცვლას მოიცავს. თითოეული პროექტისთვის განკუთვნილი მთლიანი ბიუჯეტი 7,500-დან 15,000-მდე ევროს შეადგენს. საპროექტო წინადადებების შეტანის უფლება აქვთ იმ სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციებს და დამოუკიდებელ მედიას, რომლებიც საქართველოში, აზერბაიჯანში, მოლდოვაში, სომხეთსა და უკრაინაში არიან იურიდიულად რეგისტრირებულნი. ამასთან, მათ პარტნიორთაგან მინიმუმ ერთი ორგანიზაცია ევროკავშირის ახალი წევრი სახელმწიფოდან უნდა იყოს. ეს სახელმწიფოებია ბულგარეთი, ხორვატია, კვიპროსი, ჩეხეთის რესპუბლიკა, ესტონეთი, უნგრეთი, ლატვია, ლიეტუვა, მალტა, პოლონეთი, რუმინეთი, სლოვაკეთი და სლოვენია.

წინადადებები მიიღება რამდენიმე ტალღად, რომელთაგან პირველის ბოლო ვადა 2021 წლის 20 მაისია.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

 

 



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,