ევროკავშირი საქართველოს ყველა პარტიას საერთო ენის გამონახვისკენ მოუწოდებს
თებერვალი 26, 2021

ევროკავშირი საქართველოს ყველა პარტიას საერთო ენის გამონახვისკენ მოუწოდებს


საქართველოს ოპოზიციური პარტიის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, ნიკა მელიას დაპატიმრების შემდეგ ქვეყანაში პოლიტიკური პოლარიზაცია, სამწუხაროდ, უფრო მეტად გაღრმავდა, ნათქვამია ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის 25 თებერვლის განცხადებაში. 

„ეს პოლარიზაცია საქართველოს დემოკრატიას უქმნის საფრთხეს. ევროკავშირი მოუწოდებს ყველა მხარეს, გააძლიეროს სიტუაციის დეესკალაციაზე მიმართული ძალისხმევა და გამონახოს საერთო ენა. ჩვენ უპირველესად მმართველი ძალისა და მთავრობისგან ველით ისეთი ნაბიჯების გადადგმას, რომლებიც ქვეყნის სამართლიანად მართვას და ქართველი ხალხის ინტერესების პირველ ადგილზე დაყენებას უზრუნველყოფს. ასევე უმნიშვნელოვანესია, რომ სასამართლო სისტემა იყოს სამართლიანი, დამოუკიდებელი და ანგარიშვალდებული.  ამ მხრივ ევროკავშირი დიდი ყურადღებით გააგრძელებს მიმდინარე მოვლენებზე  დაკვირვებას“, — ვკითხულობთ განცხადებაში.

ევროკავშირი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ქართულმა ოპოზიციამ მიმდინარე მოვლენებში კონსტრუქციული როლი უნდა შეასრულოს. განცხადების თანახმად, პარლამენტში მათი შესვლა საქართველოში დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის განმტკიცებას და ქვეყნის უკეთესი მომავლის ფორმირებას შეუწყობს ხელს.

პოლიტიკური სტაბილურობა, ყველა მხარის მიერ პროვოკაციული ქმედებებისა და რიტორიკისაგან თავის შეკავება, ინკლუზიური საპარლამენტო პროცესი და მოქალაქეების ნდობით აღჭურვილი სასამართლო სისტემა არის იმის წინაპირობა, რომ საქართველომ ევროკავშირთან პარტნიორობის გაღრმავება და ასოცირების ხელშეკრულების ვალდებულებათა დაცვა შეძლოს, ხაზგასმულია განცხადებაში.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

 



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის B&S ევროპის კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,