ევროკავშირმა მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, შეასრულოს რეფორმებთან დაკავშირებული ვალდებულებები, მათ შორის მართლმსაჯულების სფეროში, საქართველოს მოქალაქეების ინტერესების შესაბამისად და ევროკავშირი-საქართველოს სამომავლო ურთიერთობებისთვის. ეს მოწოდება არის პასუხი საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებაზე, თავი შეიკავოს 75 მილიონი ევროს ოდენობის მაკროფინანსური დახმარების მოთხოვნისგან.
აღნიშნული თანხა 2021 წლის 30 სექტემბრამდე უნდა გაცემულიყო იმ შემთხვევაში, თუკი საქართველო შეასრულებდა ორმხრივად შეთანხმებულ ვალდებულებებს, რომელიც მან 2020 წლის სექტემბერში მაკროფინანსური დახმარების პროგრამის პირობების ხელმოწერისას აიღო. მთლიანობაში 150 მილიონი ევროს ოდენობის მაკროფინანსური დახმარება, რომლის ნახევარი უკვე გადმორიცხულია, მიზნად ისახავდა საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერას COVID-19-ის პანდემიასთან გამკლავებაში. სრული თანხის ორივე ნაწილი საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობას უნდა მოხმარებოდა.
„ჩვენ პატივს ვცემთ საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას, თუმცა ამავე დროს აღვნიშნავთ, რომ საქართველომ ვერ შეძლო, სათანადოდ შეესრულებინა მაკროფინანსური დახმარების მიღების პირობა, გაეზარდა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა, ანგარიშვალდებულება და ხარისხი“, — ნათქვამია განცხადებაში, რომელიც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ გამოაქვეყნა, — „კერძოდ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევა წარიმართა იმ საკანონმდებლო ცვლილებების მიღების გარეშე, რომელიც საჭირო იყო ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან სრული შესაბამისობის მისაღწევად. შერჩევის პროცესში მონაწილე ყველა კანდიდატისთვის თანაბარი პირობები გარანტირებული არ იყო. ასევე, არ იყო მიღებული კიდევ რამდენიმე საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც მიზნად ისახავდა სასამართლო სისტემის გამჭვირვალობის გაზრდას“.
ევროკავშირი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ის კვლავ სრულად მზად არის, მხარი დაუჭიროს საქართველოს რეფორმებს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების შესაბამისად. თუმცა მისი დახმარება კვლავ დამოკიდებული იქნება ძირითადი რეფორმების განხორციელებისას მიღწეულ წინსვლაზე.
დამატებითი ინფორმაცია
გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?
ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის B&S ევროპის კონსორციუმი.
ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,