ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს სამართლიანი პროცესი არჩევნების მეორე ტურში
ოქტომბერი 5, 2021

ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს სამართლიანი პროცესი არჩევნების მეორე ტურში


ევროკავშირი დადებითად აფასებს იმ ფაქტს, რომ საქართველოს მოქალაქეებმა 2 ოქტომბრის არჩევნებში ხმის მიცემის დემოკრატიული უფლება გამოიყენეს, ნათქვამია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში. აქვე ვკითხულობთ, რომ ევროკავშირი მადლობას უხდის საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებს და დამკვირვებლებს, რომლებმაც თავიანთი სამუშაო, COVID-19 პანდემიის რთული კონტექსტის მიუხედავად, წარმატებით შეასრულეს.

განცხადების მიხედვით,  საქართველოში ჩამოსულმა სრულმასშტაბიანმა საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო მისიამ გააკეთა შემდეგი დასკვნა: „არჩევნები, ზოგადად, კარგად იყო ადმინისტრირებული, თუმცა გამძაფრებული პოლარიზაციით ხასიათდებოდა. საარჩევნო სუბიექტებს შესაძლებლობა ჰქონდათ, საარჩევნო კამპანია თავისუფლად და კონკურენტულ გარემოში წარემართათ და არჩევნების დღე მოწესრიგებულად და გამჭვირვალედ მიმდინარეობდა“. 

მისიამ ასევე ხაზი გაუსვა მნიშვნელოვან ხარვეზებს — განსაკუთრებით, დაშინების, ამომრჩეველთა მოსყიდვისა და კანდიდატებსა და ამომრჩევლებზე განხორციელებული ზეწოლის ფაქტების შესახებ ფართოდ გავრცელებულ და თანმიმდევრულ განცხადებებს და არათანასწორ საასპარეზო პირობებს. გარდა ამისა, მისიის დასკვნის თანახმად, რესურსებს შორის მნიშვნელოვანი დისბალანსი და ხელისუფლებაში ყოფნით მინიჭებული უპირატესობა მმართველ პარტიას აძლევდა ხელს.

არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით, ევროკავშირი მოუწოდებს ხელისუფლებას და ყველა პოლიტიკურ პარტიას, სასწრაფოდ განახორციელონ დამატებითი ძალისხმევა სამართლიანი საარჩევნო პროცესის უზრუნველსაყოფად.  „ზემოხსენებული არაკეთილსინდისიერი პრაქტიკა ნორმად არ უნდა იქცეს.  ასევე, ველოდებით სანდო და სწრაფ გამოძიებას ყველა საჩივართან — მათ შორის, ჟურნალისტების მიმართ დაშინებისა და ძალადობის შემთხვევებთან დაკავშირებით“, აღნიშნულია წარმომადგენლობის განცხადებაში.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,