ევროკავშირი და ჯანმო საქართველოს ვაქცინაციის პროცესისთვის მომზადებაში დაეხმარებიან
თებერვალი 12, 2021

ევროკავშირი და ჯანმო საქართველოს ვაქცინაციის პროცესისთვის მომზადებაში დაეხმარებიან


ევროკავშირი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთნ პარტნიორობით, ახალ რეგიონულ პროგრამას იწყებს. პროგრამის ბიუჯეტი 40 მილიონ ევროს აღემატება. მისი მიზანია, საქართველოს და აღმოსავლეთ პარტნიორობის დანარჩენ ხუთ ქეყანას მოსახლეობის უსაფრთხო და ეფექტიანი ვაქცინაციის პროცესში არსებითი დახმარება გაუწიოს.

პროგრამა საქართველოს ვაქცინების ეფექტიანი გზით მიღებისთვის მოამზადებს. ქვეყანა ვაქცინებს COVAX ინიციატივიდან და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან ვაქცინათა გაზიარების მექანიზმების საშუალებით მიიღებს. პროგრამა მოიცავს ისეთ სფეროებს, როგორებიცაა რისკის კომუნიკაცია და სათემო ჩართულობა, ვაქცინის მიწოდების ჯაჭვის გამართვა, ვაქცინაციის მონაცემთა და უსაფრთხოების მონიტორინგი, ვაქცინაციის კამპანიაში მონაწილე ჯანდაცვის მუშაკებისა და მედპერსონალის ტრენინგი, ვაქცინაციების გრაფიკის შედგენა და ვაქცინებისა და სხვა საჭირო მარაგთა მიწოდების და მართვის ლოგისტიკური მხარდაჭერა. 

„ამ ახალი პროგრამით, რომელსაც ჯანმოსთან პარტნიორობით ვიწყებთ, ევროკავშირი აჩვენებს, რომ ის ასრულებს საკუთარ ვალდებულებას, გვერდში დაუდგეს აღმოსავლეთ პარტნიორებს პანდემიით გამოწვეულ კრიზისთან ბრძოლაში“, — განაცხადა ევროკომისიის წევრმა ევროპული სამეზობლო პოლიტიკის და თანამშრომლობის გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰელიმ, — „გარდა ამისა, ამგვარი თანამშრომლობა რეგიონის უსწრაფესი და მდგრადი სოციალურ-ეკონომიკური აღდგენის წინაპირობა იქნება. ახალი პროგრამა იმ ინიციატივის ნაწილია, რომლის ფარგლებშიც ევროკავშირმა უკვე გამოყო 1 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება. ეს რესურსი ამ პერიოდისთვის პანდემიასთან ბრძოლასა და რეგიონის გრძელვადიან სოციალურ-ეკონომიკურ აღდგენას ხმარდება”, — აღნიშნა მან.

პროგრამა ინიციატივის, Team Europe, ნაწილია და აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში ევროკავშირის და ჯანმოს შორის არსებულ თანამშრომლობას აგრძელებს. თანამშრომლობის, “სოლიდარობა ჯანმრთელობისთვის”, მთლიანი ბიუჯეტი 35 მილიონ ევროს შეადგენს. მისი მეშვეობით რეგიონის ქვეყნებს უკვე გადაეცათ მნიშვნელოვანი რაოდენობის სამედიცინო მარაგი: მათ შორის, 11 მილიონზე მეტი პერსონალური დაცვის აღჭურვილობა; 12 ათასი ლაბორატორიული დანადგარი; 1500-ზე მეტი სუნთქვის აპარატი, ჟანგბადის კონცენტრატორი და პულსოქსიმეტრი; და PCR ტესტის 20 ათასზე მეტი ნაკრები. 

Team Europe-მა ინიციატივა COVAX-ის დასაფინანსებლად უკვე გაიღო 850 მილიონ ევროზე მეტი, რომელშიც ევროკავშირის ბიუჯეტიდან გამოყოფილი 500 მილიონი ევროც შედის. ახალი პროგრამა COVAX-ს დაეხმარება, რომ 2021 წლის ბოლომდე 92 დაბალ და საშუალოშემოსავლიან ქვეყანას ვაქცინის 1.3 მილიარდი დოზა მიაწოდოს.

ევროკავშირის ვაქცინაციის სტრატეგიის გამოცდილებაზე დაყრდნობით, ევროკომისია მზად არის, შექმნას ვაქცინათა გაზიარების მექანიზმი. ამ მექანიზმის მეშვეობით, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები საქართველოსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნებისთვის ვაქცინათა დოზების გაზიარებას მეტად ეფექტიანად შეძლებენ. 

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

პროექტის ინფოგრაფიკა

აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისადმი ევროკავშირის მხარდაჭერის პროგრამა კორონავირუსის პანდემიისა და შემდგომი აღდგენის პერიოდებში



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,