EFSE და კრედო ბანკი საქართველოს სასოფლო-სამეურნეო საწარმოებს სესხებით უზრუნველყოფენ
მაისი 21, 2021

EFSE და კრედო ბანკი საქართველოს სასოფლო-სამეურნეო საწარმოებს სესხებით უზრუნველყოფენ


17 მაისს „ევროპულმა ფონდმა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისთვის“ (EFSE) საქართველოში თავის ახალ პარტნიორს, კრედო ბანკს ადგილობრივ ვალუტაში 10 მილიონი დოლარის საპირწონე სესხი გამოუყო. თანხა სოფლის მეურნეობაში დასაქმებულ მეწარმეებზე კრედიტთა გაცემას მოხმარდება. ადგილობრივ ვალუტაში გაცემულ სესხებზე წვდომის გაუმჯობესებით მიკრო და მცირე საწარმოებს შემოსავლის მიღება და ბიზნესის განვითარება COVID-19-ის პანდემიის პერიოდშიც შეუფერხებლად შეეძლებათ.
კრედო ბანკი ლიდერია საქართველოში მოქმედი მცირე და საშუალო საწარმოების — მათ შორის,  ფერმერების და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მწარმოებლების — მიზნობრივი ბიზნეს-დაფინანსების სფეროში. ბანკს  ქვეყანაში ფილიალების ფართო ქსელი აქვს და აღნიშნულ სეგმენტზე სტრატეგიული ორიენტაციით გამოირჩევა. სწორედ ამ მიზეზთა გამო ის EFSE-სთვის ოპტიმალურ შუამავალს წარმოადგენს. ამ გზით ფონდი შეძლებს, სოციალური ინვესტიციებით უზრუნველყოს სასოფლო-სამეურნეო სექტორის ის მეწარმეები, რომელთათვისაც ფორმალურ საბანკო სექტორთან წვდომა სირთულეებთანაა დაკავშირებული.
„საქართველოს სასოფლო რეგიონებში მიკრო და მცირე საწარმოებზე — განსაკუთრებით, ფერმერებზე — დასაქმების და მიღებული საერთო შემოსავლის ორი მესამედი მოდის. ამდენად, მათი ფინანსური სიჯანსაღე პირდაპირაა დაკავშირებული ზოგადი ეკონომიკის სტაბილურობასთან“,  — განაცხადა EFSE-ს საბჭოს თავმჯდომარემ, კლაუს მიულერმა, —  “EFSE მოხარულია, რომ კრედო ბანკთან თანამშრომლობს, რათა მცირე ბიზნესს გაცვლითი კურსის მერყეობასთან დაკავშირებულ რისკზე ღელვის გარეშე ჰქონდეს წვდომა საჭირო რესურსებზე“. 
EFSE თავის პარტნიორებს ადგილობრივ ვალუტაში გაცემული სესხებით ევროკომისიის ინიციატივის, EU4Business-ისა  და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) დახმარებით უზრუნველყოფს.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

 



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,