„დროა, ვიმუშაოთ იმ ბარიერების აღმოფხვრაზე, რომლებიც ხელს უშლის ქალებს, სრულყოფილი წვლილი შეიტანონ საქართველოს გაძლიერებაში“, ნათქვამია საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებაში, რომელიც 8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამოქვეყნდა. ამავე განცხადებით დაიწყო ევროკავშირის საინფორმაციო კამპანია, რომელიც სოციალურ მედიაში მარტის თვის განმავლობაში გაგრძელდება.
„უკვე ორწელიწად-ნახევარია, რაც ამ ქვეყანაში ვიმყოფები და ჩემზე დღესაც დიდ შთაბეჭდილებას ახდენს ქალი პროფესიონალების მიერ არაჩვეულებრივად შესრულებული სამუშაო. ეს ეხება როგორც ქალ მეწარმეებს, ასევე ჟურნალისტებს, აღმასრულებელ დირექტორებს, საჯარო პირებს თუ პოლიტიკოსებს, რომლებიც დიდ ქალაქებსა და სოფლად მოღვაწეობენ“, — აღნიშნა კარლ ჰარცელმა, — „ქალები ქმნიან ახალ სამუშაო ადგილებს, ეხმარებიან დაუცველ ჯგუფებს და აუმჯობესებენ თავიანთ ირგვლივ მყოფ ადამიანთა საცხოვრებელ პირობებს. აღარაფერს ვამბობ იმ ნაკლებად შესამჩნევ სამუშაოზე, რომელსაც უამრავი ქალი ოჯახის, ბავშვების თუ მოხუცების მოვლისას ასრულებს“.
მისივე თქმით, მართალია, საჯარო სფეროში ქალების წვლილი ძალზე მნიშვნელოვანია, მაგრამ ისინი კაცებზე გაცემული ანაზღაურების მხოლოდ 2/3-ს გამოიმუშავებენ. ამასთან, სახლს გარეთ ქალების ნახევარზე ნაკლებია დასაქმებული. ელჩმა ასევე აღნიშნა, რომ „ბევრი ქალია დაუცველი დისკრიმინაციისაგან ან უარეს შემთხვევაში — გენდერული ნიშნით ძალადობისგან, რაც ყოვლად დაუშვებელია“.
„საერთო ჯამში, საქართველო გენდერული თანასწორობისკენ მიიწევს, მაგრამ ჯერ კიდევ გრძელი გზაა გასავლელი. ჩემი გზავნილი მარტივია: ქვეყანა მხოლოდ მაშინ იქნება ძლიერი, როდესაც ყველას მიეცემა თანაბარი შესაძლებლობა, მაქსიმალურად გამოიყენოს საკუთარი პოტენციალი“, — დასკვნის სახით აღნიშნავს კარლ ჰარცელი. ამასთან, ის იწვევს საქართველოს მოსახლეობას, ჩაერთოს დისკუსიაში, რომელიც ევროკავშირის სოციალური მედიის არხებზე წარმოებული საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში მიმდინარეობს.
დამატებითი ინფორმაცია
გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?
ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის B&S ევროპის კონსორციუმი.
ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,