„არავინ არის უსაფრთხოდ, სანამ ყველა უსაფრთხოდ არ იქნება“: ევროკავშირი პარტნიორი ქვეყნებისთვის ვაქცინის გაზიარების მექანიზმს ქმნის
იანვარი 22, 2021

„არავინ არის უსაფრთხოდ, სანამ ყველა უსაფრთხოდ არ იქნება“: ევროკავშირი პარტნიორი ქვეყნებისთვის ვაქცინის გაზიარების მექანიზმს ქმნის


ევროკომისია შექმნის ევროპის გუნდის (Team Europe) მექანიზმს, რომლის მიზანიც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მიერ პარტნიორი ქვეყნებისთვის გაზიარებული ვაქცინების მიწოდების ორგანიზება იქნება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა აღმოსავლეთ და სამხრეთ სამეზობლოს და დასავლეთ ბალკანეთის და აფრიკის რეგიონებს.

ეს ღონისძიება არის ერთ-ერთი მთელი რიგი ქმედებებიდან, რომლებიც გაიწერა ევროკომისიის საინფორმაციო დოკუმენტში: ერთიანი ფრონტი COVID-19-ის დასაძლევად. დოკუმენტი შემუშავდა 19 იანვარს, ევროპელი ლიდერების იმ შეხვედრამდე ორი დღით ადრე, რომელზეც COVID-19-ის კრიზისზე კოორდინირებული პასუხი განიხილებოდა.

ვაქცინის გაზიარების მექანიზმი იმოქმედებს როგორც ვაქცინის თავდაპირველი დოზების მოთხოვნისა და მიწოდების  ერთადერთი გამტარი პუნქტი. ეს, სავარაუდოდ, პლატფორმის, COVAX, საშუალებით მოხდება. COVAX არის გლობალური ინიციატივა, რომლის მიზანიც უსაფრთხო და ეფექტიან ვაქცინებზე თანაბარი და სამართლიანი წვდომის უზრუნველყოფაა. 

ვაქცინების მარაგთა ზრდის პარალელურად გაიზრდება გაზიარებული დოზების რაოდენობაც მანამ, სანამ COVAX უშუალოდ კომპანიებიდან არ შეძლებს საკმარისი მოცულობების მიწოდებას. 

„სოლიდარობის ამ უპრეცედენტო მაგალითს უნდა ახლდეს პირდაპირი კომუნიკაცია ევროპელებთან და სპეციალური საკომუნიკაციო კამპანია პარტნიორ ქვეყნებში იმის ასახსნელად, რომ რავინ არის უსაფრთხოდ, სანამ ყველა უსაფრთხოდ არ იქნება“, — ნათქვამია საინფორმაციო დოკუმენტში. 

ევროპის გუნდმა COVAX-ის მხარდასაჭერად უკვე მოუყარა თავი 853 მილიონ ევროს, რითაც ევროკავშირი COVAX-ის მთლიანი პლატფორმის უდიდესი დონორი გახდა.

ევროკომისია მოუწოდებს წევრ სახელმწიფოებს, დააჩქარონ ვაქცინაციის პროცესი ევროკავშირის მასშტაბით, რათა 2021 წლის ზაფხულამდე ზრდასრული მოსახლეობის მინიმუმ 70% იყოს ვაქცინირებული.

„ჩვენ გვჭირდება ვაქცინის მიწოდების და ვაქცინაციის დაჩქარება“, — განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლიაიენმა, — „ჩვენი მიზანია, რომ ზაფხულამდე ჩვენი ზრდასრული მოსახლეობის 70% იყოს ვაქცინირებული. ვირუსის წინააღმდეგ ჩვენს ბრძოლაში ეს გარდამტეხი მომენტი იქნება. მაგრამ ჩვენ მხოლოდ მაშინ დავასრულებთ ამ პანდემიას, როდესაც მსოფლიოში ვაქცინებზე წვდომა ყველას ექნება. ჩვენ გავააქტიურებთ ჩვენს ძალისხმევას ვაქცინების უზრუნველსაყოფად ჩვენი მეზობლებისა და პარტნიორებისთვის მთელ მსოფლიოში“. 

ევროკომისია გააგრძელებს წევრ სახელმწიფოებთან მუშაობას ვაქცინაციის სერტიფიკატებზე, რომლებსაც ევროკავშირის მასშტაბით არსებული ჯანდაცვის სისტემები აღიარებენ და გამოიყენებენ და რომლებიც სრულ შესაბამისობაში იქნება ევროკავშირის მონაცემთა დაცვის კანონთან. ამის მერე სერტიფიცირების სისტემები მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის საშუალებით გლობალურად დაინერგება. საერთო მიდგომის შემუშავება 2021 წლის იანვრის ბოლომდე იგეგმება, რათა წევრი სახელმწიფოების სერტიფიკატების გამოყენება ევროკავშირის შიგნით და გარეთ არსებულმა ჯანდაცვის სისტემებმა სწრაფად შეძლონ.

გარდა ამისა, ევროკომისიის წინადადებაა, გაიცეს კატეგორიული რეკომენდაცია ყოველგვარი არასაჭირო მოგზაურობის წინააღმდეგ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მნიშვნელოვან გაუმჯობესებამდე და შენარჩუნდეს შესაბამისი სამოგზაურო შეზღუდვები. მსგავს შეზღუდვათა შორისაა იმ რეგიონებიდან გადაადგილებულ მგზავრთა ტესტირება, სადაც ვირუსის მეტად გადამდები ვარიანტების გავრელების შემთხვევათა შედარებით მაღალი მაჩვენებელია.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

Communication: A united front to beat COVID-19

 



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,