როგორია წყალი იქ, სადაც ვცურავთ და არა მარტო
ივნისი 23, 2021

როგორია წყალი იქ, სადაც ვცურავთ და არა მარტო


ახლა, როცა მსოფლიო კლიმატის ცვლილების საფრთხის წინაშე დგას, ხოლო ჰაერისა და წყლის დაბინძურება ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რამდენად უსაფრთხოა გარემო ჩვენ ირგვლივ.

მაშინ, როცა საბანაო სეზონი იხსნება, ზღვები, ტბები თუ მდინარეები ყველასთვის საყვარელი საკურორტო ზონები ხდება. მას სტუმრობენ ადგილობრივები, ტურისტები და ზაფხულის ცხელ დღეებს ყველაზე ხშირად სწორედ აქ ატარებენ.

პანდემიის ფონზე კი, როცა საზღვრების გახსნა და თავისუფლად მოგზაურობა ისევ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, სავარაუდოა, რომ წელს მეტწილად დროის გატარება სწორედ ქვეყნის შიგნით მოგვიწევს და არჩევანსაც იმ ადგილებზე გავაკეთებთ, სადაც მწველი მზისგან თავის დაღწევას ყველაზე მარტივად შევძლებთ. ამიტომაც მნიშვნელოვანია, ინფორმირებულები ვიყოთ, როგორია წყლის ხარისხი თბილისის ყველაზე ცნობილ საკურორტო ზონებზე და შევუქმნით თუ არა საფრთხეს საკუთარ თავებს იქ ცურვით.

  • Tbilisi Sea
  • Checking water quality at Turtle Lake
  • Testing water with special equipment
  • Simple water stripes for testing water
  • Turtle Lake

ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად წყლის ხარისხის ლაბორატორიული შემოწმება და პარალელურად, ჩვენი ძალებით, მარტივი ექსპერიმენტის ჩატარება გადავწყვიტეთ.

წყლის ხარისხის შემოწმება მარტივი ექსპრეს-ტესტით

რა თქმა უნდა, წყლის ხარისხის შემოწმება მხოლოდ საცურაოდ მისი ვარგისიანობის დადგენას არ გულისხმობს და საინტერესოა იმის ცოდნა, რა წყალს მოვიხმართ დასალევად. ამის გაზომვა კი მარტივად, ერთი მოწყობილობითაც შეგვიძლია.

ჩვენ პატარა ექსპერიმენტი On.ge-ს ოფისში ჩავატარეთ, რათა მოკლე დროში დაგვედგინა, აკმაყოფილებს თუ არა ის, სასმელი წყლის სტანდარტს. ამისთვის ინდიკატორის ტესტი გამოვიყენეთ, რომელიც 60 წამში ზომავს წყლის 6 პარამეტრს: მჟავიანობას, ჰიდროკარბონატულ სიხისტეს, საერთო სიხისტეს, ნიტრიტებს, ნიტრატებს და წყალში ქლორის არსებობას. ექსპერიმენტის შედეგად დადგინდა, რომ ჩვენი წყალი სასმელად ვარგისია.

ბუნებრივია, წყლის ხარისხის სწრაფი ტესტირება საკმარისი არ არის. ამისთვის სპეციალური მოწყობილობები და ლაბორატორიული კვლევებია საჭირო. აქედან გამომდინარე, უფრო ფართო სურათის მისაღებად და წყლის ხარისხის სიღრმისეული კვლევისთვის, სპეციალისტებთან ერთად უკვე თბილისის ზღვასა და კუს ტბაზე გადავინაცვლეთ.

ზაფხულში დასასვენებლად ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ადგილას, თბილისის ზღვაზე წყლის მუდმივი მონიტორინგი აუცილებელია. შესაბამისად, ჩვენი პირველი დანიშნულების ადგილიც სწორედ ეს წყალსაცავი იყო. ამჯერად ვამოწმებთ, რამდენად უსაფრთხოა აქ წყალი საბანაოდ.

წყლის ხარისხის დასადგენად ადგილზე რამდენიმე ნაბიჯის გავლაა საჭირო, რომელშიც გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი, გელა სანდოძე დაგვეხმარა. თავდაპირველად, წყლის სინჯი ვერტიკალური ბათომეტრის დახმარებით ავიღეთ. სიღრმიდან წყლის აღება, სწორედ მისი დახმარებით ხდება.

  • Recording results
  • Special mobile equipment for water testing
  • Samples for the laboratory
  • Gela Sandodze

შემდგომი ლაბორატორიული ანალიზის მიზნით კი, სპეციალური ხელსაწყოთი ადგილზევე გავზომეთ წყლის 5 პარამეტრი: pH, წყლის ტემპერატურა, გახსნილი ჟანგბადი, ელექტროგამტარობა და მარილიანობა. მიღებული შედეგები ადგილზევე დავაფიქსირეთ, რათა ტრანსპორტირებით გამოწვეული ცვლილება არ მიგვეღო.

„მაგალითად, ახლა თუ წყლის ტემპერატურა 19 გრადუსია, ტრანსპორტირების დროს, შეიძლება, გაიზარდოს ან დაეცეს, ამიტომ არის ადგილზე საჭირო მისი გაზომვა, რომ რეალური სურათი მოგვცეს საბოლოოდ“ – ამბობს გელა სანდოძე, გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი.

თბილისის ზღვის მსგავსად, ზაფხულის დადგომასთან ერთად საბანაო სეზონი იხსნება კუს ტბაზეც. ამიტომ, იმავე ნაბიჯების გავლით, წყლის ხარისხი აქაც შევამოწმეთ და ორივე ადგილიდან აღებული სინჯები ლაბორატორიაში წავიღეთ.

რას გულისხმობს ლაბორატორიული ანალიზი

ჩვენ მონიტორინგი ზედაპირულ წყლებზე განვახორციელეთ და როგორც ადგილზე დაფიქსირებული მონაცემებით გაირკვა, ყველა კომპონენტი დამაკმაყოფილებელი იყო.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ანალიზის ლაბორატორიის ხელმძღვანელმა, ელინა ბაქრაძემ ჩვენთან საუბრისას განმარტა, რომ ლაბორატორიული ანალიზის დროს ადგილზე გაზომილი 5 კომპონენტის გარდა, 30-მდე დამატებითი პარამეტრი იზომება.

ამ 5 კომპონენტის განსაზღვრა მნიშვნელოვანი იყო, რათა გაგვეგო, რა ხდება კონკრეტულ ობიექტზე და როგორი ხარისხის წყალია იქ.

„მე მომივიდა ამ კომპონენტების შედეგები, რაც აბსოლუტურად ნორმის ფარგლებშია. ხოლო დანარჩენი, რაც არის ქიმიური ინგრედიენტების სხვა კვლევები, უკვე ლაბორატორიაში განხორციელდება. ქიმიურ ანალიზებს ზოგადად, სჭირდება ხუთი სამუშაო დღე. რაც ადგილზე შეამოწმეთ, ამ შედეგებით აბსოლუტურად ნორმაშია ყველა კომპონენტი“ – აღნიშნავს ელინა ბაქრაძე, გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ანალიზის ლაბორატორიის ხელმძღვანელი.

იმისთვის, რომ სრულყოფილი მონიტორინგი განხორციელდეს, ლაბორატორიას სხვადასხვა მაღალტექნოლოგიური ხელსაწყო-დანადგარები სჭირდება. სწორედ რამდენიმე ასეთი ხელსაწყო-დანადგარი მიიღო უკვე ლაბორატორიამ ევროკავშირის წყლის ინიციატივა + პროექტისგან.

„ევროკავშირის წყლის ინიციატივა + პროექტის ფარგლებში, გარემოს ეროვნულმა სააგენტომ მიიღო რამდენიმე მაღალტექნოლოგიური ხელსაწყო, რომელიც საშუალებას მოგვცემს მოვამზადოთ ნიმუშები უფრო მაღალი სიზუსტით. ასევე, აღნიშნული ხელსაწყოებით ანალიზი საშუალებას მოგვცემს განვსაზღვროთ წყლის ჩარჩო დირექტივით მოთხოვნილი პრიორიტეტული დამაბინძურებლიდან რამდენიმე კომპონენტი“, ამბობს ელინა ბაქრაძე.

  • Elina Bakradze
  • Elina Bakradze makes a laboratory analysis of the samples
  • Laboratory test tubes
  • Analysing results at the laboratory with special equipment
  • Special equipment for laboratory analysis

ლაბორატორიული ანალიზის შედეგად წყალი 24 პარამეტრზე, მათ შორის, ნიტრატებზე, ფოსფატებზე, ქლორიდებზე, კალციუმზე და სხვა ინგრედიენტზე შემოწმდა. შედეგების მიხედვით, ყველა მათგანი ნორმაშია და დადგენილ ზღვარს აკმაყოფილებს.

რა კეთდება ევროკავშირის წყლის ინიციატივა + ფარგლებში

ევროკავშირის წყლის ინიციატივა + აღმოსავლეთ პარტნიორობისთვის წარმომადგენლის, ზურაბ ჯინჭარაძის განცხადებით, ამ ეტაპზე პროექტის ფარგლებში სააუზო გეგმები შემუშავდა, რომელიც შემდეგ საკანონმდებლო დონეზე მიღებასა და აღსრულებას საჭიროებს.

ჯინჭარაძის განმარტებით, მართვის გეგმა პირველ რიგში სიტუაციურ ანალიზსა და იმ პრობლემების გამოვლენას გულისხმობს, რაც დღეს შეიძლება აუზში არსებობდეს, იქნება ეს წყლის ეკოსისტემების დეგრადირება, დაბინძურება, რაოდენობრივი შეფასება თუ სხვა.

  • Zurab Jincharadze

საქართველოში პროექტის განხორციელების მთავარი მიმართულება სწორედ წყლის რესურსების მართვის გაუმჯობესებაა.

„პირველ რიგში, ეს არის მონიტორინგის გაუმჯობესება და ამისთვის ტექნიკური დახმარება, ტრენინგების ჩატარება, აღჭურვილობის შეძენა და ასე შემდეგ. გარდა ამისა, წყლის რესურსების მართვის მხრივ ჩვენ ვმუშაობთ სააუზო მართვის გეგმების მომზადებაზე და დღეისათვის მომზადებულია ორი დიდი საპილოტე აუზის მართვის გეგმები, ესენი არის ალაზანი-ივრის და ხრამი-დებედას სააუზო მართვის გეგმები. გარდა ამისა, სანაპირო ზოლისთვის, ჭოროხი-აჭარისწყლის აუზისთვის მომზადდა სანაპირო და გარდამავალი წყლის მართვის გეგმები” – აღნიშნავს ზურაბ ჯინჭარაძე.

პროექტი ევროკავშირის წყლის ინიციატივა + აღმოსავლეთ პარტნიორობისთვის 2016 წელს დაიწყო და 2021 წლის ივლისში დასრულდება. პროექტის მიზანია, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს დაეხმაროს, თავიანთი კანონმდებლობა და უნარები ევროკავშირის წყლის რესურსების მართვის სტანდარტებთან დააახლოვონ. პროექტი ამა წლის ივლისში სრულდება, თუმცა ახალი ფაზის ფარგლებში შემოდგომიდან იგეგმება სხვა აქტივობების განხორციელება, რომელიც შემუშავებული გეგმების აღსრულებას შეუწყობს ხელს და წყლის დაბინძურებას თავიდან აგვარიდებს.

ავტორი: ანა მსხალაძე

სტატია ქართულად On.ge-ზე



ყველაზე წაკითხული



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,