პოლიციელების გადამზადება საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობაზე რეაგირებას აუმჯობესებს
თებერვალი 28, 2022

პოლიციელების გადამზადება საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობაზე რეაგირებას აუმჯობესებს


„გამოკითხვის დროს 17 წლის გოგო სავარძელში იჯდა და თვალებში არავის უყურებდა. მოძალადეზე საუბრისას, რომელიც მისი ოჯახის წევრი იყო, გოგოს ერთხელაც არ უთქვამს სიტყვა „ადამიანი“. იგი მას „უსულო საგნად“ მოიხსენიებდა“, – ამბობს გამომძიებელი გვანცა გოგავა, რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამმართველოს უფროსი გამომძიებელია. ის, სხვა დანაშაულებთან ერთად, არასრულწლოვანთა მიმართ ოჯახში ძალადობის საქმეებს იძიებს.

გვანცა ძალადობის მსხვერპლ ქალებსა და გოგოებთან საუბარს იმ დროს უკვე მიჩვეული იყო და იცოდა, რომ ამ შემთხვევაში უდიდესი მნიშვნელობა მოზარდის ნდობის მოპოვებას ჰქონდა.

„გარდამტეხი აღმოჩნდა ფრაზა „ჩვენ შენი გვჯერა“. ამის შემდეგ არასრულწლოვანმა გოგომ თავი თავისუფლად იგრძნო და გვენდო, სხეულის ენა შეცვალა და ჩვენთან ვიზუალური კონტაქტი დაამყარა“, – იხსენებს გვანცა.

აღმოჩნდა, რომ 10 წლის განმავლობაში, არასრულწლოვანი გოგოს მიმართ ოჯახის წევრი სექსუალური ხასიათის ქმედებებს ახორციელებდა. მალე მისი უმცროსი დაც იმ ასაკის ხდებოდა, რა ასაკშიც მის მიმართ სექსუალური ძალადობა დაიწყო. პოლიციას მან სწორედ ამიტომ შეატყობინა.

ცემის, გაუპატიურებისა და ქალების წინააღმდეგ სხვა დანაშაულების პრევენცია და აღმოფხვრა პროექტის „საზოგადოების გაძლიერება გენდერული თანასწორობისთვის“ ერთ-ერთი მიზანია. მას დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი პროგრამის „ევროკავშირი გენდერული თანასწორობისთვის – ერთად გენდერული სტერეოტიპებისა და გენდერული ძალადობის წინააღმდეგ“ ფარგლებში ახორციელებს. იგი გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის მიერ, ევროკავშირის დაფინანსებით, ექვს ქვეყანაში მიმდინარეობს.

პროგრამის დახმარებით, პოლიციელები,  ქალებისა და გოგოების დასაცავად, გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიან გზებს სწავლობენ. ევროკავშირის მხარდაჭერითა და დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის ორგანიზებით, 2021 წლის გაზაფხულზე სასწავლო კურსი თბილისში, იმერეთსა და გურიის რეგიონებში 74-მა პოლიციელმა (52 კაცი და 22 ქალი) გაიარა. მონაწილეებმა მოისმინეს, თუ რას ნიშნავს გენდერული და ოჯახში ძალადობა, რამდენად მნიშვნელოვანია მსხვერპლთა მხარდაჭერა და საკითხის მიმართ კომპლექსური მიდგომა. ტრენინგებზე განიხილეს იმ ტიპის შემაკავებელი და დამცავი ორდერები, სასამართლოს გადაწყვეტილებები, რაც გენდერული ნიშნით ძალადობასთან დაკავშირებული საქმეების წარმოებაზე ახდენს გავლენას. კანონმდებლობისა და მისი ეფექტიანად გამოყენების შესახებ ცოდნის ამაღლების შემდეგ პოლიციელებს უკვე შეუძლიათ, მათი ქმედებები სათანადო არგუმენტებითა და პრეცედენტული სამართლით გაამყარონ.

„ჩვენ მიერ ჩატარებული ტრენინგები მიზნად ისახავდა შინაგან საქმეთა სამინისტროში მომუშავე პოლიციელებისა და ოჯახში ძალადობის პრევენციასა თუ რეაგირებაზე პასუხისმგებელი პირების ინფორმირებულობის, მგრძნობელობისა და პროფესიონალიზმის ამაღლებას“, – განმარტავს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის აღმასრულებელი დირექტორი ნინა ხატისკაცი. „ტრენინგების დროს, პოლიციელებს საშუალება ჰქონდათ, ის პრაქტიკული სირთულეები განეხილათ, რომლებიც დაკავშირებულია მტკიცებულებათა შეგროვებასთან და ოჯახში ძალადობის შემთხვევების შეტყობინების პროცესში საზოგადოების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ესაუბრათ. აუცილებელია, რომ მთავრობამ და სამოქალაქო საზოგადოებამ ერთად იმუშაონ გენდერული და ოჯახში ძალადობის აღმოსაფხვრელად“, – აღნიშნავს ნინა ხატისკაცი.

პოლიციის თანამშრომლების გადამზადების საფუძველს წარმოადგენს პარტნიორობა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტთან, რომელიც, კომპეტენციის ფარგლებში, სხვა მიმართულებებთან ერთად, მონიტორინგს უწევს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საქმეებს, უზრუნველყოფს მსგავს ფაქტებზე დროულ რეაგირებასა და მათზე მიმდინარე სამართალწარმოების ეფექტიანობას.

„ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას ვაგრძელებთ, პანდემიის მიუხედავად, გაეროსა და სხვა საერთაშორისო დონორებთან პარტნიორობით, შინაგან საქმეთა სამინისტრო კვალიფიკაციის ასამაღლებლად სხვადასხვა ტრენინგსა და სასწავლო კურსს გვთავაზობს, რათა ავიმაღლოთ კომპეტენცია და  საზოგადოებას უფრო მეტი ცოდნით აღჭურვილები ვემსახუროთ “, – ამბობს გვანცა გოგავა.

პოლიციის ტრენინგების გარდა, პროგრამა „ევროკავშირი გენდერული თანასწორობისთვის“ დამატებით პროექტებს ახორციელებს. მათ შორისაა, მოძალადეების ქცევის კორექციის პროგრამები საქართველოში.

პოლიციელები ხშირად სამართალდამცავი სისტემის ის წარმომადგენლები არიან, რომლებიც ოჯახში ძალადობის შესახებ პირველები იღებენ ინფორმაციას. შესაბამისად, ისინი მავნე სოციალური ნორმების აღმოსაფხვრელად, დანაშაულის პირისპირ, წინა ხაზზე დგანან.

ძალადობაგამოვლილი არასრულწლოვნის შემთხვევაში, „გოგო საკუთარ თავს იდანაშაულებდა. ის სულ წუხდა იმაზე, თუ რას იფიქრებდნენ სხვები“, – ამბობს გვანცა.

სამართალდამცავი ორგანოების მიერ ქალთა მხარდაჭერა გამოწვევებითაა სავსე, თუმცა შედეგები აშკარაა. გვანცა გოგავამ აღნიშნა, რომ დამნაშავის დაკავების შემდეგ არასრულწლოვანმა გოგომ სწავლა განაგრძო, ვარცხნილობა შეიცვალა და ახლებურად გამოიყურება.

„ძალიან მახარებს, როცა ვინმე უსაფრთხოდაა. მეც 13 წლის გოგო მყავს. მინდა, გოგოები შიშისა თუ ძალადობისგან დაცულები იყვნენ და ბედნიერი ცხოვრება ჰქონდეთ“. – აღნიშნავს გვანცა გოგავა.



ყველაზე წაკითხული



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,