“ეს მეგობრობა ომზე დიდხანს გასტანს” — საქართველო უკრაინის მხარდასაჭერად

“ეს მეგობრობა ომზე დიდხანს გასტანს” — საქართველო უკრაინის მხარდასაჭერად

აპრილი 27, 2022

რუსეთმა უკრაინაში ომი 24 თებერვალს დაიწყო. თითქმის ორი თვეა, ყოველი დღე უკრაინის ამბებით იწყება. სამწუხარო ცნობების ფონზე, ველით სასიკეთო სიახლეებს და ვიგებთ გმირობისა და სოლიდარობის ისტორიებს, რომლებიც ყველას აღგვაფრთოვანებს. უკრაინის მხარდასაჭერად საქართველოში ათასობით ადამიანი გაერთიანდა — რიგითი მოქალაქეები, მოხალისეები თუ ორგანიზაციები ჰუმანიტარულ ინიციატივებში ყოველდღიურად ერთვებიან.

18 თებერვალს ხუთი უკრაინელი მეგობარი საქართველოში სამოგზაუროდ ჩამოვიდა. 24 თებერვალს, როცა ომი დაიწყო, გუდაურში იყვნენ და სამშობლოში დაბრუნება ვერ შეძლეს. უცხო ქვეყანაში დარჩენილებს საცხოვრებლად ფინანსური რესურსის მობილიზება და ამავე დროს, უკრაინაში დარჩენილი ოჯახი, მეგობრები და ქვეყნის ბედი ექცათ სადარდებლად.

მოგვიანებით მეგობრების ნაწილი პოლონეთში, უკრაინის საზღვართან წავიდა, იულიანა და კატერინა კი საქართველოში დარჩნენ.

ამ დროს გაიცნეს რუსუდან ცხომელიძე, რომელმაც სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და უკრაინის მოქალაქეებს საცხოვრებლის უფასოდ დათმობა შესთავაზა. გამოუვალ სიტუაციაში ბინის ძიება უკრაინელი ახალგაზრდებისა და რუსუდანის ოჯახს შორის მეგობრობის დასაწყისად იქცა.

“ქართველი ხალხისგან ვგრძნობთ დიდ მხარდაჭერას” — იულიანა

პროფესიით სოციოლოგი იულიანა კიევში დაიბადა და გაიზარდა. ჰყავს კატა, რომელიც მამამისთან, კიევში დარჩა, დედა კი ირპინთან ახლოს ცხოვრობს. იულიანა მუდმივად ნერვიულობს, თუმცა იმითაც ბედნიერია, რომ ოჯახთან მუდმივი კონტაქტი აქვს.

“ომის დაწყებისთანავე ოჯახის ჩატი შევქმენი და რამდენიმე საათში ერთხელ ვამოწმებ, როგორი მდგომარეობაა”, — გვიყვება იულიანა და დარწმუნებულია, რომ ომი მალე, უკრაინის სასიკეთოდ დასრულდება.

“ამერიკული პრესა მუდმივად წერს, რომ რუს აგრესორებს გამოელევათ ძალა, აღჭურვილობა, მათი მორალური მდგომარეობაც არაა მტკიცე და ეს ყველაფერი იმედს მაძლევს, რომ ყოველივე მალე დამთავრდება. რთულია რამე განსაზღვრო, არავინ იცის, რუსეთი რას მოიმოქმედებს. იმედი მაქვს, რომ პოლიტიკური და ეკონომიკური წნეხი გავლენას იქონიებს და სასურველ შედეგს გამოიღებს”.

იულიანას სირთულეებთან გამკლავებაში კარგი სიახლეები, რუსუდანის ოჯახთან ურთიერთობა და ქართველი ხალხის მხარდაჭერა ეხმარება.

“რუსუდანის და სულხანის ოჯახთან ურთიერთობა გვიმსუბუქებს დარდს, მაქსიმალურად ცდილობენ მხარდაჭერას, გარდა იმისა, რომ ფინანსურ საკითხებზე არ გვიწევს ფიქრი, მენტალურადაც გვიდგანან გვერდში. რუსუდანის ოჯახთან დავმეგობრდით და ეს გვეხმარება. ზოგადად, ქართველი ხალხისგან ვგრძნობთ დიდ მხარდაჭერას.

ამ დღეებთან გამკლავებაში უკრაინასთან დაკავშირებული კარგი ამბებიც მეხმარება, ცუდი ამბებიც გამოერევა, მაგრამ ვცდილობ, კარგი სიახლეებით მცირედი შვება ვიგრძნო. ვსაუბრობ მეგობრებთან და ოჯახთან ვიდეოზარით, ვნახულობ კატებს, სოციალურ მედიას ვამოწმებ და ვხედავ, რომ უკრაინაში ცხოვრება გრძელდება, ახალ რუტინაზე გადაეწყვნენ — ეს ყველაფერი თითქოს ნერვიულობას ამცირებს”, — ამბობს იულიანა

“ომი არცერთ ქვეყანაში არ უნდა იყოს” — კატერინა

კატერინა ომამდე ბელორუსიდან, რუსეთიდან და უზბეკეთიდან ლტოლვილებს ეხმარებოდა და ცდილობდა მათთვის ქვეყნის დატოვების სტრესი შეემსუბუქებინა — უწევდა სამართლებრივ დახმარებას, სოციალურ სერვისებზე წვდომას უადვილებდა, ახლა კი თვითონ აღმოჩნდა სხვა ქვეყანაში დროებით ლტოლვილად.

“ჩვენ ომის გამო არ წამოვსულვართ, მაგრამ უკრაინაში დაბრუნების შესაძლებლობის მოსპობის გამო, ლტოლვილებად ვიქეცით. ომამდეც ლტოლვილებს ვეხმარებოდი, მოხალისე ვიყავი და ვცდილობდი, ადამიანებისთვის ცხოვრება უკეთესობისკენ შემეცვალა. ახლა, როცა უკრაინის მოქალაქეები ტოვებენ ქვეყანას და ევროპამ მისცა მათ იგივე შესაძლებლობა, მახარებს.”, — ამბობს კატერინა.

კატერინას ყოველდღიურობაც უკრაინაზე ფიქრში გადის. ოჯახი და ნათესავები უკრაინაში ჰყავს და მუდმივად მათ ამბებს ადევნებს თვალს, დარდობს კატაზეც, რომელიც იანვარში ქუჩიდან აიყვანა, ახლა კი ევაკუაციაშია.

“ჩემი დღე ახალი ამბებით იწყება და ახლა ის მდგომარეობაა, როცა სიახლე თუ არაა, უკვე კარგია. იქ, სადაც ნათესავები ცხოვრობენ, ხშირი დაბომბვებია, ბევრი ადამიანი გარდაიცვალა. დედაჩემიც არაა შორს ამ ადგილიდან. სოფელი, რომელშიც ცხოვრობს, ოკუპირებული იყო, თუმცა რისკების გამო რეგიონს არ დავასახელებ.

შეიძლება სიახლე პოზიტიურიც იყოს, მაგრამ ახალი თუ არაფერი ხდება, მაინც ბევრად უკეთესია. ვფიქრობ ომზე, ვფიქრობ, როგორ გავაგრძელებთ ცხოვრებას ომის შემდეგ, მეც იმედი მაქვს, რომ ომი მალე დასრულდება უკრაინის სასიკეთოდ, მაგრამ ვფიქრობ იმაზეც, რა ფასის გადახდა მოგვიწევს ამ უკეთესობისთვის. ვსვამ კითხვას, როგორ ავაშენებთ ქვეყანას ისევ? რაც კარგი კითხვაა და ამავდროულად — მტკივნეულიც, რადგან ზოგიერთ ქალაქს, რომლის აღებასაც ვერ ახერხებენ, ანადგურებენ და ანგრევენ. ჯერაც არ ვიცით, რამდენი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს. მეშინია ამ რიცხვის გაგების, რადგან დაახლოებით კი ამბობენ რაოდენობას, თუმცა არსებობს ეჭვი, რომ ბევრად მეტი შეიძლება მოეკლათ. და საერთოდ, არც აქვს მნიშვნელობა, რადგან არცერთი ადამიანი უნდა მომკვდარიყო”, — აღნიშნავს კატერინა.

“ომი არცერთ ქვეყანაში არ უნდა იყოს. არ ვფიქრობ მხოლოდ უკრაინაზე — მუდმივად მეფიქრება ჩეჩნეთზე, სერბეთზე, საქართველოზე, სირიაზე, სხვა ქვეყნებზე, კონტინენტებზე, რაც შემზარავია. მუდამ ეს ფიქრები მიტრიალებს თავში, რაც სტრესთან გამკლავების ცუდი გზაა, მაგრამ ვერაფერს ვახერხებ, ვცდილობ, ყურადღება გადავიტანო, მაგრამ ისევ და ისევ ვუბრუნდები ამ ფიქრებს”, – ამბობს კატერინა.

“ვცდილობთ, ერთმანეთს რთული დღეები შევუმსუბუქოთ” — რუსუდანი

რუსუდანი, იულიანას და კატერინას მასპინძელი საქართველოში, ომის პერიოდში დაწყებულ მეგობრობაზე გვიყვება. ამბობს, მართალია, მცირე ხანია ერთმანეთს ვიცნობთ, მაგრამ უკვე დავმეგობრდით და ვცდილობთ, ერთმანეთს რთული დღეები შევუმსუბუქოთო. რუსუდანის ოჯახი და მისი სტუმრები ერთად ცდილობენ, სირთულეები გადალახონ და მომავალში გამარჯვებულ უკრაინაში მოგზაურობასაც გეგმავენ.

რუსუდანი ამბობს, რომ საქართველოს მხარდაჭერა, მათ შორის, მსვლელობები უკრაინელებისთვის მნიშვნელოვანია, რადგან ხედავენ, რომ მათ მხარეს უამრავი ადამიანი დგას.

“ჩემ გარშემო ძალიან ბევრი ადამიანი ცდილობს, რომ შეძლებისდაგვარად დაეხმაროს უკრაინას და უკრაინელებს. მონაწილეობენ ჰუმანიტარული დახმარების შეგროვებაში, მოხალისეობრივ აქტივობებში ერთვებიან, ზოგიერთი პოლონეთშიც წავიდა და ლტოლვილებს ეხმარება, მხარდამჭერ აქციებზე გასვლაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, რადგან იმ პერიოდში კატერინა და იულიანა უკვე ჩემთან იყვნენ და ვხედავდი, რამდენად მნიშვნელოვანი იყო მათთვის ეს მხარდაჭერა. მოქალაქეების თანაგანცდა არის ძლიერი და ამის არაერთი მაგალითი ვიხილეთ, რაც სასიხარულოა”.

კატერინას, იულიანას და რუსუდანის ოჯახის სამომავლო მიზანი მეგობრობის კიდევ უფრო განმტკიცება და საქართველოსა და უკრაინის ბევრად მშვიდ გარემოში მონახულებაა.

როგორც იულიანა გვეუბნება, “ეს მეგობრობა ომზე დიდხანს გასტანს”.

ანა კუპრავა — მოხალისე, რომელიც უკრაინელ მოზარდებს ეხმარება

16 წლის ანა მოხალისეობრივ საქმიანობაში 2020 წელს, პანდემიის დაწყებისას ჩაერთო. ამ გზით სოციალური დანაკლისის შევსება და განვითარების შესაძლებლობების ძიება სცადა, თანაც უნდოდა, სიახლეები გაეგო და სამყაროსთან კონტაქტი შეენარჩუნებინა. ასე აღმოჩნდა Helping Hand-ში, მოხალისეობრივ ორგანიზაციაში, რომლის წევრიც 2 ათასზე მეტი ქართველი ახალგაზრდაა.

“Helping Hand-ში ჩემი ბევრი მეგობარი იყო გაწევრიანებული და გადავწყვიტე მეც მეცადა ბედი. თანაც მინდოდა, ჩემი მრავალფეროვანი ინტერესებისთვის თავი მომეყარა. მოხალისეობრივი საქმიანობის განმავლობაში არაერთ აქტივობაში ვყოფილვარ ჩართული, იქნება ეს მოხუცებისა და შშმ პირების დახმარება, აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანებთან მუშაობა თუ სხვა. ეს გამოცდილება ახალი შესაძლებლობების დანახვაში დამეხმარა და ახლა უკვე უკრაინის მხარდამჭერ ინიციატივაშიც აქტიურად ვარ ჩართული”, — გვიყვება ანა, რომელმაც უკრაინელ მოზარდებზე ზრუნვა ჰუმანიტარული დახმარების შეგროვებით გადაწყვიტა.

იმისთვის, რომ უკრაინელი ბავშვებისა და მოზარდებისთვის სტრესი შეემსუბუქებინა, თანამოაზრეები შემოიკრიბა.

“გადავწყვიტე, რომ ინიციატივაში ნებისმიერი ადამიანი ჩამერთო, მიუხედავად მათი პროფესიისა. განვათავსე ინფორმაცია ტიკტოკზე, ფეისბუკზე, ინსტაგრამზე, რათა სხვადასხვა ასაკის ადამიანებს დავკავშირებოდით. ვმონაწილეობთ როგორც დახმარების შეგროვებაში, ისე რესურსების დახარისხებაში”.

როგორც ამბობს, ეს პროცესი რთული არ აღმოჩნდა, რადგან დაინახეს, რომ ადამიანებს ურაინელების დახმარების დიდი სურვილი ჰქონდათ.

“მოტივაციის მომცემია, როცა ხედავ, რომ მატერიალურად, ნივთების გაღებით თუ თბილი სიტყვებით ცდილობენ მხარდაჭერას. შევაგროვეთ თბილი ტანსაცმელი, ჰიგიენური საშუალებები, ბურღულეული და ისეთი სურსათი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ინახება”, — ამბობს ანა.

ამ ინიციატივის ფარგლებში ახალგაზრდა მოხალისეებს მხოლოდ ჰუმანიტარული დახმარება არ შეუგროვებიათ. მათ უნდოდათ, პოზიტიური ემოციაც გაეზიარებინათ, ამიტომ ხელნაწერი წერილები დაწერეს და ლამაზად გააფორმეს.

“იმედი გვაქვს, გზავნილები ადრესატამდე მივა და გახსნის მომენტში სითბოს, ქართველი მოზარდების მხარდაჭერას იგრძნობენ. ჩავწერეთ ვიდეოებიც და გავაგზავნეთ. ეს ომი ჩვენთვისაც რთულია. ამ ინიციატივის დაწყების დღიდან ბევრი უცხოელი ახალგაზრდა, მათ შორის, უკრაინელები გავიცანი და მუდმივად ვეკონტაქტები, ვცდილობ, სიახლეები გავიგო. ასევე, მათაც გავაგებინო იმ ინიციატივებზე, რაც საქართველოში ხორციელდება”, — გვიყვება ანა.

კითხვაზე, რატომ გადაწყვიტა უკრაინის მხარდამჭერი ინიციატივის წამოწყება, გვპასუხობს, რომ მისთვის უკრაინელი მოზარდების ბედზე ფიქრი მტკივნეულია, ამიტომ ცდილობს, გვერდში დაუდგეს:

“მგონია, რომ ომი განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვისაა მტკივნეული. სულ მეფიქრება იმ მოზარდებზე, რომლებიც სკოლაში უნდა მიდიოდნენ, მაგრამ ამის ნაცვლად გზაში არიან, ქვეყანას ტოვებენ და ცდილობენ, სიცოცხლე გადაირჩინონ. ამიტომ უნდა ჩავერთოთ მოხალისეობრივ საქმიანობაში, დავეხმაროთ მოზარდებს უკრაინიდან, ვისწავლოთ ომგამოვლილ ადამიანებთან ურთიერთობა, ხელი შევუწყოთ, რომ სტრესს გაუმკლავდნენ”, – ამბობს ანა.

გარდა მოხალისეობისა, ანა ახალგაზრდა ევროპელი ელჩიც არის და ამის წყალობით ევროპის რეგიონიდან, მათ შორის, უკრაინიდან არაერთი აქტიური ახალგაზრდა გაიცნო. “ახალგაზრდა ევროპელი ელჩების” ინიციატივა წარმოადგენს პლატფორმას, რომელიც ევროკავშირის შესახებ საერთო იდეებისა და ინფორმაციის გაცვლის გაადვილებას ისახავს მიზნად. სხვა ქართველ ახალგაზრდა ევროპელ ელჩებთან ერთად ანა მონაწილეობს გარემოსდაცვით წამოწყებებში, რეგიონებში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის სხვადასხვა ინიციატივის თუ პროექტის შესახებ ესაუბრება, ახლახან კი, უკრაინის მხარდასაჭერი ვიდეოც კი მოამზადეს, რომელიც ქართველი ახალგაზრდების სოლიდარობას გამოხატავს.

ანას თქმით, ყველა ადამიანი უნდა მიხვდეს, რომ განსაკუთრებით ამ დროს, გლობალიზაციის საუკუნეში, მთელი მსოფლიო დაკავშირებულია და სხვა ქვეყნების პრობლემები ჩვენზეც გავლენას ახდენს, ამიტომ უფრო აქტიურები უნდა ვიყოთ და ვეცადოთ სამყარო უკეთესობისკენ შევცვალოთ.

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება უკრაინელების ყოველდღიურ სამსახურში

სოლიდარობის აქციაში მხოლოდ რიგითი მოქალაქეები და მოხალისეობრივი ორგანიზაციები არ არიან ჩართული, მათ შორისაა ისეთი საერთაშორისო ორგანიზაცია, როგორიც წითელი ჯვარია. ყველაზე დიდი საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციის, წითელი ჯვრის საზოგადოების ქართულმა წარმომადგენლობამ რუსეთის უკრაინაზე თავდასხმისთანავე დაიწყო მუშაობა, რათა ომისგან დაზარალებულ მოქალაქეებს დახმარებოდა.

ორგანიზაცია სხვადასხვა კერძო კომპანიასთან გაერთიანდა და მუსიკალური მარათონით თუ სხვა კამპანიებით ფულის შეგროვება დაიწყო. 22 მარტის მონაცემებით, უკრაინელთა დასახმარებლად 1,887,322 ლარი შეგროვდა.

ამასთან, წითელი ჯვრის საქართველოს საზოგადოებამ, რომელსაც უკრაინულ მხარესთან მუდმივი კონტაქტი აქვს, გადაწყვიტა გაეგო, რა საჭიროებები ჰქონდათ მეგობარი ქვეყნის მოქალაქეებს და ჰუმანიტარული დახმარება შეაგროვა. 22 მარტს უკრაინაში პირველი ტვირთი გაიგზავნა — 40 ტონამდე დახმარება ქართველმა მოხალისეებმა უკრაინის ქალაქებამდე ჩაიტანეს.

“საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ინიციატივით, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ფსიქოსოციალური დახმარების საკოორდინაციო პლატფორმა ამოქმედდა, რომელიც იმ ორგანიზაციებს და პროფესიულ ჯგუფებს აერთიანებს, რომლებიც უკრაინის მოქალაქეებს ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ფსიქოსოციალური დახმარების მომსახურებას უფასოდ სთავაზობს”, — ამბობენ ორგანიზაციაში.

უკრაინელების დასახმარებლად წითელი ჯვრის მიმდინარე ინიციატივებში მონაწილეობის, მათ შორის, ფულადი შემოწირულობის გასაკეთებლად შეგიძლიათ Redcross.ge-ს ესტუმროთ.

დაბოლოს, ეს მხოლოდ ერთეული მაგალითებია. სოციალურ ქსელებში ყოველდღიურად ვხვდებით საქართველოდან ახალ-ახალ ინიციატივებს უკრაინის მხარდასაჭერად. რიგითი მოქალაქეები, ბიზნესები თუ ორგანიზაციები ომის დაწყების დღიდან ერთიანდებიან ერთი მიზნით — არ დარჩეს უკრაინის არცერთი მოქალაქე მხარდაჭერის გარეშე.

ავტორი: გიორგი ბასხაჯაური

სტატია ქართულად On.ge-ზე




გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის B&S ევროპის კონსორციუმი.

ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით.
© European Union,