ელექტროოცნებები: უკეთესი მომავლის დაგეგმვა საქართველოში
სექტემბერი 4, 2020

ელექტროოცნებები: უკეთესი მომავლის დაგეგმვა საქართველოში


ელექტროენერგეტიკული სისტემის ოპერატორი ყოველთვის უნდა გეგმავდეს ქსელის ინფრასტრუქტურას ისე, რომ დააკმაყოფილოს მომხმარებლის მოთხოვნა. ასეთი დაგეგმარება იმითიცაა მნიშვნელოვანი, რომ მოხმარების მოთხოვნის უსაფრთხო დაკმაყოფილების საშუალებასაც იძლევა. ასევე, ითვალისწინებს ახალ გამოწვევებსაც, როგორიცაა განახლებადი ენერგია და ელექტრომობილები. ასეთ გამოწვევებს, შედეგად, შეიძლება ელექტროენერგიის არამდგრადი გადადინება მოყვეს, რაც, გადასაწყვეტად,  თანამედროვე ანალიტიკასა და გათვლის მეთოდოლოგიას ითხოვს. სწორად ამ მიზნით ეხმარება ევროკავშირი (EU) საქართველოს ეროვნული სისტემის ოპერატორს, „საქართველოს ელექტროსისტემას“ (GSE) დღესვე დანერგოს დაგეგმარების მძლავრი სისტემა უკეთესი მომავლის უზრუნველსაყოფად.

მრავალდონიანი მიდგომა

ენერგეტიკული სისტემის დაგეგმარება გულისხმობს ქვეყნის გენერაციის, გადაცემისა და განაწილების სისტემების მოკლე-, საშუალო- და გრძელვადიანი გაფართოების სტრატეგიების შემუშავებას. დაგეგმვა ეფუძნება პროგნოზირებულ მოთხოვნას, სათვალავში მიიღება, აგრეთვე, შესაბამისი ტექნიკური, ეკონომიკური, პოლიტიკური და გარემოსდაცვითი ხასიათის ფაქტორები.

სტრატეგიული დაგეგმარების საშუალებები განისაზღვრება ბაზრის კვლევებითა და დაწვრილებითი ტექნიკური ანალიზით. ვინაიდან, მოთხოვნაც და გენერაციის სიმძლავრეებიც გამუდმებით იზრდება, რასაც სწრაფად განვითარებადი ტექნოლოგიები ერთვის, ელექტროენერგიის მუდმივი უსაფრთხო და სანდო მიწოდება რთულდება. შესაბამისად, ენერგეტიკული სისტემის დაგეგმარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საქმეა, ვინაიდან სწორად მისი მეშვეობითაა შესაძლებელი როგორც არსებული, ასევე, სამომავლო ქსელების მდგრადობისა და საიმედოობის უზრუნველყოფა.

  • Baratashvili bridge, Tbilisi, Georgia
  • electric grids

დაგეგმარება, აგრეთვე, უმნიშვნელოვანესია „ენერგეტიკული კავშირისა“ და „პარიზის შეთანხმების“ მიზნების მისაღწევად. ევროპის თითქმის ყოველ მოქალაქეს სურს მდგრადი განვითარების ხელშემწყობი, უსაფრთხო და სუფთა ენერგია, ხელმისაწვდომ ფასად. ამ მიზნით, ევროკავშირის მიერ შემოღებულ იქნა ე.წ. „ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმა“ (TYNDP). გეგმის ფარგლებში, „ელექტროენერგიის გადამცემი სისტემების ოპერატორების ევროპულ ქსელს“ (ENTSO-E) მოეთხოვება, გაასაჯაროვოს ქსელის განვითარების საკუთარი გეგმები მომდევნო 10 და 20 წლისათვის.

საქართველომ „ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმა“ ენერგეტიკული თანამეგობრობის (EnC) შეთანხმების ხელის მოწერასთან ერთად მიიღო. გეგმა მოიცავს საქართველოს ენერგეტიკული სისტემის ხედვას 2025 წლის მიღმა.

სამსაფეხურიანი პროცესი

ენერგეტიკული სისტემის დაგეგმარებას განაპირობებს შემდგომი სამი საკვანძო ელემენტი:

  • სავარაუდო სამომავლო გამოწვევების სცენარები.
  • სისტემის ოპერირება და მიწოდების უსაფრთხოება.
  • გრძელვადიანი სტრატეგიული გეგმები, მაგალითად „ენერგეტიკული სისტემა 2040“ და რეგიონალური ინვესტირების გეგმები.

„მეთოდოლოგია გულისხმობს, პირველ რიგში, სხვადასხვა სცენარის შეფასებას, ვიდრე ყურადღება დაეთმობა გრძელვადიან სტრატეგიულ გეგმებს, რომლებიც ფასდება სისტემის შეზღუდვებისა და მიწოდების უსაფრთხოების მაჩვენებლების მიხედვით“, ადასტურებს სებასტიან სტეფანესკუ, მთავარი ექსპერტი.

პროცესი, მთლიანად, ქვემოთაა აღწერილი:

Figure 1: ENTSO-E planning methodology ცხრილი 1: ENTSO-E-ს მეთოდოლოგიის დაგეგმვა 

ENTSO-E-ს მეთოდოლოგიებისა და პროცედურების გამუდმებული განვითარების კვალდაკვალ, ევროკავშირი „საქართველოს ენერგოსისტემას“ დაგეგმარების ახალი პროცედურების შემუშავებაში ეხმარება. ამ მეთოდოლოგიათა და პროცედურათა შორის, ივარაუდება დაგეგმარების სისტემაში ისეთი ტექნოლოგიების სწრაფი ინტეგრირება, როგორიცაა ელექტრომობილები და განახლებადი ენერგიის წყაროები, რაც, თავის მხრივ, უკეთ წარმოაჩენს ქვეყნის ენერგეტიკის სამომავლო განვითარებას მრეწველობის ყველა დარგში.

პროექტის ფარგლებში, როგორც ევროკავშირის წარმომადგენლებმა, ასევე ეროვნულმა ექსპერტებმა საგულდაგულოდ შეისწავლეს დაგეგმარების სფეროში საქართველოში დღესდღეისობით გამოყენებული დოკუმენტაცია და პროცედურები.

„ეს კვლევა დაგვეხმარა სცენარების შემუშავებაში, და, თანადროულად, დაგვადგენინა პროცესისთვის მნიშვნელოვანი ძირითადი დაინტერესებული მხარეები. აგრეთვე, აღმოვაჩინეთ, რომ მოხმარება, ეკონომიკური მაჩვენებლები, ურთიერმიერთებები და არსებული რესურსები – ეს ყოველივე ერთობლივად, – საფუძვლად უნდა დაედოს დაგეგმარების პროცესს“, – ამბობს მთავარი ექსპერტი, სებასტიან სტეფანესკუ.

დღესდღეისობით, ეს მონაცემები მხოლოდ ნაწილობრივაა ხელმისაწვდომი, რაც ართულებს დაგეგმარების პროცესს. საკვანძო დაინტერესებულ მხარეთა დადგენას, როგორებიცაა გადაწყვეტილების მიმღებნი, მარეგულირებელი ორგანოები, სისტემის ოპერატორები და აკადემიური წრეები, საკუთარი წვლილი შეაქვს სცენარების შემუშავებაში.

Figure 2: Scenario building set up and key stakeholders in the planning process

ცხრილი 2: სცენარების შემუშავება და საკვანძო ჩართული მხარეები დაგეგმარების პროცესში

სცენარების შემუშავება ეფუძნება სისტემის ოპერატორსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს შორის თანამშრომლობას, რამაც საქართველოს მიერ სწორი გზის არჩევა უნდა უზრუნველყოს.

პროექტის გუნდმა, აგრეთვე, განსაზღვრა გრძლვადიან დაგეგმარებასთან დაკავშირებული მრავალრიცხოვანი უპირატესობა, მათ შორის, სამომავლო ტექნოლოგიების მარტივი შერწყმა, ქვეყნის განვითარების პოტენციალის უკეთესი შეფასება და სხვადასხვა სოციალური სარგებელი, მათ შორის, გარემოსდაცვითი ხასიათისა. ეს უპირატესობანი მნიშვნელოვანია, რამდენადაც საქართველოს საზოგადოების საჭიროებებს პასუხობს და კეთილდღეობას უზრუნველყოფს.

სწავლება და სასწავლო ტურები

პროექტის ფარგლებში, „საქართველოს ენერგოსისტემის“ ექსპერტთა სასარგებლოდ, მოეწყო რამდენიმე სასწავლო ღონისძიება. დამატებით, დაწვრილებით იქნა განხილული  დაგეგმარების შემოთავაზებული პროცედურები და მოხდა მათი ქართული სინამდვილისადმი მისადაგება. დასკვნით ეტაპზე კი, 2019 წლის ივლისში, შედგა სასწავლო ტური გერმანულ სისტემის ოპერატორ 50Hertz-თან, რომლის ფარგლებშიც „საქართველოს ენერგოსისტემის“ ექსპერტებმა, გერმანული კოლეგებისგან, შეიტყვეს ახალი პროცედურების შესახებ.

  • GSE experts visit German System Operator 50 Hertz, July 2019
  • GSE Experts, study visit

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მხარდაჭერა დარგის ახალი რეგულაციების დანერგვის საქმეში“ გაიშვა 2019 წლის მარტში და წელიწადნახევარს გასტანს. პროექტს ახორციელებენ EGI (გერმანია) და LDK (საბერძნეთი). პროექტი მიზნად ისახავს, დაეხმაროს „საქართველოს ენერგოსისტემას“ ელექტროენერგიის ბაზრის რეფორმირებაში ევროკავშირის კანონმდებლობის სრული გათვალისწინებით.



ყველაზე წაკითხული



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,