Stand up for Ukraine: ევროპის საინვესტიციო ბანკი უკრაინელი ლტოლვილებისთვის დამატებით 4 მილიარდ ევროს გამოყოფს
აპრილი 12, 2022

Stand up for Ukraine: ევროპის საინვესტიციო ბანკი უკრაინელი ლტოლვილებისთვის დამატებით 4 მილიარდ ევროს გამოყოფს


ევროპის საინვესტიციო ბანკმა (EIB) 2022 და 2023 წლებისთვის 4 მილიარდი ევროს ბიუჯეტის მქონე პროგრამის დაწყების შესახებ განცხადება გაავრცელა. ინიციატივა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ქალაქებსა და რეგიონებს დაეხმარება, დააკმაყოფილონ გადაუდებელი საინვესტიციო საჭიროებები და გადაჭრან უკრაინელ ლტოლვილთა მიღებასა და ინტეგრაციასთან დაკავშირებული გამოწვევები.

EIB-ის ახალი პროგრამა, რომელიც ბანკის დირექტორთა საბჭომ უნდა დაამტკიცოს, მიზნად იმ ძირითადი სოციალური ინფრასტრუქტურის განვითარების დაფინანსებას ისახავს, რომელიც ლტოლვილებს საჯარო სერვისებით უზრუნველყოფს. ეს მოიცავს საცხოვრებლებს, სკოლებს, საავადმყოფოებს და საბავშვო ბაღებს. ფინანსურ დახმარებას თან დაერთვება საკონსულტაციო მხარდაჭერაც. კერძოდ, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ადგილობრივ ხელისუფლებებს გაეწევათ უფასო ტექნიკური დახმარება, რათა სწრაფად შეფასდეს ადგილობრივი საჭიროებები და დაიგეგმოს და მომზადდეს შესაბამისი ინვესტიციები. 

2022 წლის 4 მარტს EIB-ის საბჭომ უკვე დაამტკიცა სოლიდარობის პაკეტი უკრაინისთვის. ამ პაკეტის ფარგლებში, 8-დან 25 მარტამდე პერიოდში ევროკავშირის ბანკმა უკრაინის მთავრობისთვის გადაუდებელი მხარდაჭერის სახით 668 მილიონი ევრო გამოყო. ამასთან, EIB მუშაობს შემდგომი დაფინანსების უზრუნველყოფაზეც, რათა მისცეს უკრაინის მთავრობას საშუალება, განაგრძოს სასიცოცხლო მნიშვნელობის საჯარო სერვისების მიწოდება ქვეყანაში დარჩენილი მოქალაქეებისთვის. სავარაუდოდ, ეს დაფინანსება მოხმარდება სატრანსპორტო, ენერგეტიკულ, ურბანული განვითარების და ციფრულ პროექტებს. დახმარება ევროკომისიასთან თანამშრომლობით მომზადებული უკრაინის სოლიდარობის პაკეტის ნაწილს წარმოადგენს. 

EIB უკრაინის და უკრაინელი ლტოლვილების მხარდასაჭერად ახალი გზების ძიებას ევროკომისიასთან ერთად გააგრძელებს. კერძოდ, მსგავსი ძალისხმევა ახლახან დაწყებული InvestEU პროგრამის სოციალური ინვესტიციების და უნარების პროექტების მეშვეობით გაიწევა.

„ყველანი შეძრწუნებულები ვართ იმ საშინელი განადგურებით, რომელიც თავს დაატყდა უკრაინას და მის ხალხს“, — განაცხადა EIB-ის პრეზიდენტმა, ვერნერ ჰოიერმა, — „დღეს მილიონობით უკრაინელი ტოვებს საკუთარ ქვეყანას მშვიდობის და უსაფრთხოების ძიებაში. ის საშინელება, რომლის მოწმენიც გავხდით, აძლიერებს ჩვენს გადაწყვეტილებას, ვიმოქმედოთ დაუყოვნებლივ. უკრაინისთვის გამოყოფილი საწყისი სოლიდარობის პაკეტით და ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის განსაზღვრული ამ ახალი 4 მილიარდი ევროს ღირებულების პროგრამით, ჩვენ მხარს დავუჭერთ უკრაინას და დავეხმარებით საზოგადოებებს, მიიღონ ლტოლვილები და უზრუნველყონ მათთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი მოთხოვნები — საცხოვრებლები, სკოლები, საავადმყოფოები“.

EIB-მა ლტოლვილებსა და უკრაინაში იძულებით გადაადგილებულ პირებს მხარდაჭერა ფინანსების მოზიდვის გლობალურ ღონისძიებაზე, „Stand Up For Ukraine“, აღუთქვა. ვარშავაში 9 აპრილს გამართული ამ კამპანიის ინიციატორებს ევროკომისია, კანადის მთავრობა და საერთაშორისო სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია, „Global Citizen“, წარმოადგენდნენ.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,