საქართველო ევროკავშირის მხარდაჭერით მონაცემთა დაცვის ახალ საგანმანათლებლო პროგრამას განახორციელებს

საქართველო ევროკავშირის მხარდაჭერით მონაცემთა დაცვის ახალ საგანმანათლებლო პროგრამას განახორციელებს

იანვარი 29, 2021

28 იანვარს გამართულ ონლაინ კონფერენციაზე საქართველოში უმაღლესი განათლების სასწავლო პროგრამაში მონაცემთა დაცვის დანერგვის საკითხები განიხილეს. ამით დასრულდა საჯარო საინფორმაციო კამპანია, რომელიც მონაცემთა დაცვის დღის აღსანიშნავად საქართველოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ინიციატივით ჩატარდა.

ევროკავშირის (EU), გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისრის ოფისის (OHCHR) ხელშეწყობით განხორციელებულ ერთკვირიან კამპანიაში მონაწილეობდნენ სახელმწიფო უწყებები, სამოქალაქო საზოგადოება, სკოლები და მოქალაქეები. კამპანიამ მოიცვა ისეთი მრავალფეროვანი საკითხები, როგორებიცაა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ინფორმაციის დამუშავება და სოციალური მედიის გამოყენებით მონაცემთა დაცვის ახალი საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვა.

„მნიშვნელოვანია, რომ როგორც მოქალაქეები, ასევე საჯარო და კერძო სექტორი საკუთარი პერსონალური მონაცემების დაცვის მნიშვნელობის შესახებ სრულ ინფორმაციას ფლობდნენ “, — განაცხადა სახელმწიფო ინსპექტორმა, ლონდა თოლორაიამ, — „ამის მისაღწევად, საქართველოს მთავრობა საჭირო ზომებს ატარებს არსებული კანონმდებლობის დახვეწისა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვის მიზნით“.

ამ ძალისხმევის ფარგლებში კერძო და საჯარო დაწესებულებებში პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის პოზიცია დაინერგება. ეს განხორციელდება ახალი კანონის, ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“, საფუძველზე, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა საქართველოს პარლამენტში განსახილველად 2019 წელს წარადგინა. ამ კანონის ძალაში შესვლის შემდეგ ყველა ორგანიზაციაში უზრუნველყოფილი იქნება პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის დანიშვნა. ახალი კანონის მიღება საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებში  ევროკავშირის სტანდარტებს შეუსაბამებს.

გარდა ამისა, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა და საქართველოს რამდენიმე უნივერსიტეტმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში სტუდენტებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნისა და საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვის შესახებ. ონლაინ კონფერენციაზე, რომელსაც მთავრობის, ევროკავშირის და გაეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ, საქართველოს ეროვნულმა უნივერსიტეტმა (სეუ) და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა სტუდენტური ესეების კონკურსში გამარჯვებულებიც დააჯილდოეს. კონკურსის მიზანი მონაცემთა დაცვის  საკითხებზე სტუდენტების ცოდნის გაღრმავება იყო.

22-28 იანვრის საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში ასევე გაიმართა სტუდენტთა ონლაინ კონფერენცია, ფოტო-კონკურსი სკოლის მოსწავლეებისთვის, სახელმწიფო ინსპექტორის Facebook-ლაივი ინტერნეტის უსაფრთხოდ გამოყენების საკითხებზე და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ანგარიშის წარდგენა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მონაცემებისა და ბავშვთა მონაცემების დაცვის შესახებ.

ევროკავშირი (EU), გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისრის ოფისი (OHCHR) საქართველოში პერსონალურ მონაცემთა დაცვას 2013 წლიდან უჭერენ მხარს. სწორედ ამ წელს ჩამოყალიბდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ოფისი (სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის კანონიერი წინამორბედი).

ევროკავშირისა და გაეროს მხრიდან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მხარდაჭერა ხორციელდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული 2.5 მილიონი ევროს ბიუჯეტის მქონე პროგრამის, „ადამიანის უფლებები ყველასთვის“, ფარგლებში. პროგრამა 2023 წლამდე გაგრძელდება და მისი მიზანია ადამიანის უფლებების დაცვა და ხელშეწყობა საქართველოში.

დამატებით ინფორმაცია

პრესრელიზი

მონაცემთა დაცვის დღე



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის B&S ევროპის კონსორციუმი.

ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით.
© European Union,