საქართველო: 2020 წლის განმავლობაში ევროკავშირის მხარდაჭერით ტრენინგი 700-ზე მეტ ფერმერს ჩაუტარდა
იანვარი 29, 2021

საქართველო: 2020 წლის განმავლობაში ევროკავშირის მხარდაჭერით ტრენინგი 700-ზე მეტ ფერმერს ჩაუტარდა


2020 წელს საქართველოში 700-ზე მეტმა ფერმერმა მიიღო მონაწილეობა ევროკავშირის მხარდაჭერით გამართულ გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მიერ ორგანიზებულ ტრენინგის პროგრამებში. პროგრამის, ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის (ENPARD), ფარგლებში ჩატარებული ტრენინგები მოიცავდა მრავალ ისეთ მნიშვნელოვან საკითხს, როგორებიცაა ნიადაგის მომზადება და სათესლე მასალის შერჩევა, ირიგაცია, მოსავლის აღება, აღებული მოსავლის შენახვა და ბაზრებამდე ტრანსპორტირება.

„საქართველოს მოსახლეობის თითქმის ნახევარი სოფლის მეურნეობაზე საარსებო წყაროს მიღების მხრივ არის დამოკიდებული, ხოლო მეორე ნახევარი — სასურსათო უსაფრთხოების ქონის თვალსაზრისით“, — აღნიშნა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის სოფლის მეურნეობის, მეთევზეობის და სურსათის უვნებლობის პროგრამის მენეჯერმა, ჟორჟ დეუმ, — „ევროკავშირი და FAO ერთად ვმუშაობთ ფერმერთა პროდუქტიულობის გასაზრდელად, რისთვისაც მათ თანამედროვე, ეკოლოგიურად მდგრად და ხარჯეფექტიან სასოფლო-სამეურნეო მეთოდებს ვაცნობთ… ამის შედეგად, ჩვენმა არაერთმა ბენეფიციარმა წარმოება 40%-ით გაზარდა, ხოლო ხარჯები 30%-ით შეამცირა. მაგრამ რაც უფრო მნიშვნელოვანია, ახალ ცოდნას და უნარებს ფერმერები ერთმანეთს ენთუზიაზმით უზიარებენ, ეს კი ქვეყანაში სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობას გაცილებით მეტად გაზრდის”.

საქართველოს სხვადასხვა რეგიონში 40-ზე მეტი სადემონსტრაციო ნაკვეთია შექმნილი, რამაც ფერმერებს საშუალება მისცა, უშუალო დაკვირვების შედეგად გაეთავისებინათ მოწინავე სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკები. კახეთის რეგიონში 263 ფერმერს ტრენინგთა სპეციალური სერია თხილის მოყვანის დარგში ჩაუტარდა. კახეთის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, იმერეთის, გურიის და აჭარის 11 მუნიციპალიტეტში კი ჩატარდა ტრენინგი კლიმატგონივრული სასოფლო-სამეურნეო მეთოდების საკითხზე.

„პანდემიის გამო ახლა ძალიან რთული დროა. წელს ჩემი მოსავლის გაყიდვა გამიჭირდა. თუმცა წვეთოვანი ირიგაციის სისტემის დაყენების შემდეგ ნესვის მოსავლის აღება მაშინაც მოვახერხე, როცა მეზობელ ნაკვეთებზე მოსავალი უკვე მილეული იყო“, — ამბობს ლალი სიხაშვილი, ფერმერი ახმეტის მუნიციპალიტეტიდან, რომელმაც ტრენინგის პროგრამაში მიიღო მონაწილეობა.

ფერმერთა ტრენინგის პროგრამები მთელი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და მოიცავდა როგორც სეზონურ, ისე არასეზონურ სამეურნეო საკითხებს. გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) აგრონომები ფერმერებს ღია ნაკვეთების მოწყობაში და სასათბურე მეურნეობების მართვაში ეხმარებოდნენ. პანდემიის პერიოდში ტრენინგის პროცესი ემორჩილებოდა სამთავრობო რეგულაციებს საჯარო თავყრილობებთან დაკავშირებით.

პროგრამის, ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის (ENPARD), მეშვეობით, ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში. ENPARD 2013 წლიდან ხორციელდება და მისი მთლიანი ბიუჯეტი 234.5 მილიონ ევროს შეადგენს. მისი ძირითადი მიზანი საქართველოში ეკონომიკური შესაძლებლობების უზრუნველყოფა და სოფლად სიღარიბის დაძლევაა.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

პროგრამა ENPARD 

ვებსაიტი EU4Georgia 



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,