მოსამართლეთა „გაუმჭვირვალე“ დანიშვნის ფონზე, ევროკავშირი საქართველოს აღებული ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდებს

მოსამართლეთა „გაუმჭვირვალე“ დანიშვნის ფონზე, ევროკავშირი საქართველოს აღებული ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდებს

ნოემბერი 4, 2021

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ორი მოსამართლის „ნაჩქარევი, გაუმჭვირვალე და არაკონკურენტული“ დანიშვნის შემდეგ, ევროკავშირმა კვლავ მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას რეფორმებთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულებისკენ.

31 ოქტომბერს საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი ახალი მოსამართლე წევრი აირჩია. ეს დანიშვნები მოხდა ადგილობრივი არჩევნების მეორე დღეს, როდესაც მხოლოდ ოთხი დღე იყო გასული მას შემდეგ, რაც კონფერენციის დღის წესრიგი გამოქვეყნდა. ამ თანამდებობებზე აქამდე მომუშავე ორმა ქალბატონმა თავიანთი თანამდებობები მოულოდნელად, უფლებამოსილების ვადის გასვლამდე დატოვა. დანიშვნებამდე კანდიდატების ვინაობა წინასწარ არ გამოუცხადებიათ. 

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა 2 ნოემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ ეს დანიშვნები „ეწინააღმდეგება საქართველოს ვალდებულებებს, რომლებიც მიზნად ისახავს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის, ანგარიშვალდებულების, ხარისხისა და ამ სისტემისადმი ნდობის გაზრდას, ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების შესაბამისად”. 

„სულ რაღაც ოთხი თვის განმავლობაში საქართველოში სასამართლო სისტემისა და კანონის უზენაესობის სფეროში ეს რიგით მეხუთე უკან გადადგმული ნაბიჯია“, — დაურთო მან, — „ეს მოვლენები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ აუცილებელია ფართო, ინკლუზიური და ამბიციური სასამართლო რეფორმის პროცესის დაწყება, რომელშიც ყველა პარტია იქნება ჩართული“. 

ელჩი ჰარცელისვე თქმით, „ევროკავშირი კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ, მართალია, ის კვლავ სრულად მზად არის, მხარი დაუჭიროს საქართველოს რეფორმებს ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმების შესაბამისად, თუმცა ევროკავშირის დახმარება კვლავ ძირითადი რეფორმების განხორციელებაში მიღწეულ წინსვლაზე იქნება დამოკიდებული“.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



თემაზე


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის B&S ევროპის კონსორციუმი.

ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით.
© European Union,