მიიღე მონაწილეობა კონკურსში და გახდი ახალგაზრდა ევროპელი ელჩი!
ოქტომბერი 5, 2021

მიიღე მონაწილეობა კონკურსში და გახდი ახალგაზრდა ევროპელი ელჩი!


გსურს, გახდე ახალგაზრდა ევროპელი ელჩი? შეიტანე 24 ოქტომბრამდე განაცხადი კონკურსზე და შეუერთდი „ახალგაზრდა ევროპელი ელჩების“ (YEAs) ინიციატივას. ამისათვის შენ უნდა იყო 16-დან 26 წლამდე ასაკის და უნდა გქონდეს აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნიდან (იგულისხმება აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვის რესპუბლიკა, საქართველო, სომხეთი და უკრაინა) ერთ-ერთის, ევროკავშირის  წევრი სახელმწიფოს ან გაერთიანებული სამეფოს* მოქალაქეობა.

პროექტის, „EU NEIGHBOURS east“ მიერ დღეს გამოცხადებული კონკურსი იწვევს იმ ენერგიულ და მონდომებულ ახალგაზრდებს, რომლებსაც აინტერესებთ ევროკავშირის საქმიანობა და საკუთარი ქვეყნების პარტნიორული ურთიერთობა ევროკავშირთან. ამასთან, კანდიდატები კარგად უნდა ფლობდნენ ინგლისურ ენას, სურდეთ წვლილის  შეტანა საკუთარი ქვეყნისა და საზოგადოების განვითარებასა და კეთილდღეობაში და მზად უნდა იყვნენ სოციალური ჩართულობის წამახალისებელი საქმიანობისთვის სათანადო დროის გამოსაყოფად.

წარმატებული კანდიდატები ჩაერთვებიან დიალოგზე ორიენტირებულ ონლაინსაქმიანობაში და თავიანთ ქვეყნებს ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე წარადგენენ. ისინი ერთმანეთს გაუზიარებენ გამოცდილებას და საუკეთესო პრაქტიკას, განიხილავენ ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვან საკითხებს და საკუთარი ქვეყნების უკეთესი მომავლისთვის ერთად იმუშავებენ.

ახალგაზრდა ევროპელი ელჩის პოზიციისთვის გამოცხადებულ კონკურსში ჩასართველად კანდიდატებმა 2021 წლის 24 ოქტომბრამდე უნდა შეავსონ სააპლიკაციო ონლაინფორმა. კანდიდატებს განაცხადის შევსებისას მოეთხოვებათ, დაწერონ სამოტივაციო წერილი და შეასრულონ შემოქმედებითი დავალება.

განაცხადების მიღების ვადის ამოწურვის შემდეგ შერჩეულ კანდიდატებს გასაუბრებაზე მიიწვევენ. ისინი, ვინც წარმატებით გაივლიან გასაუბრებას, დაესწრებიან სპეციალურ სესიებს და მათი პროფილები შესაფასებლად გაეგზავნებათ ოფიციალურ დაინტერესებულ პირებს, რომლებიც გამარჯვებულ კანდიდატებს გამოავლენენ. განაცხადების მიღების შეწყვეტიდან საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე წარმართული პროცესი დაახლოებით რვა კვირა გაგრძელდება.

ახალგაზრდა ევროპელი ელჩების“ (YEAs) ინიციატივა არაპოლიტიკური, მოხალისეობრივი, ქმედითი საკომუნიკაციო ქსელია. ის ხელს უწყობს კავშირების და მეგობრული ურთიერთობების დამყარებას აზერბაიჯანის, ბელარუსის, მოლდოვის რესპუბლიკის, საქართველოს, სომხეთის, უკრაინის წარმომადგენელ ახალგაზრდებსა და მათ თანატოლებს შორის ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებსა და გაერთიანებულ სამეფოში. ამ ქსელის მიზანია ევროკავშირისა და მისი აღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყნების თანამშრომლობის შესახებ მოსახლეობის უკეთ ინფორმირება, ამ თანამშრომლობის რეალური შედეგების დემონსტრირება, სხვადასხვა საკითხზე პოლიტიკური დიალოგის ხელშეწყობა, სამოქალაქო აქტივიზმის გაძლიერების მხარდაჭერა და უკეთესი მომავლისთვის ერთობლივი საქმიანობა.

„ახალგაზრდა ევროპელი ელჩების“ ინიციატივას საფუძველი 2016 წელს ევროკავშირის მიერ ჩაეყარა და დღემდე მასში ათასზე მეტი ახალგაზრდა ჩაერთო. ამჟამად აქტიურ საქმიანობას 34 სხვადასხვა ეროვნების 500-ზე მეტი ახალგაზრდა ევროპელი ელჩი ეწევა.

დამატებითი ინფორმაცია:              

სააპლიკაციო ონლაინფორმა

ახალგაზრდა ევროპელი ელჩები და ხშირად დასმული კითხვები

გაიცანი ამჟამინდელი ახალგაზრდა ევროპელი ელჩები                         

* რადგან ახალგაზრდები გაერთიანებული სამეფოდან ინიციატივაში მისი შექმნის მომენტიდან — 2016 წლიდან მოყოლებული მონაწილეობდნენ, მათ კვლავ აქვთ შესაძლებლობა, შეუერთდნენ ახალგაზრდა ევროპელი ელჩების ქსელს.          



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,