15 ივნისს ევრობარომეტრმა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში ჩატარებული გამოკითხვის შედეგები გამოაქვეყნა. კვლევამ დაადასტურა, რომ ევროპელების უდიდესი ნაწილი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიაზე ევროკავშირის პასუხს მხარს უჭერს.
გამოკვლევის შედეგთა თანახმად, ევროპელების უმრავლესობა (59%) კმაყოფილია იმით, თუ რა რეაგირება ჰქონდა ევროკავშირს რუსეთის უკრაინაში შეჭრაზე. გამოკითხულთა 57% კი უშუალოდ საკუთარი მთავრობის რეაგირებასაც იწონებს.
ევროპელების უდიდესი უმრავლესობა, უპირველეს ყოვლისა, ჰუმანიტარული დახმარების გაწევის (93%) და ევროკავშირში უკრაინელი ლტოლვილების მიღების (91%) მომხრეა. ევრობარომეტრის მიხედვით, ევროპელების 80% მხარს უჭერს ეკონომიკურ სანქციებს რუსეთის მთავრობის, რუსული კომპანიების და კერძო პირების წინააღმდეგ, ხოლო 70% მხარს უჭერს უკრაინის სამხედრო აღჭურვილობით მომარაგების და ამ აღჭურვილობის მიწოდების დაფინანსებას.
გარდა ამისა, გამოკითხვა უჩვენებს, რომ ევროპელი მოქალაქეების უმრავლესობა ეთანხმება უსაფრთხოების და თავდაცვის ერთიან პოლიტიკას (81%). მათ, ამასთან, აქვთ იმის მოლოდინიც, რომ ევროკავშირი რუსულ ენერგიაზე დამოკიდებულებას ეტაპობრივად შეამცირებს (87%).
გამოკითხვა, „სპეციალური ევრობარომეტრი 526 – ჩვენი დროის მთავარი გამოწვევები — ევროკავშირი 2022 წელს“, ევროკავშირის 27 წევრ სახელმწიფოში 2022 წლის 19 აპრილიდან 16 მაისამდე პერიოდში ჩატარდა. კვლევა დაეყრდნო როგორც პირისპირ ინტერვიუებს, ასევე ონლაინგამოკითხვებსაც.
დამატებითი ინფორმაცია
ევრობარომეტრი: ევროპელები უკრაინაში მიმდინარე ომის მიმართ ევროკავშირის რეაგირებას მხარს უჭერენ
ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის B&S ევროპის კონსორციუმი.
ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით.
© European Union,