ევროპის სოლიდარობის კორპუსმა ახალგაზრდების მოხალისეობრივი საქმიანობის მხარდასაჭერად 2022 წლისთვის 138 მილიონ ევროზე მეტი გამოყო
ნოემბერი 19, 2021

ევროპის სოლიდარობის კორპუსმა ახალგაზრდების მოხალისეობრივი საქმიანობის მხარდასაჭერად 2022 წლისთვის 138 მილიონ ევროზე მეტი გამოყო


17 ნოემბერს ევროკომისიამ ევროპის სოლიდარობის კორპუსის ფარგლებში 2022 წლისთვის კონკურსი გამოაცხადა. მისი მიზანია, მისცეს ახალგაზრდებს შესაძლებლობა, ჩაერთონ მსოფლიოს მასშტაბით განხორციელებული ჰუმანიტარული დახმარების ოპერაციებში. საერთაშორისო პროექტების ამ ახალ მიმართულებას „ევროპის მოხალისეთა ჰუმანიტარული დახმარების კორპუსი“ ეწოდება.

კონკურსისთვის გამოყოფილი 139 მილიონამდე ევროთი დაფინანსდება ახალგაზრდების მიერ მართული მოხალისეობრივი სოლიდარობის პროექტები, ჯანსაღი ცხოვრების წესის მხარდაჭერაზე  და კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე ორიენტირებული გუნდები და ევროპის მოხალისეთა ჰუმანიტარული დახმარების კორპუსი.  

კონკურსში მონაწილეობა საზოგადოებრივ ცვლილებებზე ფოკუსირებულ სოლიდარობის ღონისძიებებზე მომუშავე 18-30 წლის ახალგაზრდებსა და საერთაშორისო ჰუმანიტარულ დახმარებაზე ორიენტირებულ 18-35 წლის ახალგაზრდებს შეუძლიათ.

ევროპის სოლიდარობის კორპუსის საქმიანობაში ჩართვის მსურველებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია ევროპის სოლიდარობის კორპუსის პორტალზე, სადაც მათ პროექტების განმახორციელებელი ორგანიზაციების შესახებაც შეუძლიათ მოიძიონ ინფორმაცია. გარდა ამისა, ევროპის სოლიდარობის კორპუსის პორტალზე რეგისტრირებულ ახალგაზრდების ჯგუფებს ეძლევათ შესაძლებლობა, შეიტანონ განაცხადი დაფინანსების მოსაპოვებლად სოლიდარობის იმ პროექტებისთვის, რომლებსაც თავადვე ხელმძღვანელობენ.

ევროპის სოლიდარობის კორპუსის ეგიდით აქტივობების განსახორციელებლად კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ სახელმწიფო ან კერძო ორგანიზაციას. ამ ორგანიზაციებმა უნდა მოიპოვონ ხარისხის ნიშანი, რომელიც ადასტურებს, რომ მათ  სოლიდარობის ღონისძიებების მაღალი ხარისხით განხორციელება პროგრამის პრინციპების, ამოცანების და მოთხოვნების შესაბამისად შეუძლიათ. განაცხადების შეტანა შესაძლებელია ევროკავშირის ყველა წევრ სახელმწიფოსა და პროგრამასთან ასოცირებულ მესამე ქვეყნებში  არსებული ევროპის სოლიდარობის კორპუსის ეროვნული სააგენტოების დახმარებით ან ევროპის განათლების და კულტურის აღმასრულებელი სააგენტოს (EACEA) მხარდაჭერით ცენტრალიზებული ქმედებებისთვის.

იმავე წელს განსახორციელებელი პროექტებისთვის საკონკურსო განაცხადები  მიიღება 23 თებერვლამდე, მომავალი წლის პროექტებისთვის კი — 4 ოქტომბრამდე.

ევროპის სოლიდარობის კორპუსი წარმოადგენს ევროკავშირის პროგრამას ახალგაზრდებისთვის, რომელთაც სოლიდარობის საქმიანობაში მონაწილეობა სურთ. ეს საქმიანობა შეიძლება მოიცავდეს ისეთ სფეროებს, როგორიცაა სოციალურად დაუცველი ადამიანების დახმარება, ჯანდაცვის გაუმჯობესება თუ გარემოსდაცვითი საქმიანობა ევროპაში და მის ფარგლებს გარეთ. ევროპის სოლიდარობის კორპუსის 2021-2027 წლების პროგრამის მთლიანი ბიუჯეტი 1 მილიარდ ევროს შეადგენს.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული


თემაზე


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,