ევროკავშირის სასამართლოს მხარდაჭერის პროექტმა შედეგები შეაჯამა

ევროკავშირის სასამართლოს მხარდაჭერის პროექტმა შედეგები შეაჯამა

ივნისი 11, 2021

ევროკავშირის „სასამართლოს მხარდაჭერის პროექტმა“ საქმიანობის დასრულების აღსანიშნავად დასკვნითი ღონისძიება გამართა, რომელზეც მიღწეული შედეგები შეჯამდა. პროექტი საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის  საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოებას ისახავდა მიზნად. კერძოდ, შემუშავდა მრავალფეროვანი მექანიზმები მისი ხელმისაწვდომობის, ეფექტიანობის, დამოუკიდებლობისა და ანგარიშვალდებულების გასაუმჯობესებლად.

2016 წლის ოქტომბრიდან 2021 წლის ივნისამდე პროექტმა ტრენინგების, სემინარების, კონფერენციებისა თუ საერთაშორისო კონგრესების სახით  185-მდე ღონისძიება გამართა. მის ფარგლებშივე რეალიზდა რვა სასწავლო მივლინება და შვიდი საზაფხულო და ზამთრის სკოლა. 

პროექტის მთავარ მიღწევებს შორისაა სასამართლო სისტემის რეფორმის სტრატეგიის დამტკიცება, სასამართლოების ანალიტიკური სამსახურების გაძლიერება, სასამართლო სისტემის სრულფასოვანი ინფორმაციულ-ტექნოლოგიური აუდიტის ჩატარება, თბილისის საქალაქო სასამართლოსთვის მომხმარებელზე ორიენტირებული ვებპორტალის შექმნა, საკონსტიტუციო სასამართლოს ელექტრონული საქმისწარმოების სისტემის შექმნა და ვებსაიტის განახლება და სასამართლოს მენეჯერებისთვის ადამიანური რესურსების მართვის თანამედროვე სტანდარტების დანერგვა. პროექტის მნიშვნელოვან შედეგებს შორის არის ასევე წლიური ანალიტიკური ანგარიშები, მრავალი ტრენინგი და ცნობიერების ასამაღლებელი ღონისძიება.

„ევროკავშირი ამაყობს, რომ აქტიური მონაწილეობა მიიღო საქართველოში კანონის უზენაესობის დამკვიდრებაში, რაც ნებისმიერ ქვეყანაში დემოკრატიის ქვაკუთხედია“, — განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა — „ჩვენ ვხედავთ მიღწეულ წინსვლას ამ სფეროში, მაგრამ, ამასთანავე, ვაცნობიერებთ შემდგომი ძალისხმევის აუცილებლობასაც — განსაკუთრებით კი, გამჭვირვალობის ზრდის, ანგარიშვალდებულების, დამოუკიდებლობის და სასამართლო სისტემის მიმართ ნდობის გაუმჯობესების კუთხით“.

ელჩმა ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირის მედიაციით მიღწეული 19 აპრილის პოლიტიკური შეთანხმების ფარგლებში „კომპლექსური სამუშაო გეგმა უკვე მიღებულია. ის განსაზღვრავს შემდგომ ნაბიჯებს და მისაღებ ცვლილებებს წამყვან უწყებებსა თუ პროცესებში და ნათელს ხდის საკითხთა უფრო ფართო, ინკლუზიური და რეფორმების პროცესით გადაჭრის აუცილებლობას”.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

 



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის B&S ევროპის კონსორციუმი.

ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით.
© European Union,