ევროკავშირის გაფრთხილება რუსეთს: ჩვენი სანქციები ძალიან მძიმე შეიძლება იყოს
თებერვალი 17, 2022

ევროკავშირის გაფრთხილება რუსეთს: ჩვენი სანქციები ძალიან მძიმე შეიძლება იყოს


„უკრაინასთან დაკავშირებით ჩვენ ვიმედოვნებთ საუკეთესოს, მაგრამ ვემზადებით უარესისთვის“, — განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას. 

მან ასევე გააფრთხილა რუსეთი იმ მძიმე შედეგების შესახებ, რომლებიც ომის გზის არჩევას მოჰყვება: „ჩვენი მოწოდება რუსეთის მიმართ დღესავით ნათელია: ნუ აირჩევთ ომს. თანამშრომლობის შესაძლებლობა ჩვენსა და რუსეთს შორის ჯერ კიდევ არსებობს. მაგრამ სჯობს, ფხიზლად ვიყოთ. გუშინდელი ახალი ამბების მიუხედავად, ნატო ჯერ ვერ ხედავს რუსეთის შეიარაღებული ძალების რაოდენობის შემცირების ნიშნებს“.

„დიპლომატიას ჯერ არ უთქვამს საბოლოო სიტყვა“, — დაურთო  ფონ დერ ლაიენმა, — „მაგრამ თუ კრემლი უკრაინის წინააღმდეგ ძალადობის გზას აირჩევს, ჩვენი პასუხი იქნება ძლიერი და ერთიანი… რუსეთის აგრესიაზე ევროპის რეაგირება დაუყოვნებელი და მძლავრი იქნება… ჩვენი სანქციები ძალიან მძიმე შეიძლება იყოს და კრემლმა ეს შესანიშნავად იცის“.

ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, რუსეთი უკრაინას იმიტომ ემუქრება, რომ ეს უკანასკნელი თავისუფალი, დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფოა. „ჩვენთვის მიუღებელია მოსაზრება, რომლის თანახმად, კრემლი უნდა წყვეტდეს, თუ რა სურს ან არ სურს უკრაინელ ხალხს. გავლენის სფეროების შესახებ  საუბარი კი გასული საუკუნის გადმონაშთია. ეს კრიზისი მხოლოდ უკრაინას არ უკავშირდება. ის იმის შესახებაცაა, თუ რას ნიშნავს, იყო სუვერენული, დამოუკიდებელი და თავისუფალი ქვეყანა 21-ე საუკუნეში“.

ფონ დერ ლაიენმა მიმდინარე კრიზისზე პასუხისმგებლობა მოსკოვს დააკისრა: „ჩვენ წინ მომავლის ორი შესაძლო სცენარია: ერთ შემთხვევაში კრემლი გადაწყვეტს ომის გაჩაღებას უკრაინის წინააღმდეგ უამრავი ადამიანის სიცოცხლის ფასად — მეოცე საუკუნის ტრაგედიების შემდეგ ჩვენ გვეგონა, რომ მოვლენების მსგავსი განვითარების შესაძლებლობა უკან გვქონდა მოტოვებული. ომი უდიდეს ზიანს მიაყენებს მოსკოვსა და ჩვენ შორის ურთიერთობებს. მკაცრ სანქციებს კი უმძიმესი გავლენა ექნება რუსეთის ეკონომიკასა და მისი მოდერნიზაციის პერსპექტივებზე. მაგრამ არსებობს ასევე სხვაგვარი მომავლის შესაძლებლობაც — ისეთი მომავლის, რომელშიც რუსეთი და ევროპა საერთო ინტერესების საფუძველზე მშვიდობიანად ითანამშრომლებენ“.

დასკვნის სახით ფონ დერ ლაიენმა განაცხადა: „ახლა გადაწყვეტილება კრემლმა უნდა მიიღოს. და რა გზაც უნდა აირჩიოს მან, ჩვენ მყარად შევინარჩუნებთ ჩვენს პოზიციას. ევროპა იქნება ერთიანი და იდგება უკრაინის, მშვიდობის და ევროპელი ხალხის გვერდით“.

დამატებითი ინფორმაცია

ფონ დერ ლაიენის სიტყვა ევროპის პარლამენტში



ყველაზე წაკითხული


თემაზე


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,