ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები უკრაინას ჰუმანიტარული დახმარების 80 მილიონზე მეტ ერთეულს აწვდიან

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები უკრაინას ჰუმანიტარული დახმარების 80 მილიონზე მეტ ერთეულს აწვდიან

მარტი 14, 2022

ევროკავშირის ყველა, 27-მა წევრმა სახელმწიფომ, ასევე ნორვეგიამ და თურქეთმა, უკრაინას ევროკავშირის სამოქალაქო დაცვის მექანიზმის ფარგლებში უკვე შესთავაზეს დახმარება. ეს ისტორიაში  მექანიზმის ყველაზე მასშტაბური გააქტიურების შემთხვევაა.

დახმარება მოიცავს 80 მილიონზე მეტ ისეთ ჰუმანიტარულ ერთეულს, როგორებიცაა პირველადი დახმარების ნაკრებები, თავშესაფრების მოწყობისთვის საჭირო აღჭურვილობა, ხანძარსაწინააღმდეგო მოწყობილობა, წყლის ტუმბოები, ელექტროგენერატორები და საწვავი. ამასთან, ევროკავშირი ყოველდღიურად იღებს დახმარების ახალ-ახალ შეთავაზებებს. 

უკრაინის მეზობელმა სახელმწიფოებმა — მოლდოვამ, პოლონეთმა და სლოვაკეთმა — ასევე ითხოვეს მექანიზმის ფარგლებში დახმარების მიღება. ეს ქვეყნები ომს გამოქცეულ ლტოლვითა განსაკუთრებით დიდ ნაკადებს იღებენ. მათი ამ თხოვნის საპასუხოდ, ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანამ უკვე გამოთქვა მზადყოფნა, გაიღოს თავშესაფრებისთვის საჭირო ნივთები, მედიკამენტები, ჰიგიენური ნაკრებები და ელექტროგენერატორები.

გარდა ამისა, ევროკავშირმა მოლდოვის ჰუმანიტარული საჭიროებების დაფინანსებისთვის დამატებით 3 მილიონი ევრო გამოყო. ეს ახალი დაფინანსება უკრაინელ ლტოლვილებს თბილი სამოსით, თავშესაფრებით, ნაღდი ფულით და ტრანსპორტსა და ჯანდაცვაზე წვდომით უზრუნველყოფს.

„ევროპა მეორე მსოფლიო ომის მერე ყველაზე საზარელი კატასტროფის მოწმეა“, — განაცხადა ევროკომისარმა კრიზისების მართვის საკითხებში, იანეზ ლენარჩიჩმა, რომელიც უკრაინელი ლტოლვილებისთვის ევროკავშირის დახმარების კოორდინაციის მიზნით, რუმინეთში ხელისუფლების წევრებთან შესახვედრად იმყოფებოდა, — „თუმცა ამ მძიმე პერიოდში ჩვენ ასევე ვხედავთ ევროპის ქვეყნების კეთილშობილებას. ისინი გაერთიანდნენ, რათა მხარი დაუჭირონ უკრაინელ ხალხს, რომელიც ამ ომში საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ ჩაითრიეს“.

ევროკომისიის საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების საკოორდინაციო ცენტრის მხარდაჭერით, პოლონეთსა და რუმინეთში შესული ჰუმანიტარული დახმარების ეფექტიანად სამართავად ლოგისტიკური ჰაბები შეიქმნა. ეს ჰაბები ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მიერ გაღებულ დახმარებას შეაგროვებენ და უკრაინაში გაგზავნიან.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



თემაზე


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის B&S ევროპის კონსორციუმი.

ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით.
© European Union,