ევროკავშირი გაზის ერთობლივ შეძენაზე თანხმდება და  ერთიანი შესყიდვის პლატფორმას საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინისთვისაც ხსნის

ევროკავშირი გაზის ერთობლივ შეძენაზე თანხმდება და  ერთიანი შესყიდვის პლატფორმას საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინისთვისაც ხსნის

მარტი 28, 2022

25 მარტს ევროპულმა საბჭომ იმ ახალი ზომების შესახებ გაავრცელა განცხადება, რომელიც რუსულ ენერგიაზე ევროპის დამოკიდებულებას შეამცირებს. ამ ზომების ნაწილია ერთიანი შესყიდვის პლატფორმის შექმნა, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის სამი ქვეყნისთვის — უკრაინის, მოლდოვის რესპუბლიკისა და საქართველოსთვისაც ღია იქნება.

ევროკავშირის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები გაზის, თხევადი ბუნებრივი აირის და წყალბადის ნებაყოფლობით ერთობლივ შესყიდვაზე ითანამშრომლებენ. „გაზის შესასყიდად ჩვენ გავაერთიანებთ ძალებს, თავს მოვუყრით ჩვენს მოთხოვნებს და გამოვიყენებთ მოლაპარაკების კოლექტიურ ძალას“, — დაწერა ტვიტერზე ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა. 

ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამ ასოცირებულ ქვეყანასთან ერთად, ერთიანი შესყიდვის პლატფორმა ღია იქნება დასავლეთ ბალკანეთის სახელმწიფოებისთვისაც.

გარდა ამისა, ევროკავშირის ლიდერებმა ევროპის კავშირის საბჭოს დაავალეს, დაიწყოს მუშაობა ევროკომისიის წინადადებაზე, რომელიც ევროკავშირის გაზის მარაგებთან დაკავშირებულ პოლიტიკას ეხება. ინიციატივა მთელ ევროკავშირში გაზის საცავების მინიმალურ ვადებში შევსებას ითვალისწინებს. 

ევროკავშირის სახელმწიფოები და ევროკომისია დაუყოვნებლივ დაიწყებენ მუშაობას იმისათვის, რომ მომავალი ზამთრისათვის ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს გაზი მომარაგებული ჰქონდეთ. 

ფონ დერ ლაიენმა ტვიტერზე ასევე დაწერა, რომ ევროკავშირმა უნდა დაასრულოს მილსადენის ინფრასტრუქტურის გამართვა და გაზარდოს მისი საცავის მასშტაბი: „ეს იქნება ჩვენი სადაზღვევო პოლისი გაზის მოწოდების შეფერხების შემთხვევაში. გარდა ამისა, დროა, ჩვენი ენერგეტიკული ბაზრის დიზაინსაც გადავხედოთ. ამ საკითხის გადაჭრის ვარიანტებს მაისში წარვადგენთ“.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი




გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის B&S ევროპის კონსორციუმი.

ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით.
© European Union,