EUvsDisinfo ააშკარავებს შვიდ ყველაზე პოპულარულ მითს რუსეთ-უკრაინის მიმდინარე კონფლიქტის შესახებ

EUvsDisinfo ააშკარავებს შვიდ ყველაზე პოპულარულ მითს რუსეთ-უკრაინის მიმდინარე კონფლიქტის შესახებ

თებერვალი 7, 2022

უკრაინა რუსეთს ეკუთვნის, ხოლო კონფლიქტში ბრალი მიუძღვით ნატოს, დასავლეთს და თვით უკრაინას, ამტკიცებს კრემლის ერთგული მედია, რომელიც რუსეთ-უკრაინის მიმდინარე კონფლიქტს აშუქებს. რუსეთის მიერ გავრცელებული დეზინფორმაციის ტალღის პასუხად, ევროკავშირის დეზინფორმაციის საწინააღმდეგო მთავარმა ინიციატივამ EUvsDisinfo შეკრიბა ყველაზე გავრცელებული და საშიში მითები, რომლებიც ხშირად აშკარა ტყუილებს წარმოადგენს. 

მითი 1: მიმდინარე დაძაბულობა იმ აგრესიული ქმედებების შედეგია, რომელსაც უკრაინა და მისი დასავლელი მოკავშირეები ახორციელებენ. რუსეთი მხოლოდ და მხოლოდა საკუთარ კანონიერ ინტერსებს იცავს და არ არის ამ კონფლიქტზე პასუხისმგებელი

მცდარია.  სინამდვილეში რუსეთი აგრძელებს საერთაშორისო სამართლის ნორმების და სხვა შეთანხმებების დარღვევას, რომელთა შესრულების ვალდებულება აქვს აღებული. ყირიმის ნახევარკუნძულის უკანონო ანექსიით და შეიარაღებული აგრესიით უკრაინის წინააღმდეგ, რუსეთს, რომელიც გაეროს უსაფრთოხების საბჭოს მუდმივი წევრია, 12-მდე საერთაშორისო და ორმხრივი შეთანხმება აქვს დარღვეული. სხვა სიტყვებით, კანონსაწინააღმდეგოა რუსეთის ქმედებები, რომლებიც არღვევს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას, განსაკუთრებით – დონბასში. ეს ქმედებები გამუდმებულ საფრთხეს უქმნის ევროპული უსაფრთხოების სისტემის საფუძვლებს და რისკის ქვეშ აყენებს საერთაშორისო სამართალზე დამყარებულ წესრიგს.

2014 წლის შემდეგ რუსეთის აგრესიის შედეგად დაიღუპა14,000 უკრაინის მოქალაქე, და გაცილებით მეტი დაიჭრა. გარდა ამისა, ამ კონფლიქტმა ყირიმის და აღმოსავლეთ უკრაინის 1.5 მილიონზე მეტი მცხოვრები იძულებით ადგილნაცვალ პირად აქცია.

მითი 2: ეს კონფლიქტი უკრაინაში არსებულმა მდგომარეობამ გამოიწვია. არსებობს მტკიცებულებები, რომ უკრაინა მხეცურ დანაშაულებს ჩადის ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში მცხოვრებ რუსულენოვან მოსახლეობის წინააღმდეგ. რუსეთი იძულებულია ჩაერიოს არა მხოლოდ იმიტომ რომ უკრაინა და რუსეთი „ერთი ერია“. უკრაინა რუსეთის ე.წ. „გავლენის პრივილეგირებულ სფეროს“ ეკუთვნის.

მცდარია.  აღმოსავლეთ უკრაინის რუსულენოვანი ან ეთნიკურად რუსი მოსახლეობის დევნას, მითუმეტეს – გენოციდის მტკიცებულება უკრაინის ხელისუფლების მხრიდან არ არსებობს. ეს დადასტურებულია ანგარიშებით, რომლებიც გამოაქვეყნეს ევროპის საბჭომ, გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესმა კომისარმა და ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციამ (ეუთო). მაგრამ რუსეთის სამხედრო აგრესიის შიდაპოლიტიკური მხარდაჭერის მობილიზაციის მიზნით, რუსეთის სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული მედია გამუდმებით ცდილობს  უკრაინის დემონიზებას, ბრალს სდებს მას გენოციდში, რომელიც თითქოსდა აღმოსვლეთ უკრაინაში განხორციელდა, ავლებს უსაფუძვლო პარალელებს ნაციზმთან და მეორე მსოფლიო ომთან, და თხზავს ცრუ ისტორიებს, რომელთა მიზანია უარყოფით ემოციების გაღვივება საზოგადოებაში (ამის მაგალითია გამოგონილი ისტორია, რომელიც უკრაინის სამხედრო ძალებს აღმოსავლეთ უკრაინაში პატარა ბიჭის ჯვარზე გაკვრაში ადანაშაულებს, და რომელიც „ფაქტ-ჩეკერების“ მიერი ქნა  

 გაქარწყლებული).

ხშირად გაისმის მტკიცება, რომ უკრაინა და რუსეთი „ერთი ერია“ – ეს არის უკრაინის წინააღმდეგ არსებული უძველესი და ყველაზე ღრმად ფესვგადგმული მითი. მიუხედავად იმისა, რომ ამ ორი ქვეყნის საერთო ფესვები კიევის რუსეთიდან მოდის, რომელიც მეცხრე საუკუნიდან მე-13 საუკუნის შუა პერიოდამდე არსებობდა,  800 წლის შემდეგ იმაზე დავა, რომ უკრაინელები და რუსები ერთი ერია, არ არის სწორი. უცხოური მმართველობის ხანგრძლივი პერიოდის მიუხედავად, უკრაინას აქვს მძლავრი ეროვნული კულტურა და იდენტობა, და ის არის სუვერენული ქვეყანა.

„ერთიანი რუსი ერის“ ცნება პოლიტიკური საზღვრებს გარეშე, წარმოადგენს იმპერიის პერიოდთან დაკავშირებულ იდეოლოგიურ კონსტრუქციას, რომელიც უკრაინის სუვერენიტეტისა და ეროვნული იდენტობისთვის ძირის გამოთხრის ინსტრუმენტად გამოიყენებოდა. 2014 წლიდან რუსეთის მთავრობა სულ უფრო ენერგიულად აწარმოებს ამ მითის კულტივირებას, რითაც ცდილობს უკრაინის წინააღდეგ მიმართული სამხედრო გაამართლოს.

იმ მოსაზრების განვითარების მიზნით, რომლის მიხედვით უკრაინა რუსეთის „გავლენის სფეროს“ ეკუთვნის,  რუსეთის ხელისუფლება და სახელმწიფოს მიერ კონტროლირებული მედია ხშირა ამტკიცებენ, რომ უკრაინა „ნამდვილი“ სახელმწიფო არ არის. რუსეთის სახელმწიფო პროპაგანდა ცდილობს ისტორიის დამახინჯებას იმ იდეის ლეგიტიმაციის მიზნით, რომლის მიხედვით უკრაინა რუსეთის ბუნებრივი ინტერესების სფეროს ეკუთვნის.

მითი 3: ნებისმიერ შემთხვევაში, უკრაინამ დასახმარებლად რუსეთს უნდა მიმართოს, რადგან ევროკავშირმა და დასავლეთმა უკრაინა მიატოვეს, მათ ის არ აინტერესებთ

მცდარია.  ევროკავშირი და რუსეთი სტრატეგიული პარტნიორები არიან. სინამდვილეში, უკრაინა ევროკავშირის ერთ-ერთი უახლოეს პარტნიორად იქცა, და ეს პარტნიორობა ბოლო წლებში კონსოლიდირებულია ევროკავშირ-უკრაინის ასოცირების ხელშეკრულებით და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით. დღეს ევროკავშირი უკრაინის უდიდესი სავაჭრო პარტნიორია, რომელზეც მოდის უკრაინის ვაჭრობის მოცულობის 40%-ზე მეტი. ევროკავშირი მხარს უჭერს უამრავი სხვადასხვა სფეროს პროგრამის განხორციელებას უკრაინაში ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის ფარგლებში. გარდა ამისა, ის უკრაინას რეფორმების გეგმის განხორციელებაში ეხმარება. 2014 წლიდან ევროკავშირს უკრაინისთვის სესხების და გრანტების სახით 17 მილიარდი ევრო აქვს გამოყოფილი.

2014 წლიდან ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და დამოუკიდებლობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, და რუსეთის წინააღმდეგ შემოღებული აქვს სანქციები უკრაინაში მდგომარეობის მიზანმიმართული დესტაბილიზაციის გამო, მათ შორის ყირიმის ნახევარკუნძულზე. ევროკავშირი მხარს უჭერს ასევე დეზინფორმაციისა და კიბერ-შეტევებისადმი მდგრადობის გაძლიერებას უკრაინაში.

მითი 4: მიმდინარე კრიზისში ბრალი ნატოს და დასავლეთს მიუძღვით. მათ რომ საკუთარი დაპირება შეასრულონ და არ გააფართოვონ ალიანსი, რუსეთის მიმართ საფრთხე აღარ იარსებებდა.

მცდარია.  ასეთი დაპირება არასოდეს გაკეთებულა, და ამის მოთხოვნა არც ნატოსგან ყოფილა ოდესმე. რუსეთის სახელმწიფოს კონტროლს დაქვემდებარებული მედია ხშირად აცხადებდა, რომ საბჭოთა კავშირის ლიდერმა მიხეილ გორბაჩოვმა ‘სიტყვიერი“ დაპირება მიიღო იმის თაობაზე, რომ ნატოს საზღვრები გაერთიანებული გერმანიის ფარგლებს არ გაცდებოდა. სინამდვილეში გორბაჩოვმა თავად უარყო ეს განცხადება 2014 წლის ინტერვიუში; კერძოდ, მან აღნიშნა, რომ „„ნატოს გაფართოების“ საკითხი საერთოდ არ განუხილავთ, და იმ წლებში ეს თემა წამოჭრილიც კი არ ყოფილა“.

ნატოს წევრებს არასოდეს აუღიათ რაიმე სახის პოლიტიკური ან იურიდიული ვალდებულება ნატოს საზღვრების გაერთიანებული გერმანიის საზღვრების ფარგლებში დატოვების შესახებ.

გარდა ამისა, იმის მტკიცება, რომ ნატომ პირობა დადო არ გაეფართოებინა საკუთარი საზღვრები, ალიანსის არსს საფუძველშივე ამახინჯებს. ნატოს, როგორც თავდაცვითი ალიანსის „გაფართოებას“, იმპერიალისტური ქვეტექსტი არა აქვს. ნატოში გაწევრიანების სურვილს გამოთქვამენ თავად ქვეყნები განაცხადის შეტანით, ხოლო წევრად მიღება ხდება ალიანსში შემავალი 30 ქვეყნის გადაწყვეტილების საფუძველზე. ნებისმიერ ქვეყანას შეუძლია საკუთარი გზა თვითონვე აირჩიოს და მის მოსაზღვრე ქვეყნებს – ამ შემთხვევაში რუსეთს – ამ საკითხში ჩარევის უფლება არა აქვთ.

მითი 5: ნატოს აგრესიული გაფართოების გამო, რუსეთი ახლა „მტრებით არის გარშემორტყმული“ და თავდაცვას საჭიროებს.

მცდარია.  სინამდვილეში ევროკავშირი და უკრაინა მტკიცედ უჭერენ მხარს ევროპული უსაფრთხოების ჩამოყალიბებულ სისტემას. გეოგრაფიულად რუსეთი მსოფლიოს უდიდესი ქვეყანაა, და ნატოს წევრ ქვეყნებს მისი სახმელეთო საზღვრის მხოლოდ ერთ მეთექვსმეტედზე ნაკლები ემიჯნება. რუსეთთან საერთო საზღვრის მქონე 14 სახელმწიფოდან, მხოლოდ ხუთია ნატოს წევრი.

მცდარია ასევე არგუმენტი, რომლის მიხედვით სამხედრო ძალა ერთადერთ გამოსავალს წარმოადგენს. არსებობს რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაცია, ორმხრივი შეთანხმება და ფორმატი, რომელთა ფარგლებში რუსეთს თანამშრომლობა და სამშვიდობო დიალოგის წარმართვა შეუძლია, მაგალითად, ეუთოს ჩარჩო და შეიარაღების კონტროლის რეჟიმები. ევროკავშირი რუსეთთან კომუნიკაციის არხებს  ღიად ინარჩუნებს, ვინაიდან ეს არის ევროკავშირის რუსეთთან ურთიერთობის პოლიტიკის ხუთი სახელმძღვანელო პრინციპის განუყოფელი ნაწილი. 

მითი 6: ნებისმიერ შემთხვევაში, რუსეთი არ არის პასუხისმგებელი უკრაინაში მიმდინარე დაძაბულობაზე. უკრაინამ განზრახ დაარღვია მინსკის პროტოკოლი, დასავლეთი კი უკრაინის შეიარაღებას აგრძელებს. რუსეთს სჭირდება სწრაფი რეაგირება საკუთარი საზღვრების დაცვის საშუალებით.

მცდარია.  სინამდვილეში სწორედ რუსეთმა განალაგა 140,000 სამხედრო მოსამსახურე და შეიარაღება უკრაინის საზღვრებთან, მათ შორის უკანონოდ ანექსირებულ ყირიმის ნახევარკუნძულზე.

რუსეთს ხელი აქვს მოწერილი მინსკის პროტოკოლზე (შეთანხმებაზე) – უახლეს ოფიციალურ დოკუმენტზე, რომელშიც რუსეთი უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას ადასტურებს. მიუხედავად ამისა, რუსეთმა არ შეასრულა მინსკის პროტოკოლით გათვალისწინებული ვალდებულებები, კერძოდ, კრემლმა და მისმა მომხრეებმა არ შეასრულეს ცეცხლის შეწყვეტის, მძიმე ტექნიკის გაყვანის, „ყველა ყველაზე“ პრინციპით პოლიტიკური პატიმრების გაცვლის ვალდებულებები, და არ უზრუნველყვეს ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება საერთაშორისო მექანიზმის საფუძველზე. პირიქით, რუსეთი გამუდმებით აძლიერებს თავის უკანონო შეიარაღებულ ფორმირებებს აღმოსავლეთ უკრაინაში და არ უზრუნველყოფს ეუთოს მონიტორინგის სპეციალური მისიის დამკვირვებლების დაუბრკოლებელ დაშვებას, მათ შორის რუსეთ-უკრაინის საზღვარზე.

მიუხედავად ამისა, უკრაინას შესრულებული აქვს მინსკის პროტოკოლი იმ მოცულობით, რის გონივრულ საშუალებასაც იძლევა ტერიტორიაზე კონტროლის არქონა, და დაკმაყოფილებული აქვს მისი ყველა პუნქტი. მან დაამტკიცა – მერე კი განახლებების დამატებით გაახანგრძლივა – კანონი განსაკუთრებული სტატუსის და ამნისტიის შესახებ (2014), მოამზადა ადგილობრივი არჩევნების კანონპროექტი (2014) და დაამტკიცა საკონსტიტუციო შესწორებები იმ ტერიტორიების ავტონომიის გასაფართოებლად, რომლებიც ამჟამად მის კონტროლს არ ექვემდებარება (2015).

მითი 7: ევროკავშირი ნებისმიერ შემთხვევაში სუსტი და უსარგებლოა. საერთოდ რა საჭიროა ევროკავშირზე ლაპარაკი?

მცდარია.  რუსეთის ოფიციალური პირები და მასობრივი ინფორმაციის სახელმწიფო საშუალებები ევროკავშირს, ჩვეულებრივ, სახავენ უსარგებლო გაერთიანებად, რომელსაც არა აქვს კრიზისების დაძლევის უნარი. 2022 წლის იანვარში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი იქამდეც კი მივიდა, რომ ევროკავშირს პოლიტიკური უძლურება დასწამა. ამ ბრალდების გასაქარწყლებლად ის ფაქტიც საკმარისია, რომ ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მშვიდობაა დამყარებული. ევროკავშირმა გაეროსთან, ნატოსთან, ეუთოსთან, ევროპის საბჭოსთან, დიდი შვიდეულის წევრ სახელმწიფოებთან და სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, რეალური წვლილი შეიტანა მშვიდობის და უსაფრთხოების დამკვიდრებაში ევროპის მთელი რეგიონის მასშტაბით და მის ფარგლებს გარეთ, მათ შორის უკრაინაში.

იხილეთ მეტი

სტატია სრული სახით




გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის B&S ევროპის კონსორციუმი.

ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით.
© European Union,