<strong>ბორელის თქმით, მოსკოვს კომფორტულად ცხოვრებასა და ომს შორის არჩევანის გაკეთება მოუწევს</strong>
ივლისი 7, 2022

ბორელის თქმით, მოსკოვს კომფორტულად ცხოვრებასა და ომს შორის არჩევანის გაკეთება მოუწევს


რუსეთის წინააღმდეგ სანქციებმა, რომლებიც უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ დაწესდა, უკვე ძლიერად დაარტყა ვლადიმერ პუტინს და მის თანამზრახველებს და ამ შეზღუდვების გავლენა რუსეთის ეკონომიკაზე დროთა განმავლობაში უფრო თვალსაჩინო გახდება. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ფრანგულ გაზეთში, „Le Journal du Dimanche“, გამოქვეყნებულ სტატიაში ისაუბრა. 

ბორელი განმარტავს, თუ როგორ არის რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთს სანქციები იმაზე გაცილებით ეფექტიანი, ვიდრე ეს ადამიანების უმრავლესობას წარმოუდგენია. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი დიდი რაოდენობით ნედლეულის ექსპორტიორია, მას, ამასთან, ისეთი მაღალი დამატებითი ღირებულების პროდუქტის დიდი რაოდენობით იმპორტიც უწევს,  როგორსაც თვითონ არ აწარმოებს. მოწინავე ტექნოლოგიების კუთხით ის  45%-ით ევროპაზეა დამოკიდებული, 21%-ით — ამერიკის შეერთებულ შტატებზე და მხოლოდ 11%-ით — ჩინეთზე. 

სამხედრო სფეროში, რომელიც უმნიშვნელოვანესია უკრაინაში ომის კონტექსტში, სანქციები რუსეთს ისეთი მაღალი სიზუსტის რაკეტების წარმოების უნარს უზღუდავს, როგორიცაა, მაგალითად, „ისკანდერი“ ან KH 101, აცხადებს ბორელი. მისივე თქმით, ავტომობილების თითქმის ყველა უცხოელმა მწარმოებელმა რუსეთში მუშაობის შეწყვეტა გადაწყვიტა; ხოლო ავტომანქანების ის მცირე რაოდენობა, რომლებსაც რუსეთის კომპანიები აწარმოებენ, უსაფრთხოების ბალიშების და ავტომატურ გადაცემათა კოლოფის გარეშე გაიყიდება. 

„ნავთობის ინდუსტრია არა მარტო უცხოელი ოპერატორების ქვეყნიდან გასვლით ზარალდება, არამედ ისეთ მოწინავე ტექნოლოგიებზე წვდომის შეზღუდვითაც, როგორიცაა, მაგალითად, ჰორიზონტალური ბურღვა“, — აცხადებს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, — „დიდი ალბათობით, რუსეთის მრეწველობას ნაკლებად შესწევს ახალი ჭაბურღილების ამოქმედების უნარი. დაბოლოს, საჰაერო მიმოსვლის უზრუნველსაყოფად, რუსეთს მოუწევს, თავისი თვითმფრინავების დიდი რაოდენობა ამოიღოს მიმოქცევიდან, რათა მოქმედი თვითმფრინავები აუცილებელი სათადარიგო ნაწილებით მოამარაგოს. აღნიშნულს ემატება ფინანსურ ბაზრებზე წვდომის დაკარგვა, უმსხვილესი გლობალური საგამოძიებო ქსელებიდან გათიშვა და მეცნიერებისა თუ შემოქმედებითი ადამიანების მასიური გადინება“.

ბორელი ასევე აღნიშნავს, რომ ვარაუდების საწინააღმდეგოდ, ჩინეთს მხოლოდ შეზღუდულად შეუძლია რუსეთის ეკონომიკისთვის ალტერნატივის შეთავაზება, რაც განსაკუთრებით მაღალტექნოლოგიური პროდუქტების სფეროს ეხება. ამის მიზეზი კი ისაა, რომ დღემდე ჩინეთის მთავრობა რუსეთს დასავლეთის სანქციების გვერდის ავლაში არ დახმარებია. 

„აიძულებს თუ არა ეს მნიშვნელოვანი და მზარდი ზეგავლენა ვლადიმერ პუტინს, შეცვალოს თავისი სტრატეგიული გათვლები? სავარაუდოდ, ეს დაუყოვნებლივ არ მოხდება: მისი ქმედებები უმეტესწილად არ არის მართული ეკონომიკური ლოგიკით.



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,