აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი რეგიონში აღდგენის, მდგრადობისა და რეფორმებისთვის ნიადაგს ამზადებს

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი რეგიონში აღდგენის, მდგრადობისა და რეფორმებისთვის ნიადაგს ამზადებს

დეკემბერი 16, 2021

2021 წლის 15 დეკემბერს ბრიუსელში აზერბაიჯანის, მოლდოვის,  საქართველოს, სომხეთის და უკრაინის სახელმწიფოს თუ მთავრობის მეთაურები, ევროკავშირის წარმომადგენლები და წევრი ქვეყნების სახელმწიფოს თუ მთავრობის მეთაურები შეიკრიბნენ. 

სამიტი ხუთ საკვანძო სფეროში მხარდაჭერის საკითხზე კონცენტრირდა. ეს სფეროებია: ეკონომიკა, მმართველობა, გარემოს დაცვა, ციფრული სფერო და საზოგადოება. დასახული პრიორიტეტები გამომდინარეობს ევროპული სამეზობლო მექანიზმის წარსული მიღწევებიდან და ითვალისწინებს ახალ გამოწვევებს და შესაძლებლობებს ისეთ სფეროებში, როგორებიცაა მწვანე და ციფრული ტრანსფორმაცია და პანდემიის შემდგომი აღდგენა.

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე მონაწილეები ერთობლივ დეკლარაციაზე შეთანხმდნენ.

მონაწილეებმა კვლავ დაადასტურეს წინა სამიტებზე და ორმხრივი შეთანხმებებით აღებული ვალდებულებები და მათი განხორციელების მტკიცე განზრახვა. „ამ გზაზე წინსვლის და მხარდაჭერის აუცილებელ პირობად რჩება ჩვენი ამბიციური რეფორმების გეგმა და უფრო მჭიდრო თანამშრომლობა, რომლის მიზანია კეთილდღეობის ზრდა და მშვიდობის, სტაბილურობის, განვითარების და მდგრადობის ხელშეწყობა რეგიონში, განსაკუთრებით COVID-19-ის პანდემიის კონტექსტში”, — აღნიშნულია დეკლარაციაში.

ამასთან, დოკუმენტში გამოხატულია მონაწილეთა ღრმა შეშფოთება  აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის მრავალ წერტილში დაფიქსირებული მუდმივი დესტაბილიზაციის და საერთაშორისო კანონმდებლობის პრინციპების დარღვევის ფაქტების გამო, რაც მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის საფრთხეს წარმოადგენს.

დეკლარაციაში ასევე ნათქვამია, რომ ევროკავშირი სინანულს გამოთქვამს ბელარუსის ხელისუფლების გადაწყვეტილების გამო აღმოსავლეთ პარტნიორობაში მონაწილეობის შეჩერებასთან დაკავშირებით. ამის პარალელურად, დემოკრატიული ბელარუსის ეკონომიკური მხარდაჭერის კომპლექსური გეგმა, რომლის მოცულობა 3 მილიარდამდე ევროა, გამოხატავს ევროკავშირის ვალდებულებას, გვერდში დაუდგეს ბელარუსელი ხალხის დემოკრატიულ არჩევანს.

გარდა ამისა, ევროკავშირი მიესალმება სამი ასოცირებული პარტნიორის – მოლდოვის რესპუბლიკის, საქართველოს და უკრაინის ინიციატივას, გააღრმაონ საკუთარი თანამშრომლობა ევროკავშირთან. ევროკავშირი დადებითად აფასებს ამ სამ ქვეყანას შორის კოორდინაციის გაუმჯობესებას იმ საერთო ინტერესების გარშემო, რომლებიც ასოცირების ხელშეკრულების და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) განხორციელებას უკავშირდება. აღნიშნული ასევე აისახება აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში ქვეყნების თანამშრომლობის გაუმჯობესებაზე. ევროკავშირი და დაინტერესებული პარტნიორები ევროკავშირსა და აზერბაიჯანს შორის ახალი ყოვლისმომცველი შეთანხმების საკითხებზე მიმდინარე მოლაპარაკებებში მიღწეულ წინსვლასაც მიესალმნენ. 

დეკლარაცია ახსენებს მხარეებს, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ახალი დღის წესრიგი — „აღდგენა, მდგრადობა და რეფორმები“ — ორი ძირითადი პრინციპის, მმართველობის და ინვესტირების ირგვლივ არის სტრუქტურირებული. ამ დღის წესრიგის საფუძველია 2.3 მილიარდი ევროს მოცულობის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა, რომელსაც რეგიონში სახელმწიფო და კერძო ინვესტიციების სახით 17 მილიარდამდე ევროს მობილიზების პოტენციალი აქვს.

სამიტის მონაწილეებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ისინი მოელიან აღმოსავლეთ პარტნიორობის მომდევნო, 2023 წლის სამიტს, რომელიც წარმოადგენს „ახალი თაობის პრიორიტეტების თუ მიზნების განხორციელების მიმოხილვისა და შეფასების პირველ მნიშვნელოვან ეტაპს“. 

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის B&S ევროპის კონსორციუმი.

ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით.
© European Union,