აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლა საქართველოში მოსწავლეთა მესამე ნაკადის მიერ სწავლის დასრულებას აღნიშნავს

აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლა საქართველოში მოსწავლეთა მესამე ნაკადის მიერ სწავლის დასრულებას აღნიშნავს

მაისი 25, 2022

24 მაისს აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის სასტიპენდიო პროგრამამ სასწავლო წლის დამთავრება თბილისის რუსთაველის თეატრში საზეიმოდ აღნიშნა. დაარსებიდან დღემდე საერთაშორისო სკოლა მოსწავლეთა უკვე მესამე ნაკადმა დაასრულა. 

მოსწავლეების, მათი მშობლების და მასწავლებლების გარდა, სკოლის წარმატებით დამთავრების ცერემონიას დაესწრნენ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელი სიგრიდ ბრეტელი, აღმოსავლეთ სამეზობლოსთან ურთიერთობასა და ინსტიტუციური მშენებლობის საკითხებში ევროკომისიის დირექტორი ლორენს მერედიტი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სტრატეგიული დაგეგმვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი კახა ხანდოლიშვილი და სხვა მაღალი რანგის პირები – მათ შორის გაეროს პროექტების მომსახურების ოფისის (UNOPS) წარმომადგენლები. 

2022 წელს სასტიპენდიო პროგრამა დაამთავრა 40-მა მოსწავლემ აზერბაიჯანიდან, ბელარუსიდან, მოლდოვის რესპუბლიკიდან, საქართველოდან, სომხეთიდან და უკრაინიდან. ყველა მოსწავლე, მათ შორის 27 გოგო, რომელმაც სკოლა საერთაშორისო ბაკალავრიატის (IB) დიპლომით წარმატებით დაასრულა, უმაღლესი განათლების მისაღებად სწავლას ევროპის, აშშ-ის, კანადის ან მშობლიური ქვეყნების უნივერსიტეტებში გააგრძელებს. ამასთან, კურსდამთავრებულთა ოცდაათმა პროცენტმა მსოფლიოში ცნობილი უნივერსიტეტებიდან სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება მოიპოვა. ისინი სწავლას საფრანგეთის, ბელგიის, ავსტრიის, უნგრეთის, იტალიის, ლიეტუვის, ნიდერლანდების, კატარის, აშშ-ის და კანადის უნივერსიტეტებში განაგრძობენ.

„საქართველოში არსებული ევროპული სკოლა თქვენს რეგიონში ევროკავშირის მიერ ახალგაზრდების მხარდაჭერის ნათელი გამოვლინებაა. სკოლა იმ უნარებით გამარაგებთ, რომლებიც დაგეხმარებათ, სრულად გამოიყენოთ სამომავლო შესაძლებლობები“, – ამ სიტყვებით მიმართა ლორენს მერედიტმა კურსდამთავრებულებს და დასძინა: „დღევანდელ კურსდამთავრებულთა წარმატება შეუპოვრობის და მიზანდასახულობის გაკვეთილია. სტრესული პანდემიის შემდეგ და უკრაინაში მიმდინარე რუსეთის ომის კონტექსტში, თქვენ მაინც მიიღეთ ეს გამოწვევა და დატოვეთ საკუთარი ოჯახები, რათა ჭეშმარიტად უნიკალური გამოცდილება მიგეღოთ“.

სასტიპენდიო პროგრამას საფუძველი 2018 წელს ჩაეყარა. მას შემდეგ აღმოსავლეთ ევროპის ექვსი ქვეყნის სხვადასხვა ქალაქისა და სოფლის 145-მა მოსწავლემ მოიპოვა ევროკავშირის მიერ სრულად დაფინანსებული 2-წლიანი სტიპენდია საერთაშორისო ბაკალავრიატის პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად. 2022 წლისათვის სამი გამოშვების 105 მოსწავლე, მათ შორის 72 გოგო და 33 ბიჭი, გახდა ევროპული სკოლის კურსდამთავრებული. ისინი საკუთარ კარიერას ისეთ მრავალფეროვან სფეროებში აგრძელებენ, როგორიცაა ეკონომიკა, ბიოქიმიური ინჟინერია, ფიზიკა, სოციალური მეცნიერებები, ხელოვნება და კულტურა, მედია და კომუნიკაცია, საერთაშორისო ურთიერთობები და მსოფლიო პოლიტიკა, მედიცინა, სამართალი, ჰუმანიტარული დარგები და კომპიუტერული მეცნიერებები. მომავალ წელს სკოლას კიდევ 39 მოსწავლე დაამთავრებს, ხოლო მოსწავლეთა შემდეგი ნაკადი, რომელსაც 2022 წელს შეარჩევენ, სკოლაში 2023-2025 აკადემიურ წელს ისწავლის.  

აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის პროექტი საფლაგმანო პროექტი და პროგრამის, „აღმოსავლეთ პარტნიორობა – 20 შედეგი 2020 წლისთვის“, ერთ-ერთი შედეგია. ის წარმოადგენს ევროკავშირის ფართო ინიციატივას, რომლის მიზანიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნის (აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვის რესპუბლიკა, საქართველო, სომხეთი და უკრაინა) ახალგაზრდების საგანმანათლებლო საჭიროებათა დაკმაყოფილებაა. პროექტი აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნის სკოლების დამამთავრებელი კლასების წარმატებულ მოსწავლეებს მაღალი ხარისხის განათლებას სთავაზობს. საერთაშორისო ბაკალავრიატის სადიპლომო პროგრამის სტიპენდია მოსწავლეებს კონკურსის და მაღალი აკადემიური მოსწრების საფუძველზე ენიჭებათ. სასწავლო პროგრამაში განსაკუთრებული ყურადღება ევროპულ საკითხებზეა გამახვილებული. 

პროექტი მიზნად ისახავს, გააუმჯობესოს მოსწავლეთა საგანმანათლებლო და დასაქმების შესაძლებლობები, გააღრმაოს თანამშრომლობა, კულტურათაშორისი გაგება, ტოლერანტობა და ფუნდამენტური ფასეულობების გააზრება. გარდა ამისა, ის ევროკავშირის არსის და რეგიონში მისი საქმიანობის უკეთ გაგებას უწყობს ხელს. 

პროექტს აფინანსებს ევროკავშირი და ახორციელებს გაეროს პროექტების მომსახურების ოფისი (UNOPS) „საქართველოს საერთაშორისო სკოლა – ახალი სკოლა-სთან“,  საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროსა და საერთაშორისო ბაკალავრიატის (IB) ორგანიზაციასთან პარტნიორობით.




გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის B&S ევროპის კონსორციუმი.

ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით.
© European Union,