ყველაფერი, რაც COVID-19-ის პანდემიის პერიოდში ვაქცინაციის შესახებ უნდა იცოდეთ

დეკემბერი 10, 2021

  • რატომ არის ვაქცინაცია სასარგებლო?
  • COVID-19-ის საწინააღმდეგო ყველა ვაქცინა უსაფრთხოა?
  • როგორ ეხმარებიან ვაქცინაციას ევროკავშირი და ჯანმო?
  • უზრუნველყოფს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა გრძელვადიან დაცვას? როდის დამთავრდება ეს ყველაფერი?
  • ბევრ ჩემს მეგობარს და ნათესავს პანდემიის გარშემო სხვადასხვა კონსპირაციული თეორიის სჯერა და ვაქცინას ეჭვის თვალით უყურებს. როგორ შემიძლია მათი გადარწმუნება?
  • ვაქცინაციის გარდა, კიდევ რა სახის მხარდაჭერაა ხელმისაწვდომი COVID-19-ის პანდემიის პერიოდში?
ბარათი %1 %2-დან

რატომ არის ვაქცინაცია სასარგებლო?

დღეისთვის, სულ მცირე, 20 დაავადებისგან დამცავი ვაქცინები არსებობს. ამ დაავადებათა შორისაა დიფთერია, ტეტანუსი, გრიპი და წითელა. ვაქცინები ყოველწლიურად 3 მილიონამდე ადამიანს იცავს სიკვდილისგან — ეს წუთში საშუალოდ ხუთზე მეტი ადამიანის სიცოცხლეა. მათი მეშვეობით, ბავშვები  ჯანმრთელები იზრდებიან და მეტი ადამიანი აღწევს ხანდაზმულობის წლებს.

ვაქცინაცია ჯანდაცვის სფეროს განუყოფელი ნაწილია. უკანასკნელი ასი წლის განმავლობაში ვაქცინებმა მნიშვნელოვნად გაზარდა ჩვენი სიცოცხლის ხანგრძლივობა და ხარისხი. უმეტეს ჩვენგანს ჯერ კიდევ ბავშვობაში აქვს რამდენიმე აცრა გაკეთებული. ამ ვაქცინებმა ჩვენ იმ დაავადებებისგან დაგვიცვა, რომლებიც რამდენიმე თაობის წინ ათასობით ადამიანის სიკვდილს და დასახიჩრებას იწვევდა.  ხანდაზმულები და სუსტი ჯანმრთელობის მქონენი ყოველწლიურად იცრებიან გრიპის ახალი შტამებისგან დასაცავად. ცნობილია, რომ აცრილი ბავშვები ნაკლებად აცდენენ სკოლას. ეს მათ მშობლებს სამუშაოზე კონცენტრირების შესაძლებლობას აძლევს, რაც, თავის მხრივ, საზოგადოების ეკონომიკაზე დადებითად აისახება. ვაქცინები გლობალურ კეთილდღეობას ყველაზე ხარჯეფექტიანი გზით აუმჯობესებს.

დღეისათვის COVID-19-ის საწინააღმდეგო რამდენიმე ვაქცინაა შექმნილი და მათი რამდენიმე მილიარდი დოზა უკვე გამოყენებულია. ეს ვაქცინები ორგანიზმს ვირუსის მიმართ იმუნური პასუხის გამომუშავებაში ეხმარება და ამ გზით თავად დაავადებისგან ან მისით გამოწვეული გართულებებისგან იცავს.

გარდა ამისა, აცრით თქვენ ირგვლივ მყოფ ადამიანებსაც დაიცავთ. თუ თქვენ ვაქცინაციის მეშვეობით COVID-19-ის მძიმე ფორმისგან იქნებით დაცული, იმის შანსიც იკლებს, რომ სხვებს დააინფიცირებთ — მაგალითად, თქვენს ხანდაზმულ მშობლებს ან ბებია-ბაბუას, რომლებიც დაავადების გართულების მომატებული რისკის ქვეშ არიან; ან თუნდაც ექიმებს და ექთნებს, რომლებზეც თითოეული ჩვენგანის ჯანმრთელობაა დამოკიდებული.

მართალია, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა დაავადების მძიმე ფორმებისა და სიკვდილისგან გვიცავს, ჯერ კიდევ ზუსტად არაა ცნობილი, თუ რამდენად ეფექტიანად ამცირებს ის ვირუსის შეყრის ან მისი სხვისთვის გადადების შანსს. ამასთან, გავრცელების რაც მეტ საშუალებს მივცემთ ვირუსს, მით უფრო გაიზრდება იმის საშიშროება, რომ მან მუტაცია განიცადოს და ახალი და პოტენციურად მეტად საშიში შტამები წარმოიშვას. ამიტომ არსებითად მნიშვნელოვანია, რომ გააგრძელოთ სხვა ისეთი პრევენციული ზომების მიღება, როგორებიცაა ფიზიკური დისტანციის დაცვა, ნიღბის ტარება, ხელების ხშირი ბანა და დახურული სივრცეების სათანადოდ განიავება.

COVID-19-ის საწინააღმდეგო ყველა ვაქცინა უსაფრთხოა?

ევროკავშირში ავტორიზებული COVID-19-ის საწინააღმდეგო ყველა ვაქცინა ევროპის წამლის სააგენტოს (EMA) მიერაა შემოწმებული და ისინი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით მკაცრი კონტროლის ქვეშ არიან. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (ჯანმო) ევროკავშირთან და მთელ მსოფლიოში მომუშავე სხვა პარტნიორებთან თანამშრომლობს, რათა ავტორიზებულმა ვაქცინებმა უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტები დააკმაყოფილოს.

დღეისათვის  ევროპის წამლის სააგენტოს ევროკავშირში გამოყენებისთვის ოთხი ვაქცინა აქვს დამტკიცებული. ეს არის ვაქცინები, რომლებიც კომპანიების, Pfizer-BioNTech, AstraZeneca, Moderna და Johnson & Johnson-ის მიერაა წარმოებული. ამჟამად განხილვის პროცესშია კიდევ ოთხი ვაქცინა, რომელთა შორისაცაა რუსული ვაქცინა, Sputnik V. ჯანმომ მთლიანობაში გამოყენებისთვის შვიდი ვაქცინა დაამტკიცა — მათგან ოთხი ევროპის წამლის სააგენტოს მიერ დამტკიცებული ვაქცინაა, ხოლო დანარჩენი სამი Sinopharm-ის, Sinovac-ისა და COVAXIN-ის ვაქცინებია.

ყველა სხვა ვაქცინის მსგავსად, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებმაც გაიარეს გამოცდის მკაცრი, მრავალეტაპიანი პროცესი მასშტაბური კვლევების ჩათვლით, რომლებშიც  ათიათასობით ადამიანი მონაწილეობდა. ეს კვლევები ვაქცინების გვერდითი მოვლენების ან უსაფრთხოების სხვა პრობლემების გამოსავლენად ტარდება.

სიმართლეა, რომ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების შექმნა და დამტკიცება რეკორდულ ვადებში მოხდა, მაგრამ ამ პროცესში უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ყოველგვარი კომპრომისი გამოირიცხა. უფრო მეტიც, უპრეცედენტო საერთაშორისო თანამშრომლობამ და დიდი ოდენობით დაფინანსებამ ფართომასშტაბიანი კლინიკური კვლევების ჩატარება რეალურ  პირობებში გახადა შესაძლებელი. ეს ყველაფერი, ჩვეულებრივ, გაცილებით მეტ დროს მოითხოვს — თუ  საერთოდ შეუძლებელი არაა.

COVID-19-ის წინააღმდეგ ვაქცინაციის დაწყების შემდეგაც ჯანმო განაგრძობს თანამშრომლობას ვაქცინის მწარმოებლებთან, თითოეული ქვეყნის ჯანდაცვის სფეროს ოფიციალურ წარმომადგენლებთან და სხვა პარტნიორებთან. ამ გზით უსაფრთხო ვაქცინაციასთან დაკავშირებული მთლიანი პროცესი მკაცრად კონტროლდება.

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინას — ისევე, როგორც ნებისმიერ სხვა მედიკამენტს —გვერდითი მოვლენების გამოწვევა შეუძლია. ეს, ჩვეულებრივ, იმის ნიშანია, რომ ვაქცინა მუშაობს: ის იმუნური სისტემის სტიმულირებას ახდენს და ორგანიზმს დაავადებასთან საბრძოლველად ამზადებს. თუმცა ეს გვერდითი მოვლენები მოკლეხნიანია და, საშუალოდ, 24-48 საათი გრძელდება. ხოლო სერიოზული გვერდითი მოვლენები (მაგალითად, ალერგიული რეაქცია) უკიდურესად იშვიათად ვითარდება. ფაქტია, რომ COVID-19-ით დაავადების რისკი თავად ვაქცინაციის რისკს მნიშვნელოვნად აღემატება.

იმის გასაგებად, COVID-19-ის საწინააღმდეგო რომელი ვაქცინები არის ამჟამად გამოკვლევის და შეფასების პროცესში და რომლებს უკვე აქვთ ევროკავშირში გამოყენებისთვის საჭირო ავტორიზაცია, შეგიძლიათ ეწვიოთ ევროპის წამლის სააგენტოს ვებგსაიტს. ვაქცინების უსაფრთხოების შესახებ დამატებით ინფორმაციას კი ჯანმოს საიტზე იხილავთ.

როგორ ეხმარებიან ვაქცინაციას ევროკავშირი და ჯანმო?

გასულ წელს ევროკავშირმა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების და ახალი სამკურნალო მეთოდების კვლევა-შემუშავებაზე 1 მილიარდ ევროზე მეტი დახარჯა. ახალი რნმ ტექნოლოგია, რომელმაც რამდენიმე ვაქცინის უსწრაფესად შექმნაში უაღრესად მნიშვნელოვანი როლი შეასრულა, ევროპაში და შეერთებულ შტატებში შემუშავდა. უფრო კონკრეტულად, ევროკავშირმა Pfizer-BioNTech-ის ვაქცინის შესაქმნელად მძლავრი ფინანსური მხარდაჭერა გაიღო (გასული ათწლეულის განმავლობაში კომპანიამ, BioNTech, სამეცნიერო კვლევების დასაფინანსებლად ევროკავშირისგან 9 მილიონ ევროზე მეტი მიიღო, ხოლო 2020 წელს ევროპის საინვესტიციო ბანკმა მას სესხის სახით 100 მილიონი ევრო გამოუყო).

ევროკავშირი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს ვაქცინების მიწოდების მხრივ მნიშვნელოვან მხარდაჭერას COVAX პლატფორმის ან ევროკავშირის სამოქალაქო დაცვის მექანიზმის საშუალებით უწევს. 2021 წლის ნოემბრის შუა რიცხვებამდე ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებმა ვაქცინის 10 მილიონზე მეტი დოზა მიიღეს.

ევროკავშირი ერთ-ერთი უდიდესი მხარდამჭერია COVAX პლატფორმის, რომელიც უპრეცედენტო გლობალური თანამშრომლობაა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების შექმნის, წარმოების და თანაბარი ხელმისაწვდომობის დასაჩქარებლად. ევროკავშირის ევროპის გუნდი ევროკავშირის, მისი წევრი სახელმწიფოების და ევროპის ფინანსური ინსტიტუტების რესურსებს აერთიანებს და COVAX პლატფორმას მხარს 3 მილიარდამდე ევროთი უჭერს, საიდანაც 1 მილიარდ ევროს ევროკავშირის ბიუჯეტიდან გადარიცხული თანხა შეადგენს.

ვაქცინების გავრცელებისთვის შექმნილი ევროკავშირის ახალი, 35 მილიონი ევროს ღირებულების ღონისძიება, რომელსაც პოლონეთი უწყობს ხელს, ვაქცინის მარაგების გაზრდას ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მიერ აღმოსავლეთ პარტნიორობისთვის გადაცემული ვაქცინების ხარჯების ანაზღაურებით ეხმარება.

მაგრამ თავად ვაქცინების მიწოდება დახმარების მხოლოდ ნახევარია. ასეთივე მნიშვნელობა აქვს ვაქცინაციისთვის საჭირო ინფრასტრუქტურას. 2021 წლის თებერვლიდან მოყოლებული, ევროკავშირი და ჯანმო უდიდეს ერთობლივ ძალისხმევას წევენ იმისთვის, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსივე ქვეყნის მოსახლეობა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებით აიცრას. ამ ინიციატივის ბიუჯეტმა სამი წლის განმავლობაში 40 მილიონი ევრო შეადგინა. ეს გახლავთ ევროკავშირის და ჯანმოს უდიდესი ერთობლივი ღონისძიება, რომელიც ჯანმოს ევროპის რეგიონის მასშტაბით დღემდე განხორციელებულა.

პროგრამის ფარგლებში ევროკავშირის მხარდაჭერა მოიცავს ვაქცინაციის კამპანიაში მონაწილე სამედიცინო პერსონალის ტრენინგს, ვაქცინების/მარაგების მიწოდებისა და მართვის ძირითად ლოგისტიკურ მხარდაჭერას, ვაქცინაციასთან დაკავშირებული მონაცემების და უსაფრთხოების მონიტორინგს, კომუნიკაციას და საზოგადოების ჩართულობას და ციფრული COVID-სერტიფიკატების შექმნის პროცესში სახელმწიფოთა დახმარებას.

ამ მხარდაჭერის შედეგად, ევროკავშირს დღეისათვის უკვე აღიარებული აქვს უკრაინის, სომხეთის, საქართველოს და მოლდოვის რესპუბლიკის ციფრული COVID-სერტიფიკატები. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ქვეყნების მოქალაქეებს ევროკავშირში შესვლა და ეროვნული COVID-სერტიფიკატების გამოყენება ზუსტად ისე შეუძლიათ, როგორ ევროკავშირის მოქალაქეებს. ასევე, მიმდინარეობს მუშაობა აზერბაიჯანთან, რათა მის მიერ გაცემულმა სერტიფიკატებმაც დააკმაყოფილოს ევროკავშირის მოთხოვნები.

უზრუნველყოფს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა გრძელვადიან დაცვას? როდის დამთავრდება ეს ყველაფერი?

ამ ეტაპზე არსებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ ამჟამად ხელმისაწვდომი ვაქცინები ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილისგან კვლავ ძლიერ დაცვას უზრუნველყოფენ. დაცვის სიძლიერე ვაქცინების ტიპებისა და ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით განსხვავდება. ჩვენ, ამასთან, ვიცით, რომ ინფიცირებისა და დაავადების მსუბუქი ფორმებისგან დაცვის ხარისხი აცრიდან გარკვეული დროის გასვლის მერე იკლებს. თავის დასაცავად, აიცერით ვაქცინის რეკომენდებული რაოდენობის დოზით და განაგრძეთ COVID-19-ისგან დასაცავი სხვა, არაფარმაცევტული ზომების მიღება.

ბევრ ჩემს მეგობარს და ნათესავს პანდემიის გარშემო სხვადასხვა კონსპირაციული თეორიის სჯერა და ვაქცინას ეჭვის თვალით უყურებს. როგორ შემიძლია მათი გადარწმუნება?

ჩვენ ყველას გვყავს ნაცნობი, რომელიც ვაქცინაციას კატეგორიულად ეწინააღმდეგება — ეს შეიძლება იყოს მეგობარი, საყვარელი ადამიანი, კოლეგა ან მეზობელი. ხშირად ამ შიშს საფუძვლად ვაქცინაციის საწინააღმდეგო კონსპირაციული თეორიებისადმი რწმენა უდევს.

სამწუხაროდ, პანდემიით გამოწვეულმა კრიზისმა არა მარტო აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში შექმნა ნაყოფიერი ნიადაგი დეზინფორმაციის გასავრცელებლად, არამედ — მთელ მსოფლიოში, მათ შორის ევროკავშირსა და აშშ-ში.

არ აქვს მნიშვნელობა, ცრუ ინფორმაცია მიზანმიმართულად ვრცელდება მოსახლეობის დასაშინებლად თუ ადამიანები მას გულწრფელი შეშფოთების შედეგად უზიარებენ ერთმანეთს, ორივე შემთხვევაში ეს კონსპირაციული თეორიები ვაქცინებისადმი ადამიანების ეჭვებს კვებავს.

ადამიანები გადაუმოწმებელ ინფორმაციას მედია საშუალებებისგანაც იღებენ და პირადი საუბრების დროს გავრცელებული ჭორებითაც. თუმცა ყველაზე ხშირად ამ ინფოდემიის გამომწვევი ონლაინ სოციალური ქსელებია. ყურადღების მიმპყრობი პოსტების წინ წამოწევით, სოციალური ქსელების ალგორითმები მცდარი ინფორმაციის სწრაფად და ფართო მასშტაბებზე გავრცელებას უწყობს ხელს.

აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში გავრცელებული ერთერთი ყველზე პოპულარული დეზინფორმაცია ისაა, რომ დასავლეთში შექმნილი ვაქცინები სახიფათოა.   ევროკავშირის დეზინფორმაციის საწინააღმდეგო  წამყვანი ინიციატივა, კამპანია EUvsDisinfo აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში უწყვეტად იკვლევს და აანალიზებს ვაქცინებთან დაკავშირებული დეზინფორმაციის გავრცელებას და მის ზეგავლენას საზოგადო აზრზე. მას ასევე ის მითები გამოაქვს სააშკარაოზე, რომლებიც რუსეთსა და დასავლეთს შორის არსებულ „ვაქცინათა ომს“ კვებავს.

ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილ ადამიანებთან სასაუბროდ ინიციატივამ, EuvsDisinfo, ექვსპუნქტიანი სახელმძღვანელო შეადგინა. ეს გზამკვლევი იმ მეგობართან ან ნათესავთან ურთიერთობისას დაგეხმარებათ, რომელსაც ვაქცინაციის არ სჯერა. სახელმძღვანელო დაბეჯითებით გირჩევთ, შეინარჩუნოთ სიმშვიდე, მოუსმინოთ თანამოსაუბრეს, განეწყოთ თანაგრძნობით, გამოიყენოთ სარწმუნო წყაროები, წაახალისოთ კრიტიკული აზროვნება და გაიაზროთ, როდის არ ღირს საუბრის გაგრძელება.

ვაქცინაციის გარდა, კიდევ რა სახის მხარდაჭერაა ხელმისაწვდომი COVID-19-ის პანდემიის პერიოდში?

დღემდე ევროკავშირმა გადაუდებელი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად ან ჯანდაცვის ეროვნული სისტემების დახმარების და სოციალური თუ ეკონომიკური აღდგენის მიზნით 2.5 მილიარდ ევროზე მეტი გამოყო.

ვაქცინების მიწოდების გარდა, ევროკავშირი და ჯანმო აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსივე ქვეყანასთან ჯანდაცვის სექტორის დასახმარებლად თანამშრომლობენ. ამას ისინი ინიციატივის, „სოლიდარობა ჯანმრთელობისთვის“, საშუალებით აკეთებენ, რაც ჯანდაცვის სისტემების სამედიცინო აპარატურით და ინდივიდუალური აღჭურვილობით უზრუნველყოფას გულისხმობს. ამ პროექტის ფარგლებში ქვეყნებს მიეწოდათ პერსონალური დაცვის საშუალებების 11 მილიონ ერთეულზე მეტი, 12,000 ლაბორატორიული ნაკრები, 1,500-ზე მეტი სასუნთქი აპარატი, ჟანგბადის კონცენტრატორი და პულსოქსიმეტრი და PCR ტესტის 20,000-ზე მეტი ნაკრები.

ევროკავშირმა საზოგადოების სოციალურად ყველაზე დაუცველი ჯგუფების დასახმარებლად 11 მილიონ ევროზე მეტი ინვესტიციების სახით გამოყო. სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციებს 60,000 ევრომდე ოდენობის გრანტები აღმოსავლეთ პარტნიორობის სოლიდარობის პროგრამით გადაეცათ. ეს თანხა ისეთ გადაუდებელ საჭიროებებს ხმარდება, როგორიცაა ადგილობრივ სკოლებში დისტანციური სწავლების ორგანიზება, სამუშაო ადგილების გარეშე დარჩენილი ქალების დახმარება ან ხანდაზმულთა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკვებით მომარაგება. მეორე პროგრამა, COVID-19: სამოქალაქო საზოგადოების მოქნილობა და მდგრადობა, ასევე სამოქალაქო საზოგადოებასთან და დამოუკიდებელ მედიასთან მუშაობს. ინიციატივა ეხმარება მათ, განაგრძონ საზოგადოების წევრების — განსაკუთრებით კი, სოციალურად ყველაზე დაუცველი ჯგუფების — დაცვით და მხარდაჭერით უზრუნველყოფა და პანდემიის შესახებ ზუსტი ინფორმაციით მომარაგება.

გარდა ამისა, ევროკავშირი ამ უპრეცედენტოდ რთულ პერიოდში ბიზნესსაც ეხმარება. ის მჭიდროდ თანამშრომლობს ფინანსურ ორგანიზაციებთან ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში და მთელ მსოფლიოში, რათა გვერდში დაუდგეს რეგიონში მოქმედ მცირე ბიზნესს, თვითდასაქმებულებს და სხვებს. ამ უკანასკნელებს აღნიშნული თანამშრომლობის მეშვეობით გამარტივებულად შეუძლიათ სესხების ადგილობრივ ვალუტაში მიღება და გრანტების მოსაპოვებლად განაცხადების შეტანა. ეს დახმარება მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის ახალი პროგრამის და „ევროკავშირი ბიზნესისთვის“ (EU4Business) ინიციატივის ფარგლებში ხორციელდება. ეწვიეთ COVID-19-თან გასამკლავებელი მხარდაჭერისთვის მიძღვნილ გვერდს ინიციატივის, EU4Business ვებსაიტზე და გაეცანით ბიზნესის დასახმარებლად განხორციელებულ ღონისძიებებს აზერბაიჯანში, ბელარუსში, მოლდოვაში, საქართველოში, სომხეთსა და უკრაინაში.

აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში ფინანსური ლიკვიდურობის უზრუნველსაყოფად ევროკავშირმა მდგრადი განვითარების ევროპული ფონდის მეშვეობით 500 მილიონი ევრო გამოყო, ხოლო ბიზნესი კრედიტებით, ძირითადად, ევროპულმა ფინანსურმა ინსტიტუტებმა — კერძოდ, ევროპის საინვესტიციო ბანკმა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა მოამარაგეს. გარდა ამისა, მათ მილიონობით ევრო გამოყვეს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სისტემების, ეკონომიკური გამძლეობის, ციფრული ტრანსფორმაციის, განახლებადი ენერგიის და მწვანე ინვესტიციების მხარდასაჭერად, რაც გულისხმობს როგორც გადაუდებელ დახმარებას, ასევე მდგრადი აღდგენის მიზნით განხორციელებულ შედარებით გრძელვადიან ინვესტიციებს.

ჩასვით
The recommended iFrame size is 100% width and 750px height


ყველაზე წაკითხული


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,