ევროკავშირის ახალი საინვესტიციო გეგმა აღმოსავლეთ პარტნიორებისთვის

დეკემბერი 3, 2021

  • რას მოიცავს ევროკავშირის ახალი ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა?
  • რომელია ინვესტირებისთვის პრიორიტეტული სფეროები?
  • რა რეალურ შედეგებს მოუტანს ეს გეგმა პარტნიორ ქვეყნებს? როგორ განხორციელდება ინვესტიციები და როგორ ვიგრძნობ განსხვავებას?
  • რას მოიცავს კონკრეტულად საქართველოსთვის შექმნილი საინვესტიციო გეგმა?
ბარათი %1 %2-დან

რას მოიცავს ევროკავშირის ახალი ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა?

ევროკავშირის ფართომასშტაბიანი ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა აღმოსავლეთ პარტნიორობის აღდგენის, მდგრადობის და რეფორმების დღის წესრიგის საფუძველს წარმოადგენს. მომავალი ხუთი წლის განმავლობაში გეგმის შესასრულებლად ევროკავშირის ბიუჯეტიდან გრანტების, შერეული დაფინანსების და გარანტიების სახით 2.3 მილიარდი ევრო გამოიყოფა. თანხა სამუშაო ადგილების შექმნას, განვითარებას, კავშირების გამყარებას და მწვანე და ციფრული გარდაქმნის მხარდაჭერას მოხმარდება.

 

მაგრამ ეს მხოლოდ საწყისი ეტაპია: ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის ფარგლებში ევროკავშირის მხარდაჭერამ ხელი უნდა შეუწყოს შემდგომ სახელმწიფო და კერძო ინვესტიციებსაც, რაც ევროკავშირის, ევროპის საინვესტიციო ბანკის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის და სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების გაერთიანებული ძალისხმევით მიიღწევა. ამ პროცესში მონაწილეობას ასევე მიიღებენ განვითარების დამფინანსებელი ორგანიზაციები ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან, პარტნიორი ქვეყნების ეროვნული, რეგიონული და ადგილობრივი მთავრობები, შესაბამის შემთხვევებში — მუნიციპალიტეტები და კერძო ინვესტორები. მოსალოდნელია, რომ ამ გზით გეგმა სახელმწიფო და კერძო ინვესტიციების სახით 17 მილიარდამდე ევროს შეკრებს და ეფექტიანად გამოიყენებს პანდემიის შემდგომი აღდგენის მხარდასაჭერად.

გეგმა გააერთიანებს ადგილობრივ, ეროვნულ და რეგიონულ დონეზე განსახორციელებელ საქმიანობას და ის თითოეული პარტნიორი ქვეყნის კონკრეტულ მოთხოვნებზე იქნება მორგებული.

ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა საფუძვლად უდევს აღმოსავლეთ პარტნიორობის 2020 წლის შემდგომი პერიოდის პრიორიტეტების ძირითად საინვესტიციო პრინციპს. ეს ინიციატივა COVID-19-ის პანდემიისგან  სოციალურ და ეკონომიკურ აღდგენას მწვანე და ციფრული გარდაქმნის დაჩქარებით უწყობს ხელს.

თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ ამ ინვესტიციებს თან ახლდეს აშკარა წინსვლა სასამართლო რეფორმის, საჯარო მმართველობის რეფორმის და ადამიანის უფლებების დაცვის სფეროებში. ეს არის მმართველობის ძირითადი პრინციპი, რომელიც დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობის რეფორმების, კორუფციასთან ბრძოლის, გენდერული თანასწორობის, სამოქალაქო საზოგადოების და დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერას გულისხმობს. ეს  ყველაფერი ევროკავშირის მთავარ ფასეულობებს და ისეთი ძლიერი საზოგადოების ფუნდამენტს წარმოადგენს, რომლის პრიორიტეტიც საკუთარი მოქალაქეების კეთილდღეობაზე ზრუნვაა.

რომელია ინვესტირებისთვის პრიორიტეტული სფეროები?

აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ეკონომიკათა მდგრადობა და ინტეგრირებულობა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა COVID-19-ის პანდემიის შემდგომი აღდგენის კონტექსტში.

აღმოსავლეთ პარტნიორობის 2020 წლის შემდგომი პერიოდის პრიორიტეტების შესაბამისად, ინვესტიციები შემდეგ ძირითად სფეროებში განხორციელდება:

  • გაუმჯობესებული სატრანსპორტო კავშირები
  • მცირე და საშუალო საწარმოებისთვის ხელმისაწვდომი ფინანსები
  • გაზრდილი კონკურენტუნარიანობა და ევროკავშირის სხვადასხვა ღირებულებათა ჯაჭვში ინტეგრაცია
  • ციფრული ტრანსფორმაცია
  • მდგრადი ენერგეტიკა
  • მდგრადი გარემო და კლიმატი
  • მდგრადი ჯანდაცვის სისტემა
  • განათლების რეფორმა და შესაძლებლობები ახალგაზრდობისთვის

 

თუმცა იმისათვის, რომ ასეთი ინვესტიციები ეფექტიანი იყოს და მდგრად განვითარებას შეუწყოს ხელი, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს პოლიტიკის და სამართლებრივი გარემოს გაუმჯობესებას. ევროკავშირის მხარდაჭერა სწორედ ამ წინაპირობას ეფუძნება და ის მოტივაციაზე დაფუძნებულ მიდგომას იყენებს. ეს ნიშნავს იმას, რომ ინვესტიციებს თან უნდა ახლდეს აშკარა პროგრესი სასამართლო რეფორმის, საჯარო მმართველობის რეფორმის და ადამიანის უფლებების დაცვის სფეროებში.

რა რეალურ შედეგებს მოუტანს ეს გეგმა პარტნიორ ქვეყნებს? როგორ განხორციელდება ინვესტიციები და როგორ ვიგრძნობ განსხვავებას?

თქვენ ნამდვილად იგრძნობთ განსხვავებას. ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა თითოეული პარტნიორი ქვეყნისთვის ხუთ საფლაგმანო ინიციატივას შეიცავს. ეს არის კონკრეტული პროექტები, რომლებიც უშუალო გავლენას იქონიებს მოსახლეობის კეთილდღეობასა და ბიზნესის წარმატებაზე.

გეგმა ევროკავშირის იმ მხარდაჭერის არსებითი ნაწილია, რომელიც COVID-19-ის პანდემიის შემდგომ აღდგენას ისახავს მიზნად. ამის მიღწევის გზად კი თითოეული ქვეყნის ეკონომიკის სტრატეგიული ინტერესების გათვალისწინება, გრძელვადიანი მდგრადობის და კონკურენტუნარიანობის მხარდაჭერა და მოქალაქეთა ხელშესახები სარგებლით უზრუნველყოფაა დასახული. აქედან გამომდინარე, საფლაგმანო ინიციატივები განისაზღვრა პარტნიორ ქვეყნებთან ერთად — მათი პრიორიტეტების, მოთხოვნების და ამბიციების გათვალისწინებით.

 

რას მოიცავს კონკრეტულად საქართველოსთვის შექმნილი საინვესტიციო გეგმა?

საქართველოს მიერ დასახელებული ძირითადი პრიორიტეტებია სატრანსპორტო და ციფრული კავშირები (განსაკუთრებით, შავი ზღვის საშუალებით) და ციფრული სფეროს განვითარება. გარდა ამისა, საქართველოს პრიორიტეტებში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს მცირე და საშუალო საწარმოების ფინანსებზე ხელმისაწვდომობისა და ექსპორტის პოტენციალის გაზრდას.

 

საქართველოს ხუთი საფლაგმანო ინიციატივაა:

  1. კავშირების განმტკიცება შავი ზღვის საშუალებით ევროკავშირთან მონაცემთა ურთიერთქმედების და ენერგეტიკული კავშირების გაუმჯობესება. ინიციატივის ფარგლებში, წყალქვეშა ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის დამონტაჟებით ქართული ბაზარი უკეთ ინტეგრირდება ევროკავშირის ბაზართან. მოქალაქეები ისარგებლებენ უფრო სწრაფი და უფრო სტაბილური პირდაპირი ინტერნეტკავშირით საქართველოსა და ევროკავშირს შორის. გარდა ამისა, ენერგეტიკის სფეროში საქართველოსა და ევროკავშირს შორის შემდგომ ურთიერთკავშირს ხელს შეუწყობს ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების კვლევა საქართველოსა და ევროკავშირს შორის წყალქვეშა ელექტროკაბელის გასაყვანად. ინვესტიციის მთლიანი მოცულობა, სავარაუდოდ, 25 მილიონამდე ევროს შეადგენს.
  2. შავი ზღვის სატრანსპორტო კავშირების გაუმჯობესება — ევროკავშირთან ფიზიკური კავშირების განმტკიცება. ეს საფლაგმანო ინიციატივა სხვა საკითხებთან ერთად მოიცავს ახალ საბორნე მომსახურებათა დამკვიდრებას და პორტების რეაბილიტაციას. ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან პირდაპირი სატრანსპორტო კავშირის ამ გზით დამყარება ხელს შეუწყობს სასაქონლო ვაჭრობას და მგზავრთა მიმოსვლას. გაუმჯობესებული კავშირები განავითარებს ვაჭრობას და ეკონომიკურ თანამშრომლობას და გააძლიერებს საქართველოს, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ქვეყნის, როლს. ინვესტიციის მთლიანი მოცულობა, სავარაუდოდ, 100 მილიონამდე ევროს შეადგენს.
  3. მდგრადი ეკონომიკური აღდგენა — 80,000 მცირე და საშუალო საწარმოს დახმარება, მიიღონ მაქსიმალური სარგებელი ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცისგან (DCFTA). ინიციატივა მოიცავს სააქციო კაპიტალში ინვესტირებას, რაც დააჩქარებს ქართული მცირე და საშუალო საწარმოების ინტეგრაციას ევროკავშირის ღირებულებათა ჯაჭვში. ეს კი, თავის მხრივ, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ვაჭრობის დივერსიფიკაციას შეუწყობს ხელს. ევროკავშირის დახმარების მნიშვნელოვანი წილი აგროსურსათის სექტორში მოქმედ მცირე და საშუალო საწარმოებს მოხმარდება. მცირე და საშუალო საწარმოებისთვის გამოყოფილი მხარდაჭერის მთლიანი მოცულობა, სავარაუდოდ, 600 მილიონ ევროს შეადგენს.
  4. ციფრული კავშირი მოქალაქეებისთვის — მაღალსიჩქარიანი ფართოხაზოვანი ინტერნეტის ინფრასტრუქტურა 1,000 სასოფლო დასახლებისთვის. ეს საფლაგმანო ინიციატივა ციფრულ უთანასწორობას მაღალსიჩქარიანი ფართოხაზოვანი ინტერნეტის იმ ინფრასტრუქტურის განვითარებით შეამცირებს, რომლითაც 1,000-მდე სასოფლო დასახლება შეძლებს სარგებლობას. ეს ხელს შეუწყობს ეკონომიკურ განვითარებასა და აღდგენას და იმავდროულად გააუმჯობესებს ციფრული ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობას ეროვნული ფართოხაზოვანი სტრატეგიის შესაბამისად. ინვესტიციის მთლიანი მოცულობა, სავარაუდოდ, 350 მილიონამდე ევროს შეადგენს.
  5. ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება — უფრო სუფთა ჰაერი თბილისის 1 მილიონზე მეტი მოქალაქისთვის. უახლოეს წლებში ევროკავშირი საქართველოში ჰაერის ხარისხის მონიტორინგის გაუმჯობესებაზე იმუშავებს, რაც სპეციალური დანადგარის დამონტაჟებით და კომპეტენციათა განვითარებით განხორციელდება. დაბინძურების წყაროების გამოვლინების გარდა, კონკრეტული ინვესტიციები სიტუაციის გაუმჯობესებას მოხმარდება. ამასთან, ეს ინიციატივა მოიცავს საბაგირო გზის ორი ურბანული ხაზის მშენებლობას, რაც თბილისის მწვანე და მდგრადი საქალაქო ტრანსპორტის განვითარებას შეუწყობს ხელს. ინვესტიციის მთლიანი მოცულობა, სავარაუდოდ, 100 მილიონ ევროს შეადგენს.
ჩასვით
The recommended iFrame size is 100% width and 750px height


ყველაზე წაკითხული


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,