Erasmus+ საქართველოში

აგვისტო 16, 2021

  • ძალიან მინდა საზღვარგარეთ სწავლა, მაგრამ არ მაქვს ფული: შესაძლებელია ევროკავშირი დამეხმაროს?
  • როგორც ჩანს, ერაზმუს+ კარგი შესაძლებლობაა ჩემთვის, მაგრამ როგორ უნდა შევიტანო განაცხადი?
  • რა ენაზე იქნება სწავლა? საჭიროა რაიმე სახის სერთიფიკატი ინგლისურ ენაში?
  • მივიღებ თუ არა სტიპენდიას? რა რაოდენობით?
  • რა არის ერაზმუს+ უპირატესობები? პროგრამის გავლის შემდეგ ადვილია კარგ სამსახურში დასაქმება?
  • რაც შეეხება სამსახურს, გავიგე, რომ ერაზმუს+ ასევე იძლევა ევროპაში სტაჟირების შანსს - ეს მართლაც ასეა?
  • მე არ ვარ სტუდენტი, მაგრამ მსურს მონაწილეობის მიღება საქმიანობაში საზღვარგარეთ - არსებობს ჩემთვის რაიმე შესაძლებლობა?
ბარათი %1 %2-დან

ძალიან მინდა საზღვარგარეთ სწავლა, მაგრამ არ მაქვს ფული: შესაძლებელია ევროკავშირი დამეხმაროს?

დიახ, შესაძლებელია! გსმენიათ პროგრამის ერაზმუს+ შესახებ? ამ პროგრამის საშუალებით ევროკავშირი სტუდენტებს სთავაზობს გაცვლით პროგრამებს ევროპულ უნივერსიტეტებში საბაკალავრო, სამაგისტრო და დოქტორანტურის დონეზე – გაცვლები იქნება იმ პროგრამის ნაწილი, რომელშიც სტუდენტი მონაწილეობს და შეიძლება გაგრძელდეს ერთი სემესტრიდან ერთ წლამდე. როგორც ერაზმუს+ სტუდენტი, თქვენ არ გადაიხდით სწავლის საფასურს და მიიღებთ ერაზმუს+ გრანტს მგზავრობისა და ცხოვრებასთან დაკავშირებული ხარჯების დასაფარად!

ასევე შესაძლებელია განაცხადის შეტანა ერაზმუს+ სტიპენდიაზე მაგისტრის ხარისხის მოსაპოვებლად ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში. 

2021 წელს პროგრამის ერაზმუს+ გაცვლითი პროგრამების ფარგლებში სწავლის და სწავლების შესაძლებლობა ჰქონდა უნივერსიტეტის 1700-ზე მეტ სტუდენტს და პედაგოგს საქართველოდან, ხოლო 29 ქართველმა სტუდენტმა სამაგისტრო სტიპენდია მოიპოვა – ეს ნამდვილად ღირს მცდელობად!

როგორც ჩანს, ერაზმუს+ კარგი შესაძლებლობაა ჩემთვის, მაგრამ როგორ უნდა შევიტანო განაცხადი?

გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა მიმართონ საკუთარი უნივერსიტეტების საერთაშორისო ურთიერთობების ოფისებს – მათ აქვთ ინფორმაცია თქვენს სასწავლო მიმართულებაზე არსებული შესაძლებლობების შესახებ და შეუძლიათ დახმარება სააპლიკაციო პროცესში.

რაც შეეხება სამაგისტრო პროგრამებს, პირველ რიგში, უნდა გაეცნოთ ერაზმუს მუნდუსის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამების კატალოგს, რომელშიც თავმოყრილია მომდევნო აკადემიური წლისათვის ერაზმუსის სტიპენდიით დაფინანსებული კურსები (2021 წელს იყო 149 კურსი), შემდეგ კი დაუკავშირდეთ უნივერსიტეტს სასწავლო პროგრამაზე და სტიპენდიაზე განაცხადის გასაკეთებლად.

ერაზმუს+ საქართველოს ეროვნულ ოფისს შეუძლია დახმარება ნებისმიერი ინფორმაციით. დამატებითი ინფორმაციისთვის გაეცანით მათ ვებსაიტს, დაუკავშირდით ელექტრონული ფოსტით მისამართზე [email protected], ან დაურეკეთ ტელეფონის ნომერზე +995 322 147 139.

რა ენაზე იქნება სწავლა? საჭიროა რაიმე სახის სერთიფიკატი ინგლისურ ენაში?

ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ სად ისწავლით და რომელ ენაზე ისწავლება კურსი. ზოგიერთი გაცვლითი პროგრამის კურსები ინგლისურ ენაზეა, ხოლო ზოგიერთ კურსზე სწავლება ადგილობრივ ენაზე მიმდინარეობს. გახსოვდეთ, ერაზმუსის გაცვლით პროგრამაში მონაწილეობა ნიშნავს, რომ თქვენ უნდა დაესწროთ ლექციებს, დაწეროთ ესეები და ჩააბაროთ გამოცდები იმ ენაზე, რომელზეც სწავლება მიმდინარეობს. შესაბამისი ენობრივი კვალიფიკაციის არარსებობის შემთხვევაში, აუცილებელია ტესტის ჩაბარება ენის ცოდნის დონის შესაფასებლად.

მივიღებ თუ არა სტიპენდიას? რა რაოდენობით?

გაცვლით პროგრამებში  მონაწილე სტუდენტებს ევროკავშირი უზრუნველყოფს საშუალოდ 800 ევრომდე თანხით ცხოვრებასთან დაკავშირებული ხარჯებისთვის და ასევე სთავაზობს მგზავრობის ხარჯების ანაზღაურებას მანძილის მიხედვით.

სამაგისტრო სტიპენდიებისთვის ერაზმუს+ დაფარავს სტუდენტის ყოველგვარ სასწავლო ხარჯს (მათ შორის სწავლების საფასურს, ბიბლიოთეკით და ლაბორატორიით სარგებლობის ხარჯებს და დაზღვევის ხარჯებს მთლიანად). პროგრამა ასევე მიიღებს მონაწილეობას სტუდენტის სამგზავრო და მოწყობის ხარჯების დაფარვაში და მოიცავს ყოველთვიურ დახმარებას სასწავლო პროგრამის მთელი მიმდინარეობის მანძილზე.

რა არის ერაზმუს+ უპირატესობები? პროგრამის გავლის შემდეგ ადვილია კარგ სამსახურში დასაქმება?

ბევრმა საერთაშორისო კვლევამ უჩვენა საზღვარგარეთ სწავლის უპირატესობა პროგრამის ერაზმუს+ ფარგლებში – ერაზმუსის კურსდამთავრებულებს აქვთ დასაქმების მეტი შანსი, მათ აკისრებენ მეტ პროფესიულ პასუხისმგებლობას და უფრო სავარაუდოა, რომ წამოიწყონ საკუთარი ბიზნესი.

მაგრამ გაესაუბრეთ ნებისმიერ კურსდამთავრებულს – ყველაზე უკეთ მათ გაცვლითი პროგრამის დროს გამომუშავებული პიროვნული თვისებები ამახსოვრდებათ – სხვა ქვეყნების ცოდნა, სხვა კულტურის წარმომადგენლებთან ურთიერთობის უნარი, კომუნიკაციისა და ადაპტაციის გაუმჯობესებული უნარები და რაც მთავარია,- ისინი იძენენ ახალ მეგობრებს და ახალ ცხოვრებისეულ პერსპექტივას.

ყველაზე უკეთ ამის დადასტურება მონაწილეებს შეუძლიათ. შეხვდით ბექას, თინათინს და ნანა და გაიგეთ, თუ რას ნიშნავდა ერაზმუსი მათთვის… ასევე, მიიღეთ შესანიშნავი რჩევები სააპლიკაციო პროცესისა და ამ გამოცდილების მაქსიმალურად გამოყენების შესახებ.

რაც შეეხება სამსახურს, გავიგე, რომ ერაზმუს+ ასევე იძლევა ევროპაში სტაჟირების შანსს - ეს მართლაც ასეა?

დიახ, პროგრამა ერაზმუს+ მხარს უჭერს საწარმოო პრაქტიკას და სტაჟირებას საზღვარგარეთ ბაკალავრიატის, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამის სტუდენტებისთვის, ასევე ახლად კურსდამთავრებულებისთვის (დამთავრებიდან ერთი წლის განმავლობაში). მაგრამ სტაჟირება უნდა შეესაბამებოდეს თქვენს ხარისხს და სადაც შესაძლებელია, ინტეგრირებული უნდა იყოს სასწავლო პროგრამაში, ასე რომ, საჭიროა არსებული შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის გადამოწმება საკუთარ უნივერსიტეტთან. სტაჟირების ხანგრძლივობა შეიძლება იყოს ორი თვიდან თორმეტ თვემდე და არსებობს პროგრამის ერაზმუს+ გრანტები, რომლებიც ფარავს ხარჯებს სტაჟირებაზე ყოფნისას.

მე არ ვარ სტუდენტი, მაგრამ მსურს მონაწილეობის მიღება საქმიანობაში საზღვარგარეთ - არსებობს ჩემთვის რაიმე შესაძლებლობა?

დიახ! ერაზმუს+ მხოლოდ სტუდენტებისთვის არ არის. გასული ორი წლის განმავლობაში ასობით ახალგაზრდა და ახალგაზრდა მუშაკი საქართველოდან მონაწილეობდა ერაზმუს+ ახალგაზრდულ პროექტებში (გაცვლითი პროგრამები, ტრენინგები, დებატები, მოხალისეობა).

13-დან 30 წლამდე ასაკის ნებისმიერ ადამიანს ევროკავშირი სთავაზობს ახალგაზრდულ გაცვლით პროგრამებს, რომელთა ხანგრძლივობა 5-დან 21 დღემდეა.

ეს შეიძლება იყოს სემინარები, სავარჯიშოები, დებატები, როლური თამაშები, სპორტი და სხვა. ეს გაცვლები წარმოებს ახალგაზრდული ორგანიზაციების საშუალებით და ცალკეულ ინდივიდებს განაცხადის პირდაპირ შეტანა არ შეუძლიათ. დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით პროგრამის ერაზმუს+ ახალგაზრდობის საინფორმაციო ცენტრს საქართველოში, ეწვიეთ მის Facebook-ის გვერდს ან დარეკეთ ტელეფონის ნომერზე +995 574 27 11 27.

მეორე შესანიშნავი შესაძლებლობა გამოცდილების მისაღებად საზღვარგარეთ არის მოხალისეობა ევროპის სოლიდარობის კორპუსის საშუალებით. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა გაეცნოთ განსხვავებულ კულტურას და შეიძინოთ ახალი მეგობრები, ამავე დროს კი ეხმარებოდეთ სხვებს და ითვისებდეთ ახალ უნარებს. მოხალისეთა პროგრამაში მონაწილეობისათვის უნდა იყოთ 17-დან 30 წლამდე ასაკის და უნდა გქონდეთ ორი კვირიდან 12 თვემდე პერიოდის საზღვარგარეთ გატარების სურვილი. მოხალისეობრივი პროექტები შეიძლება იყოს ისეთ განსხვავებულ სფეროებში, როგორიცაა კულტურა, ახალგაზრდობა, სპორტი, ბავშვები, კულტურული მემკვიდრეობა, ხელოვნება, ცხოველთა დაცვა, ან გარემოს დაცვა. სააპლიკაციო პროცესის  შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ევროპის სოლიდარობის კორპუსის პორტალზე.

ჩასვით
The recommended iFrame size is 100% width and 750px height


ყველაზე წაკითხული


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,