აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლა საქართველოში

დეკემბერი 15, 2022

  • რა განსხვავებაა ჩვეულებრივ საშუალო სკოლასა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპულ სკოლას შორის?
  • შემიძლია, ვისწავლო საქართველოში მდებარე აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპულ სკოლაში?
  • როგორ შევიტანო განაცხადი?
  • სკოლაში სწავლა ფასიანია?
  • რა უპირატესობები აქვს საერთაშორისო ბაკალავრიატის (IB) დიპლომს?
  • აღიარებენ თუ არა ამ საერთაშორისო ბაკალავრიატის დიპლომს ჩემი ქვეყნის უნივერსიტეტები?
  • სად შემიძლია გავიგო მეტი სკოლის შესახებ?
ბარათი %1 %2-დან

რა განსხვავებაა ჩვეულებრივ საშუალო სკოლასა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპულ სკოლას შორის?

არის ორი დიდი განსხვავება — თავად სასწავლო კურსი აქცენტით ევროპულ საკითხებზე და სწავლის განსაკუთრებული საერთაშორისო გამოცდილება, რომელსაც აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლა მოსწავლეებს სთავაზობს.

ორწლიანი საერთაშორისო ბაკალავრიატის (IB) პროგრამა აგებულია ევროპის და ევროპული საკითხების გარშემო. კურსში შეტანილია ჰუმანიტარული მეცნიერებები, ენები და ლიტერატურა, ხელოვნება და ისტორია — და ეს ყველაფერი მოსწავლეებისთვის კონკრეტულად  ევროპული პერსპექტივითაა მიწოდებული.

საერთაშორისო ბაკალავრიატი ასევე იყენებს სწავლების განსხვავებულ მეთოდს, რომელშიც განსაკუთრებული ყურადღება ექცევა მოსწავლეების მიერ კრიტიკული და დამოუკიდებელი აზროვნების უნარის ათვისებას, ეთიკურ და ლოგიკურ მსჯელობას.

ამავე დროს, სკოლაში შექმნილია განსაკუთრებული საერთაშორისო გარემო, რომელშიც სხვადასხვა კულტურის წარმომადგენელი მოსწავლეები ცხოვრობენ და სწავლობენ. კლასგარეშე პერიოდში კი მათ აქვთ შესაძლებლობა, დაესწრონ ევროკავშირთან დაკავშირებულ კონფერენციებს და ღონისძიებებს.

მთლიანობაში, ევროპული სკოლა მოსწავლეებს სთავაზობს საუკეთესო განათლების მიღების შესაძლებლობას. ეს განსაკუთრებული მეთოდი მათ თანამედროვე, გლობალიზებული სამყაროს გამოწვევებისთვის ამზადებს. ამასთან, სკოლას მოსწავლეები საერთაშორისო კვალიფიკაციით ამთავრებენ — მათ საერთაშორისო ბაკალავრიატის დიპლომი გადაეცემათ.

შემიძლია, ვისწავლო საქართველოში მდებარე აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპულ სკოლაში?

დიახ, თუკი ხარ 16-17 წლის და, ამასთან — აზერბაიჯანის, ბელარუსის, მოლდოვის რესპუბლიკის, საქართველოს, სომხეთის ან უკრაინის მოქალაქე და მუდმივი მცხოვრები.

თუმცა, ადგილების რაოდენობა შეზღუდულია — წელიწადში მიიღება მხოლოდ 20-მდე მოსწავლე. ასე რომ, კანდიდატები განაცხადის შესატანად უნდა აკმაყოფილებდნენ გარკვეულ პირობებს, შემდეგ კი ისინი კონკურსის საფუძველზე შეირჩევიან.

განაცხადის შესატანად საჭირო კრიტერიუმებია: კანდიდატი უნდა სწავლობდეს ჩამოთვლილი ექვსი ქვეყნიდან ერთ-ერთის საშუალო სკოლაში (ბელარუსსა და საქართველოში მეათე კლასში, ხოლო დანარჩენი ქვეყნების შემთხვევაში — მეცხრე-მეათე კლასებში) და უნდა გამოირჩეოდეს კარგი აკადემიური მოსწრებით. გარდა ამისა, მოსწავლემ სათანადოდ უნდა იცოდეს ინგლისური ენა — კერძოდ, მინიმუმ B2 ან უფრო მაღალ დონეზე.

როგორ შევიტანო განაცხადი?

განაცხადის შეტანის პროცესი 2023-2024 სასწავლო წლისთვის სამ ეტაპს მოიცავს:

  1. დაინტერესებულებს სკოლის ვებსაიტზე (www.eapeuropeanschool.euგანაცხადის შეტანა 2022 წლის 16 დეკემბრიდან 2023 წლის 16 მარტამდე შეუძლიათ.
  2. წინასწარი შერჩევის ეტაპის გამარჯვებულმა კანდიდატებმა უნდა გაიარონ ორი წერილობითი ტესტი — მათემატიკასა და ინგლისურში. ტესტები ჩატარდება ინგლისურ ენაზე, ონლაინ პლატფორმის საშუალებით.
  3. წერილობითი ტესტების შედეგების საფუძველზე, კანდიდატები გაივლიან გასაუბრებას Zoom-ის საშუალებით.

გამარჯვებულებს არჩევს კვალიფიციური კომისია შეფასების ობიექტური და გამჭვირვალე მეთოდების გამოყენებით.

გასაუბრებისას კომისია უპირატესობას მიანიჭებს მოსწავლეთა მოტივაციას, მათ ღიაობას სხვა კულტურების მიმართ

და ევროპული საკითხებით დაინტერესებას.

განაცხადის შეტანის პროცესი უფასოა.

სკოლაში სწავლა ფასიანია?

არა. თუ კომისია შეგარჩევს, ორწლიანი სწავლებისთვის მიიღებ სრულ სტიპენდიას, რომელსაც ევროკავშირი უზრუნველყოფს. სტიპენდია ფარავს შენი სწავლების საფასურს, გადასახადებს, საცხოვრებელ და სკოლაში კვების ხარჯებს, თბილისიდან სახლში მგზავრობის ხარჯებს (ყოველწლიურად, წელიწადში ორჯერ არდადეგების პერიოდში), ყველა აუცილებელი სასწავლო მასალის და რესურსის ხარჯს (სწავლის პერიოდში გამოსაყენებელი წიგნების, ლეპტოპების და სმარტფონების ჩათვლით), ასევე სამედიცინო დაზღვევას. ასე რომ, თუკი აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპულ სკოლაში მიგიღეს, ორი სრული წლის განმავლობაში უფასოდ ისწავლი. ამასთან, შენი სტიპენდია ავტომატურად გაგრძელდება მეორე წელს — თუკი, რა თქმა უნდა, პირველ წელს წარმატებით დაასრულებ!

რა უპირატესობები აქვს საერთაშორისო ბაკალავრიატის (IB) დიპლომს?

თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს, საერთაშორისო ბაკალავრიატის დიპლომი ამ მიზნის მიღწევაში მნიშვნელოვნად დაგეხმარება. საერთაშორისო ბაკალავრიატის (IB) დიპლომს იღებენ 75 ქვეყნის 2,000-ზე მეტ უნივერსიტეტში და ის მსოფლიოს გარშემო კოლეჯების და უნივერსიტეტების მიერ ფართოდაა აღიარებული იმის გარანტად, რომ მისი მფლობელები უმაღლესი განათლებისთვის სათანადოდ არიან მომზადებულები.

თითოეულ უნივერსიტეტს დიპლომის აღიარების საკუთარი წესები აქვს. ზოგი უნივერსიტეტი აქტიურად რიცხავს საერთაშორისო ბაკალავრიატის დიპლომის მფლობელებს, ზოგი მიღების პროცესისას აღიარებს ამ დიპლომს ან დიპლომის ქულებს საკურსო კრედიტებადაც კი თვლის, ზოგიც საერთაშორისო ბაკალავრიატის კურსდამთავრებულებს სპეციალურ სტიპენდიებს სთავაზობს.

აღიარებენ თუ არა ამ საერთაშორისო ბაკალავრიატის დიპლომს ჩემი ქვეყნის უნივერსიტეტები?

საერთაშორისო ბაკალავრიატის დიპლომი სრულად არის აღიარებული საქართველოში და მიღებულია სომხეთში. საერთაშორისო ბაკალავრიატის სკოლები ასევე აკრედიტებულია აზერბაიჯანში და უკრაინაში, ხოლო რეგიონის რიგ უნივერსიტეტებს დაწესებული აქვთ ოფიციალური პოლიტიკა საერთაშორისო ბაკალავრიატის კურსდამთავრებულების მისაღებად.

ნებისმიერ შემთხვევაში, ყველა მოსწავლეს, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის სასტიპენდიო პროგრამას დაამთავრებს, შეუძლია წარადგინოს თავისი დიპლომი საკუთარი ქვეყნის შესაბამის ეროვნულ ორგანოებში ამ დიპლომის ოფიციალური ეროვნული ეკვივალენტის მისაღებად.

სად შემიძლია გავიგო მეტი სკოლის შესახებ?

შენ შეგიძლია ეწვიო სკოლის ვებსაიტს , სადაც იხილავ დეტალურ ინფორმაციას პროგრამის და მიღების პროცედურის თაობაზე. საერთაშორისო ბაკალავრიატის შესახებ მეტის გასაგებად, ეწვიე საერთაშორისო ბაკალავრიატის ვებსაიტს www.ibo.org, სადაც საერთაშორისო ბაკალავრიატის სტუდენტების უნივერსიტეტში მიღების შესახებაა ხელმისაწვდომი ინფორმაცია.

დაბოლოს, მოტივაციის მისაღებად, გაეცანი ექვსივე ქვეყნის მოსწავლეების პირად გამოცდილებებსა თუ მიღწევებს და შეიტყვე იმ შესაძლებლობების შესახებ, რომლებიც მათ ამ ყველაფრის საფუძველზე მოიპოვეს.

ჩასვით
The recommended iFrame size is 100% width and 750px height


ყველაზე წაკითხული


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,